Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი და საკრებულოს წევრები სიძულვილის ენის წინააღმდეგ


#ნანა, წადი - ამ შინაარსის სტიკერები სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან, განათების ბოძებზე გააკრეს და ამ ფორმით გააგრძელეს ქალაქის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ გასულ კვირაში დაწყებული საპროტესტო კამპანია. აქტივისტებმა ქუთაისის საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც დეპუტატმა 16 წლის დის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არაჰუმანური, ცინიკური ფეისბუქ-პოსტით მიმართა ბლოგერს, სალომე ბარკერს. თავად კოსტავამ განაცხადა, რომ ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა და ბოდიში მოიხადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეობიდან და გენდერული თანასწორობის საბჭოდან დაითხოვეს.

ჩვენ ნანა კოსტავას მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს, ყოველთვის შევახსენებთ მის პოსტს და მომავალი კვირიდან მოვაწყობთ სხვადასხვა პერფორმანსს საჯარო სივრცეში.
გვანცა თოთაძე

საკრებულოსთან მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი შენგელიამ საბჭოს მიმართა ინიციატივით, რომ დებულებაში ცვლილება შეიტანონ და წევრის მიერ დასაცავი ეთიკური ნორმები დააწესონ. გენდერული თანასწორობის საბჭო აპირებს რეკომენდაციით მიმართოს საკრებულოსაც, რათა რეგლამენტს დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტი და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გვანცა თოთაძე აცხადებს, რომ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას არ შეწყვეტენ, რათა ნანა კოსტავა აიძულონ უარი თქვას საკრებულოს წევრობაზე. ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქცია სამჯერ გამართეს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც შეხვდნენ მათი პოზიციის გასაცნობად. როგორც გაირკვა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრთა ნაწილი კოსტავას წინააღმდეგ რადიკალური ზომების მომხრე არ იყო და მის მიერ საკრებულოს დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავდა. გვანცა თოთაძე ამბობს, რომ სიძულვილის ენით მოსაუბრე დეპუტატს საჯარო ადგილებში მუდმივად დისკომფორტს შეუქმნიან, რათა აიძულონ საკრებულო დატოვოს:

„ჩვენ ნანა კოსტავას მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს, ყოველთვის შევახსენებთ მის პოსტს და მომავალი კვირიდან მოვაწყობთ სხვადასხვა პერფორმანსს საჯარო სივრცეში და საკრებულოს სხდომისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნანა კოსტავა სხდომაზე არ დავუშვათ. ამისთვის პიკეტირებას და ცოცხალ ჯაჭვს გამოვიყენებთ მერიასთან. საკრებულოს სხდომაზეც ვგეგმავთ მოვითხოვოთ სიტყვით გამოსვლები და ჩვენი შეტყობინებების გაჟღერება“, - ამბობს გვანცა თოთაძე. მისივე განცხადებით, ნანა კოსტავას ქმედებამ გამოავლინა საკრებულოს წევრებისთვის ქცევის დამატებითი წესების შემოღების საჭიროება, რადგან მთავრობის მიერ ორი წლის წინ მიღებული დადგენილება საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

7 ივნისს ნანა კოსტავამ რადიო თავისუფლებასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა - გვითხრა, რომ დაიღალა და ტელეფონი გათიშა.

მეეჭვება, რაიმე შედეგი გამოიღოს, რადგან ადამიანები, რომლებიც პოლიტკორექტულობით გამოირჩევიან, ისევ დარჩებიან ამის ერთგულნი, ხოლო ადამიანები, რომლებიც „ბნელი აზრებით“ გამოირჩევიან, ისევ არ დაიცავენ ამ ნორმებს.
გიგა შუშანია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართული ოცნებიდან“, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია ამბობს, რომ საბჭო მომავალ კვირაში იმსჯელებს დებულებაში ცვლილების შეტანაზე, რათა საბჭოს წევრების მიერ დასაცავი ეთიკური ნორმები დაწესდეს. შენგელიასავე განცხადებით, საბჭო რეკომენდაციით მიმართავს საკრებულოსაც, რეგლამენტს დაუმატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ. როგორც ირაკლი შენგელია განმარტავს, საქართველოს ორგანული კანონითა და მთავრობის დადგენილებით რეგულირდება საჯარო მოხელის ქცევის ნორმები, თუმცა საკრებულოს არჩეული წევრები და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი დეპუტატები არიან არა საჯარო მოხელეები, არამედ საჯარო პირები და მათთვის მოქმედი კანონისა და სამთავრობო დადგენილების მოთხოვნები შეუსაბამოა. ამიტომ, შენგელიას თქმით, საკრებულომ თავად უნდა შეიმუშაოს დამატებით დოკუმენტი.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველანი ერთად შევთანხმდეთ და დეკლარირებულად განვაცხადოთ, რომ ვემიჯნებით იმ სიძულვილის ენის გამოყენებას, ჰომოფობიურ განცხადებებს და დამოკიდებულებებს, რომელიც იმ ცნობილი განცხადების ჰათოსში იყო“.

ირაკლი შენგელია ამბობს იმასაც, რომ ქცევის ნორმების შესამუშავებლად ითანამშრომლებენ აქტიურ მოქალაქეებთან და არასამთავრობო სექტორთან. ასეთი ნორმების არსებობა მისაღებია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, გიგა შუშანიასთვის, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიცაა, თუმცა ფიქრობს, რომ ამას შედეგი არ ექნება:

„მეეჭვება, რაიმე შედეგი გამოიღოს, რადგან ადამიანები, რომლებიც პოლიტკორექტულობით გამოირჩევიან, ისევ დარჩებიან ამის ერთგულნი, ხოლო ადამიანები, რომლებიც „ბნელი აზრებით“ გამოირჩევიან, ისევ არ დაიცავენ ამ ნორმებს და დოკუმენტი მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს“.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის, ვლასი გარდაფხაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით აქვს განსაზღვრული წევრთა ეთიკური ქცევის ნორმები, ამ დრომდე არ არსებობს დარღვევისთვის რაიმე სანქციის გამოყენების პრეცედენტი. გარდაფხაძის შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ საკითხზე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს, რეგულაცია კანონით დადგინდება და ეთიკური ნორმების დარღვევისთვის სანქციები მკაფიოდ გაიწერება:

„რეალურად უნდა მიეცეს კანონის სახე, რომ ყველა იყოს დაზღვეული და ყველამ იცოდეს თავსი ადგილი“.

ქუთაისის საკრებულოს წევრთა ქცევის წესების დადგენის ინიციატორები ფიქრობენ, რომ ეს ქმედითი ნაბიჯი იქნება ნანა კოსტავას ფეისბუქ-პოსტის მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რადგან, მოქმედი კანონით, საკრებულოს არ გააჩნია თავისი წევრის არაეთიკურ საქციელზე რეაგირების სხვა ბერკეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG