აფხაზები რუსეთის მესაზღვრეების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ისინი უხეშები არიან და ყოველ გადასვლაზე, ფაქტობრივად, დაკითხვას უწყობენ.
თქვენ ვერ იგებთ, რომ მესაზღვრეებს აქვთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც კითხვები უნდა დასვან. თუ არ დასვეს, მათ მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეც აღძრან...ალექსეი დვინიანინი
დანიელ უბირია, თვითაღიარებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი:
„კი, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ როგორ ასრულებენ? არ მახსოვს, ჩანაწერების წიგნში ვინმეს კარგი რამე ჩაეწეროს, საჩივრები კი ბლომადაა“.
გაცნობით შეხვედრაზე, რომელიც სოხუმში თვითაღიარებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებსა და რუსეთის ახლად დანიშნულ ელჩ ალექსეი დვინიანინს შორის გაიმართა, ლამის ყველაზე აქტუალური თემა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტი იყო.
ალექსეი დვინიანინი: „თქვენ ვერ იგებთ, რომ მესაზღვრეებს აქვთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც კითხვები უნდა დასვან. თუ არ დასვეს, მათ მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეც აღძრან. ამიტომ გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ეს სუბიექტური მიდგომაა მესაზღვრეების მხრიდან“.
დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა წერდა:
„მესაზღვრემ რუდუნებით შეისწავლა ჩემი რუსული საშინაო პასპორტი, მოსკოვში ჩაწერით. კომპიუტერზე რაღაცას კრეფდა. დოკუმენტი აპარატში გაატარა. გადაფურცლა, ეჭვით დახედა ჩემს ფოტოსურათს, შემდეგ კი მკაცრად მიბრძანა: „მიყურეთ!“ და ისევ განაგრძო ფოტოსა და ჩემი ფიზიონომიის ერთმანეთთან შედარება. ამის მერე თქვა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თქვენ ხართ! რა მიზნით მიდიხართ აფხაზეთში?“ ჩემს პასპორტში ჩემი აფხაზური გვარი და დაბადების ადგილი - აფხაზეთი - გარკვევით წერია. რატომ უნდა ვუხსნიდე, რისთვის მივდივარ სამშობლოში? უფროსს დავუძახე. ის მოვიდა და რაღაცის დაზუსტება დაიწყო, თან ჩემ მიღმა იყურებოდა. სადღაც 10 წუთი ვიდექი. რაღაცას ჯიუტად არკვევდა კომპიუტერში და შემდეგ აშკარად დანანებით დამიბრუნა პასპორტი. არც შემოუხედავს, ისე მითხრა, შეგიძლია წახვიდეო. ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკი არც იყო. ალბათ,ისევ მე უნდა ვყოფილიყავი მადლობელი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გამიშვეს“.
„და ეს ყველაფერი, უხეშად, ცივად, ყოველგვარი ადამიანური გრძნობების გარეშე“, - წერდა ჩირიკბა სოციალურ ქსელში და ადარებდა იმას, თუ როგორ მუშაობენ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე: „ჰო შეუძლიათ, როცა უნდათ?! თუმცა განა აფხაზეთი უფრო მეგობრული ქვეყანა არ არის, ვიდრე ფინეთი?“
კომენტარებში გამოითქვა აზრი, რომ ეს საზღვარი არსებული სახით უნდა გაუქმდეს და მოეწყოს ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის მოწყობილი ან როგორც რუსეთსა და ბელორუსს შორის. მაგრამ სხვა შეეწინააღმდეგა: „სანამ ჩვენთან ყოველ მეორეს სახლში ავტომატი, ყუმბართმტყორცნი და ა.შ. უდევს, საზღვარი ჩარაზული იქნება“.
ჟურნალისტი ვიტალი შარია აღწერს სიტუაციას, რომელსაც თავადვე შეესწრო: „სარკმლიდან გადმოწეული მესაზღვრე დიდხანს დაკითხავდა ხუთი წლის გოგონას, რომელიც დედასთან ერთად იდგა. ერთმანეთს წვეთი წყალივით ჰგავდნენ: „რა გქვია? რა გვარის ხარ? რამდენი წლის ხარ? როდის არის შენი დაბადების დღე? დედის სახელი?“ გოგონა დაუბრკოლებლად პასუხობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ყველა ბავშვმა ხომ არ იცის ამ ასაკში? რამე რომ დავიწყებოდა? შეიძლება სწორი არა ვარ, მაგრამ შეკითხვების გაუთავებელ ნაკადს რომ ვუსმენდი, ერთი ანდაზა გამახსენდა: „აბა, აიძულე შტერი, ილოცოს“.
თვითაღიარებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ მისთვის ნონსენსია ის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯერაც არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი სასაზღვრო ხაზის შესახებ.
„პროექტი აფხაზეთის მთავრობას ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გადავეცით. ვერ გამიგია, რა პრობლემაა? ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხები ავტომატურად უნდა გადაიჭრას. ვთხოვ საზოგადოებრივ პალატას, შუამდგომლობა გაუწიოს ამ საკითხის მოგვარებას. თქვენ მომმართავთ რაღაც კითხვებით და პრობლემებით საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, მაშინ როცა საბაზისო დოკუმენტებზე არ გვაქვს ხელი მოწერილი“, - ამბობს ალექსეი დვინიანინი.
მომზადებულია „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ვიტალი შარიას სტატიის მიხედვით.