Accessibility links

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს ომის მე-11-ე წლისთვის


"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა“ - დაწერა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ნორვეგიის გარდა საქართველოში ომის წლისთავს სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებიც ეხმაურებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე საუკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მათ ფაქტობრივ ანექსიას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თერთმეტი წელი საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახული აგრესიის შემდეგ. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიასა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რასაც ყირიმი და დონბასი მოჰყვა. ამას არასდროს უნდა შევურიგდეთ“, – აღნიშნავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლისთავს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.​

„ქართველები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი და Twitter-ზე საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას“ – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG