Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: „სასტუმრო „ველმონდის“ გაფრთხილება არ გადაიხედება“


სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“)
სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“)

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მენეჯმენტმა საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არ გადაიხედება არც გადაწყვეტილება და არც მისი აღსრულების ბოლო ვადა:

„სასტუმროს ადმინისტრაციას რამდენჯერმე ჰქონდა მიცემული გონივრული ვადა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვისთვის, რომელიც არ შესრულდა. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია: ხვალ, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს სტუმრების გამოყვანა შენობიდან და საქმიანობის შეჩერება. სტუმრების გამოყვანის აუცილებლობის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაცია გაფრთხილებული იყო ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებამდე“, - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ კარგად იცის, რომ ჩვენ მათ რეკომენდაციებს შევასრულებთ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ. 44-დან დარჩენილი გვაქვს 14 პუნქტი, 30 კი წარმატებით შევასრულეთ.
ალპერ პინერი

სამსახურმა გაფრთხილება 15 აგვისტოს გაავრცელა: „სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც, ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც, ხანძრის შემთხვევაში, ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა“.

სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“)
სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“)

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი წააგო. სასტუმროს მენეჯმენტი კი აცხადებს, რომ დღეს სასტუმროს 200-მდე ნომერი მთლიანად დაკავებულია, სადაც 400-მდე სტუმარი ცხოვრობს, სასტუმროს ნომრები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე სრულადაა დაჯავშნილი.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სასტუმროში მცხოვრები 30-ზე მეტი გამოკითხული დამსვენებლიდან არავინ არაფერი იცოდა, სასტუმრო „ველმონდში“ არსებული პრობლემების შესახებ, არც იმის შესახებ, რომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასული წლის ნოემბერში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროს მენეჯმენტი კი ირწმუნება, რომ საკითხის შესახებ ყველა სტუმარი გაფრთხილებულია სააგენტოს მეშვეობით, რომელთანაც სასტუმრო თანამშრომლობს. სასტუმრო „ველმონდის“ გენერალურმა დირექტორმა ალპერ პინერმა განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხის დადებითად გადაჭრის იმედი აქვთ:

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ კარგად იცის, რომ ჩვენ მათ რეკომენდაციებს შევასრულებთ სახანძრო უსაფრთხოების შესახებ. 44-დან დარჩენილი გვაქვს 14 პუნქტი, 30 კი წარმატებით შევასრულეთ“.

ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. მას შემდეგ სასტუმრომ მუშაობა განაახლა 2018 წლის მაისში ახალი სახელით – „ველმონდი“. სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე გამოძიებამ ორი თანამშრომელი დააკავა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG