Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული და უნგრული კანონები: ვინ და როგორ აკრძალა „ლგბტ პროპაგანდა“


უნგრელი დემონსტრანტი აპროტესტებს მთავრობის მიერ ჰომოსექსუალობისა და სქესის შეცვლის "პროპაგანდის" წინააღმდეგ წარდგენილ კანონპროექტს, ბუდაპეშტი, 2021 წლის 14 ივნისი
უნგრელი დემონსტრანტი აპროტესტებს მთავრობის მიერ ჰომოსექსუალობისა და სქესის შეცვლის "პროპაგანდის" წინააღმდეგ წარდგენილ კანონპროექტს, ბუდაპეშტი, 2021 წლის 14 ივნისი

„ქართულმა ოცნებამ“ 25 მარტს წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“ „ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან“. ცვლილებები ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებს ეხება. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა პიონერი სულაც არ არის.

თებერვლის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

25 მარტს მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა.

წარდგენისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გაიმეორა, რომ „ოცნების“ ამოცანა ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვნების დაცვაა.

„ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“, - თქვა ყოფილმა ორგზის პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2 მარტს.

მანვე, კვლავაც წყაროებსა და კონკრეტულ მაგალითებზე მიუთითებლად, დასძინა, რომ ევროპასა და ამერიკაში მიმდინარეობს „აღვირახსნილი პროპაგანდა“, „ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს“ და „ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, რომ შეიცვალოთო“.

ჟურნალისტების რეპლიკის პასუხად, რომ მისი ვაჟი აგვისტოდან აშშ-ში სწავლობს, ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს.

პიონერი აქაც რუსეთია

კრიტიკოსებს „ოცნების“ ახალი ინიციატივა უცხოეთის აგენტების შარშანდელ კანონპროექტს აგონებს, რომელიც მწვავე პროტესტის შემდეგ მმართველმა პარტიამ უკან გაიტანა.

ერთი შეხედვით, მსგავსება აშკარაა - „აგენტების კანონის“ მსგავსად, „ლგტბ პროპაგანდის“ შესახებ კანონპროექტი პირველად რუსეთსა და უნგრეთში მიიღეს.

ორივე შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მსგავსად, კანონის ავტორები აცხადებდნენ, რომ მათი ამოცანა ოჯახისა და არასრულწლოვნების დაცვა იყო.

ვლადიმირ პუტინმა 2013 წელს მოაწერა ხელი კანონს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ.

„ოცნების“ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც თუ მიიღეს, შემდეგ დეტალურად სხვა კანონებში გაიშლება, წერია, რომ კონსტიტუცია აკრძალავს ისეთ შეკრებებს ან იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელებას, რომელიც „ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

რუსული კანონი კრძალავს ჰომოსექსუალობის, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის თუ სხვა „არატრადიციული სექსუალური კავშირის“ შესახებ არასრულწლოვნებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

რუსული კანონის შედეგად, ცენზურა შეეხო ფილმებსა და რეკლამებს, არასრულწლოვნებს შეუზღუდეს წვდომა ონლაინინფორმაციასა და მენტალურ დახმარებაზე.

2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. გამონაკლისები არ არსებობს ხელოვნების, მეცნიერებისა თუ განათლებისთვის.

„პროპაგანდის“ ფართო განსაზღვრების შედეგად რუსეთში, ფაქტობრივად, სრულად აკრძალულია საჯარო სივრცეში ჰომოსექსუალობაზე დადებით ან თუნდაც ნეიტრალურ კონტექსტში საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი მსხვილი ფულადი ჯარიმაა.

გასული ათი წლის განმავლობაში, რუსეთის მთავრობამ ეს კანონი არაერთხელ გამოიყენა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და მედიის ცენზურისთვის.

მაგალითად, 2018 წელს რუსეთის მედიის ზედამხედველობის ორგანომ დახურა ვებგვერდი „პარნიპლუსი“, რომელიც ჰომოსექსუალებში აივ-ინფექციის ეპიდემიის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურებოდა.

მოსკოვის შიდსის ეროვნული ცენტრი რუსეთში ბოლო წლების აივ-ინფექციის ეპიდემიას „ეროვნულ კატასტროფას“ უწოდებს, წამყვანი ეპიდემიოლოგები კი ამას პირდაპირ უკავშირებენ „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონის შედეგად გამოწვეულ ინფორმაციულ დეფიციტს.

2023 წლის დეკემბერში კი, მას შემდეგ, რაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ლგბტქ+ აქტივიზმი "ექსტრემიზმად" სცნო, პოლიციამ რეიდები მოაწყო მოსკოვის კლუბში, საუნასა და ბარში, სადაც ლგბტქ+ წვეულებები იმართებოდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთში დაიხურა ლგბტქ+ კლუბებიც - მათი წარმომადგენლების თქმით, გამკაცრებული კანონმდებლობა მათთვის შეუძლებელს ხდიდა საქმიანობის გაგრძელებას.

შემდეგ კი იყო უნგრეთი

2021 წელს თავდაპირველი რუსული კანონის მსგავსი შეზღუდვა უნგრეთშიც შემოიღეს და აკრძალეს ჰომოსექსუალობისა და სქესის შეცვლის „პროპაგანდა“ არასრულწლოვნებში.

„არის მასალები, რომლებიც გარკვეულ ასაკს ქვემოთ ბავშვებმა შეიძლება არასწორად გაიგონ, რასაც არასახარბიელო შედეგი ექნება მათ განვითარებაზე, ან რაც შეიძლება, ბავშვებმა ვერ გადახარშონ და, შედეგად, მოხდეს მათი მორალური ღირებულებების განვითარების, საკუთარი თავის აღქმის ან მსოფლმხედველობის აღრევა“, - განმარტა მაშინ უნგრეთის მთავრობის სპიკერმა.

უნგრეთში თუ გამოფენაზე მიხვალთ, შეიძლება კორდონს წააწყდეთ, რომელიც გამცნობთ, რომ მის მიღმა გასვლა მხოლოდ სრულწლოვნებს შეუძლიათ.

თუ წიგნის მაღაზიაში შეხვალთ, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ზოგი წიგნი ცელოფანში იქნება გახვეული და დალუქული - დიდი ალბათობით, იქ სექსუალური უმცირესობების შესახებ იქნება საუბარი, რაც უნგრელმა ბავშვებმა არ უნდა ნახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყება ამ წიგნს მაღაზიიდან ამოიღებს.

წიგნები, რომლებშიც ჰომოსექსუალი პერსონაჟია, ცელოფანშია გახვეული, ბუდაპეშტი, 2023 წლის 11 ივლისი
წიგნები, რომლებშიც ჰომოსექსუალი პერსონაჟია, ცელოფანშია გახვეული, ბუდაპეშტი, 2023 წლის 11 ივლისი

გარდა ამისა, სატელევიზიო არხებს უწევთ, რომ გარკვეული გადაცემები და პროგრამები მხოლოდ გვიან გაუშვან, როცა, წესით, არასრულწლოვნები ტელევიზორს არ უნდა უყურებდნენ.

Amnesty International-ის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მწერლებს, სარეკლამო სააგენტოებსა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს კანონის ბუნდოვანი განმარტების გამო ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპაგანდად და რა - არა. ამის გამო, ანგარიშის მიხედვით, მედია და წიგნის მაღაზიები ხშირად თვითცენზურას მიმართავენ.

შეზღუდვების მიუხედავად, „იფსოსის“ 2023 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში, უნგრეთში გაიზარდა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების მომხრეთა რიცხვი - თუ 2015 წელს ასე მიიჩნევდა 54%, ახლა 67% ემხრობა ასეთ ცვლილებას.

არჩევნები და რეფერენდუმი

უნგრეთის და საქართველოს სიტუაციებს შორის კიდევ ერთი მსგავსებაა - როცა უნგრეთის მმართველი პარტია ამ ინიციატივით გამოდიოდა, საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა.

ანალოგიურად, წელს „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ეცდება ხელისუფლებაში დარჩენას.

უნგრეთის მთავრობის მსგავსად, „ოცნებაც“ თავიდანვე ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ ებრძვიან „ოპონენტები“ კანონპროექტს, რომელმაც, მათი თქმით, არასრულწლოვნები უნდა დაიცვას.

ამ მხრივ, საინტერესოა ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყნის, რუმინეთის მაგალითი.

რა მოხდა რუმინეთში?

2018 წელს ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის შეიძლება შედგეს, იმისდა მიუხედავად, რომ სხვა ვარიანტი დაშვებული არ ყოფილა.

კონსტიტუციის შესაცვლელად, რეფერენდუმი დაინიშნა. რუმინელებს მისვლისკენ მოუწოდებდა ყველა მსხვილი პარტია და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ამისდა მიუხედავად, რეფერენდუმი ჩავარდა - მასში მონაწილეობა მიიღო რუმინელი ამომრჩევლის მხოლოდ 20.4%-მა, მაშინ, როცა მინიმუმ 30%-ის მონაწილეობა იყო საჭირო.

რეფერენდუმის ინიციატორი, სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ლივიუ დრაგნეა ერთი წლის შემდეგ კორუფციის გამო დააპატიმრეს და 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც პოლიტიკიდან წავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG