Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ - აისახება საქართველოზე?


პროექტის ღირებულება $164 მილიონია, საიდანაც $140 მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს მსოფლიო ბანკმა გამოუყო.
პროექტის ღირებულება $164 მილიონია, საიდანაც $140 მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს მსოფლიო ბანკმა გამოუყო.

ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, თაღლითობისთვის 9 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა. ემუქრება თუ არა ეს სანქცია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის პროექტს?

შეზღუდვა ვრცელდება:

  • შპს “ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციაზე (CRCC)”
  • მის შვილობილ კომპანიებზე - “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფსა (CR23)” და “ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC საერთაშორისო)
  • CRCC-ის კონტროლირებულ კიდევ 730 კომპანიაზე

“ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია” მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის ტენდერში, რომელიც საქართველოში საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობაზე გამოაცხადა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე კომპანიებმა CR23-ის პერსონალი და აღჭურვილობა, ასევე, ჯგუფის გამოცდილება გაასაღეს, როგორც CRCC-ის. ეს მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემაში აღიქმება როგორც თაღლითობა და სწორედ ამის გამო დაისაჯნენ ჩინური კომპანიები, რომელთანაგ ერთ-ერთი საქართველოში 2015 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის პროექტზე მუშაობს.

ამ პროექტის ღირებულება $164 მილიონია, საიდანაც $140 მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს მსოფლიო ბანკმა გამოუყო. პროექტი რომელიც 4 წლის წინ დაიწყო 2023 წელს უნდა დასრულდეს. რაც გულისხმობს ხიდების, გვირაბების, სარკინიგზო მაგისტრალისა და გზების მშენებლობას.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ასევე მუშაობს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიამ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 86%.

ამასთან, მსოფლიო ბანკის აკრძალვა ეხება მხოლოდ 5 ივნისის შემდეგ გამოცხადებულ ტენდერებს, მიმდინარე პროექტებზე კი ჩინური კომპანიები მუშაობას განაგრძობენ.

“ეს კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 9 თვის განმავლობაში იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს. ამასთან ერთად, ეს და მასთან აფილირებული კომპანიები ვალდებულები იქნებიან, კვლავ გააგრძელონ ყველა ის ურთიერთობა და იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჰქონდათ აღებული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

პროექტი რომელიც 4 წლის წინ დაიწყო 2023 წელს უნდა დასრულდეს.
პროექტი რომელიც 4 წლის წინ დაიწყო 2023 წელს უნდა დასრულდეს.

23-ე ბიურო საზოგადოების ყურადღების ცენტრში

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მედიის ყურადღება გასულ წლებში არაერთხელ მიუქცევია. 2016 წელს, ხარაგაულში, სადაც კომპანია აშენებდა სარკინიგზო გვირაბს, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ხუთ მუშას არმატურითა და რკინის სხვა კონსტრუქციებით გაუსწორდნენ.

2018 წელს კომპანიის 60-მდე თანამშრომელმა სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა. ისინი მოითხოვდნენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას და შვებულების პერიოდში ხელფასის ანაზღაურებას.

ხარაგაულში გვირაბის მშენებლობისას 2018 წელს გეგმიური აფეთქების დროს სამი მუშა დაშავდა. მაშინ პროფკავშირები და მუშები ამბობდნენ, რომ ობიექტზე დასაქმებული ხშირად შავდებიან. ერთი კვირით ადრე, გვირაბის მშენებელი მუშების ნაწილი გაიფიცა.

რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტაჟს ამზადებდნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები 2018 წელს, რა დროსაც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.

როგორ მოიხსნება სანქციები

მსოფლიო ბანკის ცნობით, რადგან ჩინურმა კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა დარღვევებზე, ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვის ვადა შემცირდა 9 თვემდე. სანქციებისგან გათავისუფლების მიზნით, კომპანიებმა მსოფლიო ბანკთან კოოპერაციის პირობა დადეს.

მსოფლიო ბანკის ოფიციალური ინფორმაციით ცხრა თვის შემდეგ, კომპანიებს შეზღუდვები პირობითად მოეხსნებათ 24 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში მათ უფლება ექნებათ მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, თუ კომპანიების მიერ დათქმული პირობები დაირღვევა, მათზე ისევ აკრძალვა გავრცელდება.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG