Accessibility links

სად ავიშენოთ საპყრობილე?!


პატიმარი, როგორც ინფექცია და ხორცმეტი ჯანმრთელ სხეულზე, მოკვეთილი და იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებიდან, მაგრამ მოქალაქეების სიმშვიდისთვის მხოლოდ იზოლაცია არ კმარა! პატიმარი, რაც შეიძლება შორს უნდა იყოს საზოგადოებისგან, სასჯელს უნდა იხდიდეს რთულად მისადგომ კუნძულზე, უღრან ტყეში ან სადმე უკაცრიელ ადგილზე აშენებულ საპყრობილეში, რათა, გარდა იმისა, რომ მინიმალური იყოს პატიმრების მავნე ზეგავლენა საზოგადოების დანარჩენ წევრებზე, ასევე სათანადო ტანჯვა განიცადონ როგორც თვითონ პატიმრებმა, ასევე პატიმართა ოჯახის წევრებმაც, რომლებსაც სასურველ პაემნებამდე უამრავი წინაღობის დაძლევა და დამცირების გადატანა მოუწევთ... - დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვთ პატიმრებისა და პატიმრობისადმი ტოტალიტარულ ქვეყნებში, ასეთი მიდგომა იყო საბჭოთა კავშირშიც, რომლის ნაწილი ჩვენც ვიყავით და, სადაც რთული კლიმატური პირობები და ცივილიზაციისაგან მოწყვეტა, ასევე იყო სასჯელის ნაწილი. ჰერტა მიულერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ქალი, თავის და მილიონობით საბჭოთა ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით, წერდა: „საპატიმროებსა და ბანაკებში ბუნების ფენომენს ადამიანების საწამებლად იყენებენ. პოლარულმა წრემ და უდაბნომ, ყინვამ და სიცხემ შეიძლება მოგკლას, მათი წამების იარაღად გამოყებებაც შეიძლება ადამიანების განადგურების მიზნით“.

ცხადია, ამ წესიდან გამონაკლისი არც რუსთავი იყო და „შრომა-გასწორების კოლონიებისთვის“ ეს ადგილი სწორედ იმის გამო შეირჩა, რომ მდებარეობდა თბილისიდან მოშორებით, ნახევრად უდაბნოს ზონაში, სადაც ზაფხულში აუტანლად ცხელოდა, ზამთარში კი - ციოდა და მთელი წლის განმავლობაში ქროდა ძლიერი ქარი, რომელიც შემზარავად აზანზარებდა ბარაკებს, დამზრალ მიწამდე ხრიდა ჯუჯა მცენარეებს და აღმა-დაღმა დაატარებდა უდაბნოდან მოტანილ მტვრისა და ეკალბარდების გორგლებს.

საბჭოთა ტრადიცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც გაგრძელდა. შრომა-გასწორების ორ კოლონიას, მოგვიანებით, ერთი საპყრობილე დაემატა, სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ რუსთავში კიდევ ორი საპყრობილის მშენებლობა იწყება და ამ მიზნით უკვე შერჩეულია 20 ჰექტარი მიწა უშუალოდ დასახლებულ პუნქტში.

რუსთავის ძველ ნაწილში, რკინიგზის გადაღმა, მდებარეობს დასახლება, რომელსაც ადრე, "ინტერნატები" ერქვა, ახლა კი ჭყონდიდელის დასახლების სახელითაა ცნობილი, უფრო სწორად მასობრივად ცნობილი გახდა ახლა, როცა მისი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და დასახლებაში ორი - 120 და 600 პატიმარზე გათვლილი საპყრობილის აშენება გააპროტესტა. ეს გამოსვლა არ ყოფილა სპონტანური, ერთჯერადი და მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული. "ჭყონდიდელები" მთელი შეგნებით ეწინააღმდეგებიან მშენებლობას, მრავალი დღის განმავლობაში აწყობენ საპროტესტო აქციებს, მსვლელობებს და ხელისუფლების გასაგონად ამბობენ, რომ არ შეეგუებიან მათ ფანჯრებთან პატიმრებისათვის განკუთვნილი საპყრობილეების აშენებას, რადგანაც მშენებლობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათთან შეთანხმების გარეშე; მშენებლობა არ მოდის თანხვედრაში რუსთავის გენერალური გეგმით დასახულ მიზნებთან და ე.წ. „აკრძალულ ზოლში“ აქცევს დასახლების ნაწილს. „ჭყონდიდელები“ იშველიებენ თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, რუსთავის მიწათსარგებლობის გეგმას და პატიმრობის კოდექსს, თუმცა ისინი არც იმას მალავენ, რომ, მათი აზრით, რამდენიმე ასეული პატიმრის მეზობლად (50 მეტრში) ყოფნა მძიმე ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შექმნის და ნეგატიურად იმოქმედებს მოზარდებზე, შესაბამისად, საპყრობილეების აშენება არ შედის მათ ინტერესში.

„ჭყონდიდელების“ ამ ინტერესს იუსტიციის სამინისტრო შემდეგი არგუმენტებით უპირისპირდება: საპყრობილეებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ადრეც სპეციფიკური დანიშნულების ობიექტი - საბჭოთა არმიის ნაწილი იყო განთავსებული თავისი შეიარაღებით, ავტომატიანი ჯარისკაცებით, საგუშაგო კოშკებით, მავთულხლართებით და ა.შ. გარდა ამისა, ტერიტორია (20 ჰა) სახელმწიფოს საკუთრებაშია და ხელმისაწვდომია ყველა სახის კომუნიკაცია - წყალი, ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, საავტომობილო გზა. მშენებლობაზე დაიხარჯება 50 მლნ ლარი და უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცული იქნება უმაღლესი სტანდარტი.

თუმცა ამ ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ინტერესი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს საზოგადოების კიდევ ერთი ჯგუფს - საკუთრივ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს. სასჯელის დაკისრებით პატიმარი არ წყვეტს ადამიანად ყოფნას და არ კარგავს ყველა უფლებას. საპყრობილეც დიდი ხანია აღარ არის პატიმრების და მათი დამსჯელი ჯალათების შეხვედრის ადგილი. საპყრობილე ასევე არის სოციალური მუშაკების, ექიმების, სასულიერო პირებისა და ფსიქოლოგების სამუშაო გარემო. არც ყველა პატიმარია გამოუსწორებელი მკვლელი და მანიაკი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს პატიმრებიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან - ჩვენი მშობლები, ჩვენი მეუღლეები, ჩვენი შვილები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი მეგობრები (საქართველო მეორე ადგილზეა ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის პატიმრების პროცენტული რაოდენობის მიხედვით) და ა.შ. რომლებმაც კანონი დაარღვიეს (შეგნებულად ან უნებლიეთ, ანდა მართლმსაჯულებამ დაუშვა შეცდომა) და სასჯელს იხდიან - ეს არის და ეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ არ უნდა სჭირდებოდეთ არც ფიზიკური და, მით უმეტეს, არც მენტალური გადასახლებიდან დაბრუნება.

„თუ კარგია, მაშინ ავაშენოთ რუსთაველზე და ღობეებიც მოვუხსნათ და სრულიად ღია გავხადოთ“, - ასეთი შემხვედრი წინადადებაც გაკეთდა ცხადი ირონიული მინიშნებით და ქვეტექსტით, აქაოდა, საპყრობილე რომ კარგი იყოს, მმართველი ელიტა თავის საარსებო არეალში, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პუნქტში აიშენებდაო. ასევე იგულისხმება, რომ პატიმარი (პატიმრობა) დაცლილია ღირსებისგან და ამის გამო, პატიმრის (საპატიმროს) ადგილი შეუძლებელია იყოს ღირსეულთა შორის, ასევე იგულისხმება პატიმრებიდან (პატიმრობიდან) მომავალი საფრთხისა და მავნე გავლენის გარდაუვალობა („ღობეებიც მოვუხსნათ და სრულიად ღია გავხადოთ“)...

ბედის ირონიით, სწორედ რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა საბჭოთა უშიშროების შენობა თავისი საპყრობილით, რომელსაც ასე აღწერს მწერალი ალექსანდრე სიგუა:

„ეს სულთამხუთავი და მრავალი უბედურების მნახველი შენობა დგას რუსთაველის პროსპექტზე მარჯვენა მხარეს, პროსპექტრს ათიოდე მეტრითაა დაშორებული და კარგადაა შენიღბულ-შეფარებული რამდენიმე შენობას შორის. რასაკვირველია, სიკვდილისა და წამების, ჯოჯოხეთისა და ტანჯვის ამ ლაბირინთების სრულყოფილი აღწერა მე არ ძალმიძს... ვინ იცის ამ შენობის ჯურღმულებში რამდენი უდანაშაულო მამულიშვილის გვამი განისვენებს. ამ შენობის გვერდით გავლა ყოველთვის საშინელ ჟრუანტელს მგვრის და მაცახცახებს. როდესაც ამ შენობას ვუყურებ, სული მეხუთება. ეს შენობა კი არა, სასაკლაოა. ვინც იქ მუშაობს, როდესაც საზოგადოებაში იმყოფება, ადამიანს ჰგავს, მაგრამ შევლენ თუ არა ჩეკას რკინის დიდ ალაყაფის კარებში, ისინი მხეცები და დაუნდობელნი ხდებიან. მათთვის ყოველი ადამიანი ღირსია დახვრეტისა და მოსპობა-განადგურებისა“.

თბილისელების დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ამ შენობაში. ვერც ზედამხედველებს ამჩნევდნენ და ვერც - პატიმრებს. მთთვის ერთი ჩვეულებრივი შენობა იყო, რომლის წინ საქმიანად მიმოდიოდა ხალხი, შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ბავშვები თამაშობდნენ და იცინოდნენ... ერთი სიტყვით, თბილისის გულში გადატანით, სისტემამ არც ესთეტიკური დისკომფორტი შეიქმნა და არც ჯოჯოხეთზე თქვა უარი. სისტემამ ჯოჯოხეთი უხილავი გახადა. შესაბამისად, თუ სისტემა მანკიერია, ტოპოგრაფიას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს, მას ბევრნაირად შეუძლია დაგვიმალოს ჯოჯოხეთი, მათ შორის როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე ტრიალ მინდორში ან უკაცრიელ კუნძულზე გადატანითაც, მაგრამ შეუძლებელია საზოგადოებას აღელვებდეს მხოლოდ თავისი საარსებო გარემო, მხოლოდ თავისი თვალსაწიერი და არ აღელვებდეს ბედი საპყრობილეებში მყოფი ადამიანებისა, რომლებიც ამავე საზოგადოების წევრები არიან.

აშკარაა, რომ ახალი საპყრობილისთვის ადგილის შერჩევისას გასათვალისწინებელია სამივე ჯგუფის ინტერესი. ასევე ცხადია, რომ ჭყონდიდელთა წუხილსაც საკმარისი საფუძველი აქვს. რუსთავი ბოლო დრომდე ცნობილი იყო კანონიერი ქურდების სიმრავლით და, ალბათ, საფუძვლიანად ითვლება, რომ ეს „ქურდული მადლი“ რაღაცნაირად რუსთავში განლაგებული „ზონებიდან“ გადმოედინებოდა. შესაბამისად, სადავო არაა, რომ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, საპყრობილეს კინოთეატრი ან სპორტული დარბაზი სჯობია, მაგრამ არც პატიმრები იმსახურებენ საბჭოთა მიდგომას და „გაციმბირებას“, მით უფრო, რომ შესალოა, საპყრობილის გარეთ ანუ საზოგადოებაში უფრო მეტად ძლიერი იყოს კრიმინალურ-ქურდული სუბკულტურა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ კარგად მოწყობილ და ორგანიზებულ საპყრობილეში. საზოგადოდაც, ის გარემოება, თუ სად და რა პირობებში იხდიან პატიმრები სასჯელს, შესაძლოა, მეტ ინფორმაციას იძლეოდეს თვითონ საზოგადოებისა და მისი ღირებულებების შესახებ, ვიდრე საკუთრივ პატიმრებზე.

XS
SM
MD
LG