Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში - რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას?


ფოტოილუსტრაცია. მარცხნიდან მარჯვნივ - გიორგი ჩუბითიძე, გიორგი გოგლიძე, მამუკა გაწერელია - რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლები.
ფოტოილუსტრაცია. მარცხნიდან მარჯვნივ - გიორგი ჩუბითიძე, გიორგი გოგლიძე, მამუკა გაწერელია - რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლები.

საქართველოს სულ მცირე სამი მოქალაქეა რუსეთის ტყვეობაში. უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების რაოდენობა გაცილებით მეტია. მათი ვინაობა ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მოტივით არ სახელდება. მებრძოლების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გიორგი ჩუბითიძეს 41 წელი რუსეთის ტყვეობაში შეუსრულდა. მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ 2023 წლის 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მისი გამოკითხვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში გიორგი ჩუბითიძესთან ერთად ჩანს გიორგი გოგლიძეც, უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც რუსებმა დაატყვევეს.

გიორგი ჩუბითიძის დედას, 74 წლის ლიმერი ჩუბითიძეს, შვილის შესახებ ოთხი თვეა არაფერი სმენია. ბოლოს ტყვედ ჩავარდნამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა. მას შემდეგ აღარც შვილს დაურეკავს და არც რომელიმე ოფიციალურ უწყებას მოუკითხია მისი ამბავი.

“მეზობლები სულ მოდიან, აინტერესებთ, რაიმე ხომ არ გააკეთა ვინმემ ჩემი შვილის დასაბრუნებლად, ადგილობრივი მთავრობა კი ერთხელაც არ შემხმიანებია. არც უკრაინიდან დამკავშირებია ვინმე, ინფორმაციას არავინ მაწვდის. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, ჩემი შვილი ცოცხალი ვნახო და გავიგო, როგორ არის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიმერი ჩუბითიძე.

რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში გოგლიძესა და ჩუბითიძეს უკრაინის არმიის სამხედრო ფორმა აცვიათ და მკლავზე უკეთიათ მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის შევრონი. გიორგი ჩუბითიძეს ეს შევრონი მარჯვენა ხელზე აქვს დამაგრებული, გიორგი გოგლიძეს კი - მარცხენაზე. ამ შევრონზე საქართველოს, „თავისუფალი ბელარუსისა“ და უკრაინული „პრავი სექტორის“ დროშებია ხმლის ფონზე გამოსახული.

კადრი ვიდეოჩანაწერიდან, სადაც გოგლიძე და ჩუბითიძე "ენ-ტე-ვეს" კითხვას პასუხობენ
კადრი ვიდეოჩანაწერიდან, სადაც გოგლიძე და ჩუბითიძე "ენ-ტე-ვეს" კითხვას პასუხობენ

ვიდეოს მიხედვითაც შეიძლება ვარაუდი, რომ ისინი რუსულად დაწერილ ტექსტს კითხულობენ. გოგლიძეს შუბლთან მცირედი დაზიანებაც ეტყობა.

რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „დაქირავებულებს“ უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ ისინი შეიარაღებული ძალების ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში მოხალისეებად იბრძოდნენ.

გიორგი ჩუბითიძის ცოლმა, ელისო სურმანიძემ, რომელიც კიევში ცხოვრობს, ქმარი ბოლოს ამ ვიდეოში ნახა. ის უკრაინაში 2016 წლიდან იბრძვის.

„არც დაურეკიათ და ისიც კი არ ვიცი სად ჰყავთ, მხოლოდ ტელევიზიით ვიცი, რომ ტყვედ არის“, - გვეუბნება ელისო და გვთხოვს, რუსეთში უვადო პატიმრობამისჯილ მამუკა გაწერელიას ოჯახს მისი გზავნილი გადავცეთ.

გთხოვთ გადასცეთ დედას, რომ გაასაჩივროს განაჩენი თავის შვილთან დაკავშირებით სტრასბურგში. ასევე მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ დანებდეს და ირწმუნოს, რომ მისი შვილი დაბრუნდება სახლში“, - მოგვწერა ელისო სურმანიძემ.

დაბნეულია გიორგი გოგლიძის ოჯახიც. 2023 წლის 23 იანვარს ტვ პირველთან ინტერვიუში ქართველი მებრძოლის დედა, მზია მახაური დახმარებას ითხოვდა:

„თუ ვინმეს შეუძლია, დამეხმაროს ჩემი შვილის უვნებლად დაბრუნებაში. მინდა, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... არაფერი არ ვიცი, ტელევიზიიდან შევიტყვე მომხდარზე, არავის დავკავშირებივარ წითელი ჯვრის გარდა, არც მე დამკავშირებია ოფიციალური სტრუქტურებიდან ვინმე“.

22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც რუსეთში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ფოტო მის ფეისბუკზე გამოქვეყნდა 2022 წლის 15 აპრილს.
22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც რუსეთში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ფოტო მის ფეისბუკზე გამოქვეყნდა 2022 წლის 15 აპრილს.

აფხაზეთიდან დევნილი 22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, მას შემდეგ, რაც მისი ქვედანაყოფი „აზოვსტალის“ დატოვების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას დაემორჩილა.

მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია.

მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მამუკა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ 2022 წლის მარტში მოხვდა, მაშინ როცა „აზოვის“ მებრძოლების დასახმარებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.

დედის თქმით, რუსი სამხედროების ალყაშემორტყმულ ქარხანაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენმა მოახერხა შესვლა, ერთ-ერთში მისი შვილი იყო. დალი ჩხეიძე ვაჟს ტყვეობამდე ერთი კვირით ადრე ესაუბრა:

„დამიკავშირდა აზოვსტალიდან 12 მაისს - აქ უკვე ცუდად არისო, დედაო, საქმეო - მითხრა და ბოდიშიც მომიხადა. თუ რამე მოხდა, დედა, მაპატიეო და მორჩა“.

მამუკა გაწერელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. მას რუსეთის პროკურატურა სამი სამხედროს მკვლელობასა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობას ედავებოდა. მამუკა გაწერელია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაასამართლეს და 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაცია ტელეგრამარხებით გავრცელდა, რომელსაც დაპატიმრებული მებრძოლის კადრებიც ახლდა თან.

კადრი სააგენტო "ტასის" მიერ გავრცელებული ვიდეოდან. გამოქვეყნდა 2024 წლის 20 თებერვალს.
კადრი სააგენტო "ტასის" მიერ გავრცელებული ვიდეოდან. გამოქვეყნდა 2024 წლის 20 თებერვალს.

დალი ჩხეიძემ ვიდეოში შენიშნა, როგორი შეცვლილია მისი შვილი - გამხდარია და სახეზე ეტყობა ტყვეობის კვალი. დედა მას სულ ბოლოს უვადო პატიმრობის მისჯის დღეს, 20 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა:

„მითხრა - არ ინერვიულოთ, კარგად ვარო, მაგრამ ეს იყო ალბათ, ნათქვამი ზეწოლის ქვეშ, თორემ სურათებშიც ნახავთ, რომ კარგად არ აქვს საქმე. ძალიან შეცვლილია - გამხდარია, თვალები აქვს ჩაშავებული, წარბები არ აქვს... 2 წუთით ვესაუბრე, მეტი არა. ისიც რუსულად გვალაპარაკეს, რომ მათაც გაეგოთ ჩვენ რას ვლაპარაკობდით“.

დალი ჩხეიძე შვილს ტყვეობაში ყოფნის პერიოდშიც ელაპარაკა:

„ჩუმად მელაპარაკებოდა. იქ ტელეფონის [გამოყენების] უფლებას არ აძლევდნენ და არ ვიცი როგორ მოახერხა... ეს მითხრა, ქართველებზე ყველაფერი იციანო. იგულისხმა ალბათ ის, რომ ვინ არის წასული ომში, ვინ არის ტყვედ. მოპყრობაზე შევეკითხე, დედა გირტყამენ-მეთქი? და ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვსო. აწამებდნენ, რა თქმა უნდა და ზეწოლის ქვეშ იქნებოდა... იმიტომ ათქმევინეს ალბათ, რომ დაქირავებული მებრძოლი იყო და ვითომ ამდენი კაცი მოკლა... იმედიანად მაინც იყო, გამოვალო, მითხრა. ალბათ ომი რომ დამთავრდება, გამომიშვებენო“.

22 წლის მამუკა გაწერელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. მისი ოჯახი - დედ-მამა და ორი ძმა, ზუგდიდში ცხოვრობს. უკრაინაში წასვლამდე საომარი გამოცდილება არ ჰქონდა. თუმცა, დედის თქმით, კარგად გაწვრთნილი და წარმატებული სამხედრო იყო. თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამსახურში სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიოდა წვრთნებს:

„მე უნდა დავეხმარო უკრაინელებსო და ვერაფრით შევაჩერეთ. თებერვალში ხომ დაიწყო ომი და ის მარტში წავიდა“.

დალი ჩხეიძე, მამუკა გაწერელიას დედა
დალი ჩხეიძე, მამუკა გაწერელიას დედა

მამუკა გაწერელიას ოჯახი, მისი ტყვედ ჩავარდნის პირველივე დღიდან, საკუთარი ძალებით ცდილობს შვილის დახსნას. მშობლები დასახმარებლად რუსეთის სახალხო დამცველსაც დაუკავშირდნენ და უკრაინის ძალოვან უწყებებსაც:

„პასუხი იყო ერთი - ჩვენი მოქალაქე არ არის და ვერ დავეხმარებითო. უნდა დაელოდოთ ომის დამთავრებასო“.

უკრაინის მხრიდან სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებით დაკავებულია სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკითხებში უკრაინის საკოორდინაციო შტაბი. რუსეთში კი ანალოგიური სტრუქტურა არ არსებობს. ტყვეთა გაცვლის საკითხი იქ თავდაცვის სამინისტროს ეხება, მაგრამ სანამ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იყო ცოცხალი, უკრაინის საკოორდინაციო შტაბს მასთან უხდებოდა მოლაპარაკების გამართვა.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სხვა ქვეყნის მოქალაქეების ტყვეობიდან დახსნა უჭირს. რუსები მათ „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ. Наёмник-ად მიიჩნევენ, რაც ვითარებას ართულებს.

„რუსული მხარე ტყვეთა გაცვლის სიებში უცხოელებს არ სვამს, განსაკუთრებით ქართველებს და მაქსიმალურ სასჯელსაც უსჯის. შესაბამისად, გამოცდილება აჩვენებს, რომ ტყვეთა გაცვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ მუშაობს, ისევ რუსეთის დამსახურებით. უკრაინელები სვამენ სიაში, რადგან ოფიციალურად შეიარაღებული ძალების წევრები არიან, თუმცა რუსები არ ცვლიან“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, რუსეთის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსახსნელად რამდენიმე შესაძლო გზას ასახელებს:

  • საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - წითელი ჯვრის გააქტიურება;
  • ე.წ. დაქირავებული ტყვეების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც „ბევრია რუსეთის მხარეს“;
  • საქართველოს მცდელობა, გამოიყენოს თურქეთის გავლენა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ეცადოს, დაელაპარაკოს თურქეთს და აამუშაოს მისი ბერკეტი, დიდი სტატუსი აქვთ რუსეთთან. გამოცდილებაც არსებობს, ამ ქვეყანამ აზოვის მებრძოლების გამოყვანაში დიდი როლი ითამაშა“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია საკითხის დასაძრავად შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის გამოყენება:

„გასაგებია, რომ პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის ნორმებით და წესებით რთულია და მაინცდამაინც ხშირად ეფექტური შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს და არ უნდა ჩავრთოთ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს. შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, გადმოცემის ოფიციალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყებაა საჭირო“.

ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ არავინ დაჰკავშირებია.

2 თვის წინ მამუკა გაწერელიას ოჯახმა თავად მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მხოლოდ 4 დღის წინ მიიღო საპასუხო ზარი - უთხრეს, რომ „ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია“. ოჯახს დახმარებას დაჰპირდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

რადიო თავისუფლებას წითელ ჯვარში უთხრეს, რომ ისინი „ნეიტრალური ჰუმანიტარული შუამავლის როლს“ ასრულებენ. პირველი ამოცანა - ოჯახსა და ტყვეებს შორის კომუნიკაციის აღდგენაა.

საქართველოს ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების დაცვას საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, თუმცა ამ დრომდე მთავარ პასუხისმგებელ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, აკეთებენ თუ არა რამეს ქართველი ტყვეების დასახმარებლად.

უწყებამ ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ყველაზე ბოლოს გასული წლის ნოემბერში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გიორგი ჩუბითიძისა და გიორგი გოგლიძის ტყვედ აყვანის შესახებ შეიტყვეს.

უწყებამ განცხადებაში დაწერა, რომ საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

რუსეთის ტყვეების სიაში წარმოშობით ქართველი, თუმცა უკრაინის მოქალაქეობის მქონე მებრძოლებიც შედიან. მათ შორის ერთ-ერთია ზაქრო ნონიაშვილი, ახმეტაში დაბადებული სერჟანტი. ნონიაშვილი აზოვსტალის მისადგომებთან იბრძოდა.

უკრაინელებმა მისი გამოხსნა შეძლეს, ნონიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 207 ტყვეს შორის, რომლებიც უკრაინამ 2024 წლის 31 იანვარს დაიბრუნა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ტყვეობაშია კიდევ ორი ქართული წარმოშობის მებრძოლი. მათი ვინაობა უსაფრთხოების მოტივით არ გასაჯაროვებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG