Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24 საათი საარჩევნო უბნების გახსნამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ოქტომბერს


2 ოქტომბრის არჩევნების 3 განსხვავება

2 ოქტომბრის არჩევნებს დასავლეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. ერთი შეხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დემოკრატიულობის ტესტად იქცა. საერთაშორისო პარტნიორების თქმით, შაბათს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული არჩევანის დადასტურებაც მოუწევს. ოპოზიციისთვის კი ამ არჩევნებს დიდი ხანია რეფერენდუმის ეფექტი აქვს.

ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ ხვალ რიგითი არჩევნებია მერებისა და საკრებულოს წევრების ასარჩევად.

აი, რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ არჩევნებს განსაკუთრებულს ხდის:

  • წინა წლების თვითმმართველობის არჩევნებისგან 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეების უპრეცედენტო სიმრავლით განსხვავდება.
  • 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები პირველი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების ცვლილების პერსპექტივა პირდაპირ დაუკავშირდა.
  • 8-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოდან დევნილმა მესამე პრეზიდენტმა სამშობლოში დასაბრუნებლად სწორედ 2 ოქტომბერი, არჩევნების დღე შეარჩია.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საპატრიარქოს მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტური - საპრეზიდენტო არჩევნები "საიდუმლო დოკუმენტებში"

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ყურადღებით სწავლობდა სასულიერო პირების პოლიტიკურ განწყობებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვისაც მიმართავდა ამომრჩევლის მობილიზების თხოვნით.

„საიდუმლო ფაილებში” იძებნება არაერთი დოკუმენტი, რომელშიც განიხილება პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობის კავშირი საპატრიარქოსა და სასულიერო პირების განწყობასთან.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეკლესია ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. სასულიერო პირების უკმაყოფილების მიზეზი რამდენიმეა:

  • ანტიდისკრიმინაციული კანონი;
  • კანონპროექტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ;
  • ხელისუფლების მიერ სავარაუდო თვალთვალი სასულიერო პირებზე;
  • მედია, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი;
  • სასულიერო პირების ნაწილს არ მოსწონს კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი - აქვთ ეჭვი, რომ ის საფრანგეთში ყოფნისას „რუსეთის აგენტი” იყო მეუღლესთან, ჯანრი კაშიასთან ერთად. ეჭვქვეშ აყენებენ მის მორალურ პრინციპებსაც.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

რა ემუქრება „ფორმულას“?

ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი ამბობს, რომ არხზე წინასაარჩევნოდ იერიში მიიტანა ხელისუფლებამ. „ფორმულას“ დირექტორი და წილების მფლობელი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ ამის მიზეზია მათი დაკვეთით ჩატარებული „ედისონ რისერჩის“ კვლევები.

რა ფორმის იერიშზეა საუბარი?

7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, ყოფილი თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. 30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოში შეაქვს სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. კეზერაშვილი „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელია, მასზე ყადაღის დადების შემთხვევაში კი მაუწყებლობას პრობლემები შეექმნება.

გუშინ თავდაცვის სამინისტრომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, უარყო ყადაღის მოთხოვნის ფაქტი. თუმცა საქმის გააქტიურება წინასაარჩევნოდ კითხვებს მაინც აჩენს.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კეზერაშვილის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოტივაციო წერილის გარეშე საეჭვოა. ომბუდსმენი აპირებს, რომ ამ საქმით დაინტერესდეს.

გუშინ გავრცელდა დავით კეზერაშვილის განცხადებაც: „მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის!

დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც! ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან!“ - აცხადებს კეზერაშვილი.

წაიკითხე მეტი.

„ოცნებას“ საარჩევნოდ ისევ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აფინანსებენ

„ქართული ოცნების“ შემომწირველები იმ კომპანიებთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც 2021 წელს ტენდერებს იგებდნენ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსების საკითხებს სწავლობს, მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

საანგარიშო პერიოდი 2 აგვისტოდან 12 სექტემბერს მოიცავს. იკვლიეს ისეთი 13 პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას 2.5-ჯერ აღემატება. კერძოდ, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე 13-მა პარტიამ 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 70% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - 777 721 ლარი, მესამეზე კი „გახარია - საქართველოსთვის“ - 758 701 ლარი.

წაიკითხე მეტი.

უკანონო პატიმრობის ერთი წელი - ვინ და როგორ გაათავისუფლებს ირაკლი ბებუას?

„დედა, როგორ ხართ? ჩემზე არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ... და ტელეფონი ითიშება“, - ასე იხსენებს ირაკლი ბებუას დედა, ლალი ფიფია, შვილთან სატელეფონო ლაპარაკს, რომელიც ერთი წელია არ უნახავს. ერთი წელია არ გაუგია მისი ხმაც. ლალი ფიფიას ერთადერთი შვილი, 28 წლის ირაკლი, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების სტრატეგია ერთი წლის თავზე, მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებების მიუხედავად, ირაკლის გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

„ქმედითი ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები, სად არის ეს ქმედითი ნაბიჯები?“ - ირაკლი ბებუას ბიძა, ელგუჯა ბებუა უკვე ორი თვეა, ირაკლის დედასთან ერთად ითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. „თუმცა, ამ შეხვედრას არა და არ დაადგა საშველი“, - გვეუბნება ირაკლის ბიძა. ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ 30 სექტემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას დღემდე არ აქვს მისი გათავისუფლების კონკრეტული გეგმა.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის კანონს, რომელიც ფედერალურ უწყებებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს

აშშ-ის სენატი 30 სექტემბერს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ე.წ. მთავრობის „შატდაუნი“ - ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება.

დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება „განგრძობითი რეზოლუციის“ შესახებ, რათა არ შეჩერდეს ფედერალური უწყებების მუშაობა. მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება 30 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის საფინანსო წლის ბოლო დღეს.

სენატის დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც მთავრობას 3 დეკემბრამდე მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად გააკეთებს იმასვე.

წაიკითხე მეტი.

ლხინი ომში კრამიტით

საქართველოში, ეპიდემიისა და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მისცემია ლხინს და ღვინის სმას ჭიქით, ყანწით ან სულაც კრამიტით. არადა, ქვეყანა ომში იმყოფება, ვირუსთან ომში! თუმცა ვინ თქვა, რომ ომი და ლხინი ერთმანეთს გამორიცხავენ? შალვა ამირეჯიბი - მწერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, პირველი რესპუბლიკის წლებს სწორედ ამ ორი სიტყვით - ომითა და ლხინით - აღწერს.

„სამი წელი გამუდმებით ომში ვიყავით. აქედან იყო ეს გამუდმებული ლხინიც, თანამავალი ყველა ომების, ჯერ კიდევ ჰომეროსის დროიდგან“, - წერს ის მოგონებების ერთ-ერთ ფრაგმენტში.

საქართველოს პირველ რესპუბლიკას მართლაც გამუდმებულ ომებში უწევდა ყოფნა. შალვა ამირეჯიბი ამ „გამუდმებული ომებიდან“ გამოყოფს ოსმალეთთან ომს, ახალციხის ოპერაციებს, სომხეთთან ომს, გლეხების აჯანყებას („ხან აქ და ხან იქ“-ო), გაგრის ფრონტს, ოსების განდგომას, ტერორს ქართლში, მთელი რიგი მაზრების კანონგარეშედ დაყენებას და მიწის კანონს („რომელიც ქვეყანაზე თავდასხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფო რეფორმას“) – „ყოველივე ამან ისეთი შთაბეჭდილება დასტოვეს ჩემზედ, თითქოს ამ სამი წლის განმავლობაში გამუდმებულ ომში ვიყავითო“, ამბობს შალვა ამირეჯიბი, რომელიც იქვე, ემიგრაციაში დაწერილ მოგონებებში, იხსენებს გამუდმებული ლხინის მაგალითებიდან ერთს, ბანკეტს ქართულ კლუბში, სადაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა გერმანული და ავსტრიული მისიების წარმომადგენლებს.

ომისა და ლხინის ნამდვილი ამბები წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ცოტა ხნის წინ, ქვებით აწყობილ ნაგებობაზე მოგიყევით, რომელიც კუს ტბის ახლოს, ზედ კლდოვან მთის ფერდს მიჰყვება - კონსტრუქცია მთლიანად ქვების ბალანსირებით არის აწყობილი. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამი თვეა მას პროფესიით არქიტექტორი, ვლადიმერ (ვოვა) გოვაზოვი აკეთებს.

სანამ ვლადიმერი ქვების ბალანსირებისათვის ამ ადგილს აირჩევდა, ამ ადგილის ახლოს, პირველი ქვა ანზორ თხილაიშვილმა დადო, კუს ტბის კიდევ ერთმა მოყვარულმა, მან ფერდობზე ქვებისგან გადასახედი და პატარა სალოცავი მოაწყო. კუს ტბის ბილიკებზე მოსეირნე ადამიანები ხშირად ხედავენ ხოლმე როგორ იქმნება ქვებისგან ახალი ფიგურა, დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ხმაურიან თბილისს გადაჰყურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG