Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის მოწოდება „ეროვნული შერიგებისკენ“ და შეფასებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 დეკემბერს


„ქართული ოცნების“ ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ვითარებიდან გამოსავალი „ეროვნულ შერიგებაშია“, გუშინ „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. ისინი ამ ინიციატივას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება“, რის „ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ“.

„მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც, ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული შერიგებაც უნდა შედგეს და თაობაც შეიცვალოს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება "შერიგების ფორმატში" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

შერიგების იდეას პესიმისტურად უყურებს ზოგიერთი ლიდერი ოპოზიციიდან. მაგალითად, გიგი უგულავასთვის შერიგების იდეა გაუგებარია და ამბობს, რომ შერიგება ვერ იქნება კოლექტიური, ვერც ინდივიდუალურად დააძალებენ ვინმეს შერიგებას. მისი თქმით, ის რაც ქვეყანას სჭირდება, საყოველთაო ამნისტიაა.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის, განვითარებისთვის! მომავლისთვის კი ამ ქვეყანას სჭირდება ფართო, პოლიტიკური ამნისტია, ანუ ე.წ. მილენიუმის აქტი, რომელიც 2000 წლიდან დღემდე პერიოდზე ვრცელდება და სამივე ეპოქას მოიცავს“, - წერს უგულავა.

წაიკითხე მეტი.

„ამ პრეპარატს ნების გასატეხადაც იყენებენ“ - რას არქმევს სააკაშვილის „ფარმაკოლოგიურ წამებას“ მარიამ ჯიშკარიანი?

ფსიქიატრმა მარიამ ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ფარმაკოლოგიური წამება“. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაუნიშნეს ანტიფსიქოზური მედიკამენტი, რომელიც მას არ სჭირდებოდა.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ შეძლებდა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას, ამ მედიკამენტის მიღება რომ არ შეეწყვიტა ფსიქიატრების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილს ეს მედიკამენტი პირველად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მისცეს უძილობასთან გასამკლავებლად.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ პრეპარატი რომელსაც სააკაშვილი იღებდა, შესაძლებელია ასევე გამოყენებული იქნეს ადამიანის „ნების გასატეხად“, პიროვნული დამორჩილებისთვის.

„საბჭოთა კავშირის დროს, დისიდენტების შემთხვევაშიც ხშირად იყენებდნენ ამ პრეპარატებს, რომ ფსიქიკურ ავადმყოფებად გამოეცხადებინათ. აქაც ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, თუ გავიხსენებთ ირაკლი კობახიძის ან პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. ერთ გადაცემაში, სხვათა შორის, ასეთი უადგილო შეკითხვაც დამისვეს, ხონში, ფსიქიატრიულში ხომ არ იყო გადასაყვანიო? ეს არის ადამიანის მარგინალიზაციის და სტიგმატიზაციის მცდელობა - ეს პროცესი მიდიოდა და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით მას. გვაინტერესებდა, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. და ბოლოს, როცა ჩვენ შევედით სააკაშვილთან, ორი ფსიქიატრი, ორი ნევროლოგი და ერთი ფსიქოლოგი, უკვე მისი მდგომარეობა კომისიურად შეფასდა“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან, ეკა ქევანიშვილთან ინტერვიუში ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი ჰყვება, როდის და რატომ დაეჭვდნენ პირველად ექიმები, როგორ მდგომარეობაში დახვდათ მათ მიხეილ სააკაშვილი, რა შემთხვევაში ინიშნება ეს პრეპარატი, რა თქვეს გორის ჰოსპიტლის ექიმებმა და თავად სააკაშვილმა.

წაიკითხე მეტი აქ.

პუტინისა და ბაიდენის ვიდეოზარი უკრაინის თემას დაეთმო

ორ საათს გაგრძელდა პუტინ-ბაიდენის შეხვედრა, რომელიც ამჯერად დისტანციურად, დაცული ვირტუალური კავშირით წარიმართა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ, თუმცა თეთრ სახლზე დაყრდნობით საუბარი შეეხებოდა უკრაინაში ვითარების ესკალაციას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების სახელით უკრაინის ირგვლივ რუსული ძალების ესკალაციის გამო. მან ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები პასუხს გასცემენ მას მკაცრი ეკონომიკური და სხვა საშუალებებით, თუკი სამხედრო დაპირისპირება მოხდება“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ძალადობრივი, პრორუსული გაერთიანება "ალტ-ინფოს" პოლიტიკური პარტია -"კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება 7 დეკემბრით არის დათარიღებული. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი - გიორგი ქარდავა.

სააგენტომ 25 ნოემბერს პარტიის წევრების მიერ წარდგენილი განაცხადი დაახარვეზა და 10 დღის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორ "ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს. 5 ივლისს ქუჩაში გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეთა ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები, ამ დრომდე დაუსჯელი არიან.

წაიკითხე მეტი.

ლიეტუვამ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა ბელარუსის საზღვარზე და მიგრანტთა ბანაკებში

ლიეტუველმა კანონმდებლებმა გააგრძელეს საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ბელარუსის საზღვარზე და ბანაკებში, სადაც იმყოფებიან ბელარუსიდან ჩასული მიგრანტები, რათა ხელი შეუშალონ ბლოკის აღმოსავლეთ საზღვრებიდან მიგრანტთა შედინებას.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაამტკიცა ლიეტუვის პარლამენტმა, სეიმმა. ეს ზომა 14 იანვრამდე იქნება ძალაში საზღვართან 10-კილომეტრიან ზონასა და მიგრანტთა ბანაკებში.

საგანგებო ვითარების მიზანია „ხელი შეუშალოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლო პროვოკაციებს“, განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დასავლეთსა და ბელარუსს შორის მწვავე დაპირისპირებაა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობის გამო. ევროკავშირის თქმით, ბელარუსი ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილ მიგრანტებს „იარაღად იყენებს“ სანქციებისთვის სამაგიეროს გადასახდელად და მათ ეხმარება ევროკავშირის წევრი ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის ტერიტორიებზე გადასვლაში.

წაიკითხე მეტი.

„ალბათ ასე იყო, ალბათ ისე იყო...“ - გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, „ნეტფლიქსის“ არგუმენტები სუსტია

საქმეზე „ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ“ კალიფორნიის სასამართლომ სხდომა 2022 წლის 24 იანვრისთვის დანიშნა. მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა. ნონა გაფრინდაშვილი შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი, იურისტი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტფლიქსმა“ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, კომპანიის წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელი და სუსტია, ამიტომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დავა გამოიწვია სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულმა ფრაზამ, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს შეეხებოდა. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1950-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომლის პროტოტიპი სავარაუდოდ გარი კასპაროვია. პარტიის დასაწყისში კადრში ჩნდება ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი, ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს: „ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.

წაიკითხე მეტი.

შრომის ინსპექციამ დალუქა და 10 000 ლარით დააჯარიმა თბილისის ღამის კლუბი "ხიდი". ეს ქმედება იმით აიხსნა, რომ 3-4 დეკემბერს აქ "აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოვლინდა". სოფო ებრალიძე, "ხიდის" მენეჯერი ამბობს, რომ ღამის კლუბი არ აპირებს დანებებას და ჰპირდება თავის კლიენტებს, რომ "ხიდის" მესვეურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კლუბი უახლოეს ხანში ისევ გაიხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG