Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემსახურება შეთანხმება COVID-9-ის საგანგაშო რისკების ფონზე


კორონავირუსის დამღუპველი საფრთხეების მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა გაჯიუტებული საპატრიარქო; ხელისუფლება არ გაუფრთხილდა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, - ასე ფიქრობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები. მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც პატიოსნად ემორჩილება მოწოდებას „დარჩი სახლში“ და მედიკოსებისგან საგანგაშო სიგნალებს ისმენს.

რა და რის ხარჯზე დაუთმო ხელისუფლებამ საპატრიარქოს? რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? არის ეს სისუსტე თუ მერკანტილური გათვლა არჩევნებისთვის? ვის მოეთხოვება პასუხი, თუკი საქართველო იტალიის ბედს გაიზიარებს?

ვისთვის (არ) არის კანონი?

ეკლესია აღდგომის ღამის ხალხმრავლობისთვის ემზადება - ახლა ეს უკვე ხელისუფლებასთან სრულად არის შეთანხმებული. საპატრიარქომ მიიღო ყველაფერი, რასაც ითხოვდა - სააღდგომო ღვთისმსახურება ტრადიციულად ჩატარდება.

15 აპრილის შეთანხმებით, მცირედი გამონაკლისი შეეხო მხოლოდ კომენდანტის საათს - ყველაფერი სხვა ისევ ძველებურად დარჩა. მართალია, მთავრობის წარმომადგენელი კიდევ ერთ მცირედ აკრძალვაზეც ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ - ეს საკითხი სულ სხვაგვარად გაახმაურა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

  • შეთანხმდა, რომ კომენდანტის საათის გამო, მრევლი ეკლესიებში საღამოს 9 საათამდე მივა, იქ დარჩება გათენების 6 საათამდე და ვეღარ წავა შინ;
  • პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა 15 აპრილს თქვა, რომ - აღდგომის ღამეს მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ ეკლესიის მსახურები და სასულიერო პირები;
  • საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კი, სულ ოდნავ მოგვიანებით თქვა, რომ - „პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს მაქსიმალურად ეზოში“.

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია ბევრი შეკითხვა და, მაგალითად - სად უნდა წავიდეს პატარა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ხალხი, თუკი მოულოდნელად წვიმა მოვიდა, მათ კი არც ეკლესიაში შესვლის უფლება აქვთ და არც - სახლში წასვლის.

საპატრიარქომ გადაწყვიტა და 15 აპრილს განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს კანონს, და ისიც ნაწილობრივ, მხოლოდ კომენდანტის საათის ჭრილში დაიცავს.

  • საპატრიარქო ამ დრომდე არ აღიარებდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ აკრძალვას, როცა მაგალითად - 3 კაცზე მეტი პირის შეკრება 3-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
  • მაშინ როცა ბევრი მოქალაქე ჯარიმდება, მეთვალყურეებისთვის აშკარაა, რომ სახელმწიფო თვალს ხუჭავს ტაძრებსა თუ ეზოებში გამოვლენილ დარღვევებზე.

საზოგადოების კანონმორჩილი ნაწილი, რომელიც თავიდანვე ყურადღებით იცავს ყველა რეკომენდაციას და სახლშიც რჩება, გაღიზიანებას ვერ მალავს და ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში.

შერჩევითი მიდგომებისა და სახიფათო ხალხმრავლობის დაშვებისთვის ადამიანები მწვავედ აკრიტიკებენ ხელისუფლებას. მწვავე გამონათქვამები მიმართულია ასევე საპატრიარქოსკენ, რომელიც არ ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების საგანგაშო სიგნალებს და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისგან განსხვავებით, ჯიუტად ატარებს ხალხმრავალ ღვთისმსახურებას.

მთავრობის სახელზე გავრცელდა ელექტრონული პეტიციაც - ხელმომწერები მოითხოვენ, რომ აღდგომის ღამეს, საზეიმო წირვის შემდეგ, მრევლი სამართალდამცველებმა გადაიყვანონ ორკვირიან კარანტინში - „ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში“.

16 აპრილის 22:00 საათისთვის ხელმომწერთა რიცხვი 3000-ზე მეტია.

იურისტები, უფლებადამცველები თუ პოლიტიკოსები ხშირად ახსენებენ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელზე დაყრდნობითაც ხელისუფლებას, პანდემიის მძიმე ფონის გათვალისწინებით, საქართველოს ყველა მოქალაქის ერთ სამართლებრივ სივრცეში მოქცევა შეეძლო.

კონსტიტუციის ეს მუხლი გვეუბნება:

1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

15 აპრილის შეთანხმების შესახებ საგანგებო განცხადებები აღარ გაუკეთებიათ არც მთავრობის და არც ეკლესიის პირველ პირებს.

16 აპრილს, ღამის 9 საათისთვის, პრემიერის მრჩეველმა. ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა პირბადეების ტარებასა და ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვები. შესაძლოა გარკვეული დისკომფორტი შექმნას, მაგრამ ეს შეზღუდვები ხელს ვერ შეუშლის 15 აპრილის შეთანხმების აღსრულებას.

მრევლი როგორც ამომრჩეველი?

ხელისუფლებამ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა, - ასე ფიქრობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები. მათი პოზიციით, „ქართული ოცნება“ მომავალი არჩევნებისთვის იჭერს თადარიგს და ამიტომ - საპატრიარქოს განაწყენებას ერიდება.

„ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, რადგან ამ პოზიციას მნიშვნელობა აქვს მომავალი არჩევნებისთვის. აღმოჩნდა, რომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას მეორადი მნიშვნელობა ენიჭება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგთან შედარებით“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები თვლიან, რომ მძიმე შედეგებზე ძირითადი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, ხოლო საპატრიარქოს დიდი მორალური ტვირთის ტარება მოუწევს.

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმებას „სამარცხვინო ამბავს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი გიგა ბოკერია. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ამ დათმობებით რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ასევე გრძელდება სახელმწიფოს საფუძვლების რყევა და სამართლიანობის, თანასწორობისა და კონსტიტუციის პრინციპების რღვევა.

გაჯიუტებული საპატრიარქო თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, ხოლო უუნარო ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის იქმნის საფუძველს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა.

„ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნები ადარდებს და სწორედ არჩევნებისთვის სჭირდება ზოგიერთი მღვდელმთავარი, რომელიც დაკავებულია ბიზნესითა და საარჩევნო პოლიტიკური საკითხებით... ამიტომ არავის ადარდებს სახელმწიფო ინტერესები და ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - ამბობს გუგავა.

საპატრიარქოს მხარდაჭერის საჭიროება ყველაზე მკვეთრად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე გამოიკვეთა. მაშინ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობდა.

  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ არჩევნების მეორე ტურის წინ წავიდა რეალურ დათმობაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივასთან - კანაფის კულტივაციასთან მიმართებით;
  • პირველი ტურის არასახარბიელო შედეგების შემდეგ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე და მაშინდელი შს მინისტრი - გიორგი გახარია თავად მივიდნენ კანაფის თემით ძალიან განაწყენებულ საპატრიარქოში;
  • პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პარლამენტიდან კანონპროექტს აუცილებლად გამოიწვევენ.

2019 წლის შემოდგომაზე კი, საზოგადოებამ მოისმინა იმხანად ჯერ ისევ პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მუქარაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მუქარა შეეხებოდა 2020 წლის არჩევნებს - ასე თუ გააგრძელეს, ესენი ხმებს ვერ მიიღებენო.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენების მიზნით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ ჯგუფის შემადგენლობაში მან იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარიაც დაასახელა. გახარიამ მეუფე იაკობის სიტყვებს „სისულელე“ უწოდა.

თავიდან ალკოჰოლს დაბრალდა, მაგრამ 26 ოქტომბერს ნათქვამი სიტყვები მხოლოდ სიმთვრალის ბრალი რომ არ იყო, ეს მალევე გამოჩნდა. 28 ოქტომბერს, საპატრიარქოში მისვლისას მეუფემ თქვა - „ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“.

მართალია, მეუფე იაკობი მას შემდეგ მცირედით დაისაჯა და პატრიარქის ქორეპისკოპოსობის დათმობაც მოუხდა, მაგრამ კვლავ გავლენიან მეუფედ რჩება.

საინტერესოა, რომ მას მანამდეც მიზანში ჰყავდა ამოღებული გიორგი გახარია, „მოსკოვის კაცსაც“ უწოდებდა და მის გაპრემიერებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა - „თუ გახარია პრემიერი გახდება, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემები ექნება“.

სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხეები

მეუფე იაკობი ამჯერად პაატა იმნაძის სიტყვებმაც გაანაწყენა.

„ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ჯობია იმან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი ის გვყავს რა... - დაინფიცირებული“, - ასეთი იყო მისი პასუხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის კომენტარზე, რომ თუ ადამიანები, მათ შორის - აღდგომის ღამეს შინ არ დარჩებიან, საქართველო კორონავირუსის აფეთქებას ვერ გადაურჩება.

მეუფემ იქვე დააკონკრეტა ეჭვები, რომ: საქართველოში ტესტირებები არ ტარდება, რეალურად მეტი ინფიცირებულია და ახლა ეკლესიისკენ ხდება ხელის გაშვერა.

თუკი ჩვენ არ დავრჩებით სახლში, საქართველო შესაძლოა დაემსგავსოს იტალიას და რამდენიმე კვირაში კუბოების დათვლაც გაგვიჭირდეს, - პაატა იმნაძის საგანგაშო, ემოციური განცხადებები საზოგადოებამ 15 აპრილს, „1 არხის” ეთერში მოისმინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გარკვევით თქვა, რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშეა როგორც მთელი ერი, ასევე ეკლესია და ვისაც ეკლესიის გადარჩენა უნდა, აღდგომის ღამეს შინ უნდა დარჩეს.

მოსალოდნელი საფრთხე და ამ საფრთხის სწორედ აღდგომის ღამის ხალხმრავლობის პირობებში გადადების რისკი იმდენად მაღალია, რომ 16 აპრილს ხალხს ეკლესიებში არწასვლისკენ მრევლს ღიად მოუწოდა დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.

იტალიის მსგავსი ვითარების საქართველოში განმეორების საფრთხე 16 აპრილს ასევე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახსენა. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებას „ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა“ აქვს და „გარკვეული წინამძღვრები უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში“.

როგორც ადრე პრემიერმა გახარიამაც აღნიშნა - მინისტრმა ტიკარაძემაც ფაქტობრივად იგივე სულისკვეთება გაიმეორა - საეკლესიო რიტუალებთან მიმართებით ყველაფერი მაინც ადამიანების შეგნებასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი 2 დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად და ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს მრევლს და, რა თქმა უნდა - ეკლესიასაც... მე არ გამოვრიცხავ, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინრეჟიმში წირვა...

თუ საქართველოში არ მოხდება ყველა იმ მითითების მკაცრი დაცვა, რა თქმა უნდა, საქართველოც გახდება მეორე იტალია“.

სახიფათო ზღვარი რომ ძალიან ახლოს არის და საფრთხე რომ რეალურია, ამის შესახებ 16 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალი კლინიკების ხელმძღვანელებმაც ილაპარაკეს.

მაგრამ ასეთ საფრთხეს სასულიერო პირებიდან ცოტა თუ ვინმე აცნობიერებს. განსაკუთრებული პოზიციებით ამ მხრივ გამოირჩევა წმინდა სინოდის ორი წევრი: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG