Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა  - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 მარტს 


რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა

  • დადასტურებული შემთხვევა - 40
  • კარანტინის რეჟიმში - 1592
  • სტაციონარში - 262
  • გამოჯანმრთელებული - 1

საქართველოში სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა დაიხურა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ საკოორდინაციო საბჭომ.

მისი დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს, მუშაობა უნდა შეაჩეროს ყველა სავაჭრო ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და საბანკო განყოფილებებისა.

საკოორდინაციო საბჭო ისევ თავს იკავებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისგან, თუმცა ცვლილებები შედის ჯარის დღის წესრიგში, რომელიც ხვალიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკზე დაწერა. მისი თქმით, ამით ჯარი ვირუსის შესაძლო გავრცელებას აიცილებს თავიდან.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ექიმები ყველაზე რთულად ახასიათებენ 80 წელს გადაცილებული ერთი პაციენტის მდგომარეობას, რომელსაც კორონავირუსი ახლობლის წლისთავზე გადაედო.

პარალელურად ესპანეთიდან იტყობინებიან, რომ კორონავირუსს საქართველოს ერთი მოქალაქე, 74 წლის ქალი ემსხვერპლა. მას ქრონიკული დაავადება აწუხებდა.

წაიკითხე მეტი.

COVID-19: მსოფლიო მიმოხილვა მოკლედ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): მსოფლიოში სულ კორონავირუსის 207 855 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილია 8 648 ადამიანი. ვირუსს მსოფლიოს 166 ქვეყანაში ებრძვიან.

იტალია: კორონავირუსის აფეთქების შედეგად იტალიაში ამ მომენტისთვის გარდაცვლილია 3405 ადამიანი. იტალიამ COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაასწრო. 10 მარტს მიღებული საკარანტინო ზომები ხელისუფლებამ 3 აპრილამდე გააგრძელა. დაავადებულთა საერთო რიცხვმა 41 ათასს გადააჭარბა.

ირანი: ირანშიც იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ოფიციალური ინფორმაციით ის 1 100-ს აჭარბებს. დაავადებულია 17 300-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლება ამბობს, რომ თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბები არ შემცირდება, შესაძლოა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას ვეღარ გაუძლოს. დღეს ირანში ნოვრუზის დღესასწაულს შეზღუდული ფორმით, მაგრამ მაინც აღნიშნავენ.

ჩინეთი: ევროპა ახლა იწყებს, ჩინეთმა კი ფაქტობრივად დაასრულა ვირუსთან ბრძოლის აქტიური ფაზა. ჩინეთის ჰუბეის პროვინციასა და მის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჰანში, საიდანაც ახალი სახეობის COVID-19-ის გავრცელება დაიწყო, გასული 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა. 18 მარტი იყო ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი ასეთი დღე.

აშშ: აშშ-ში 97 გარდაცვლილი და 7 000-ზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევაა. ვირუსი აღმოაჩნდა აშშ-ის ორ კონგრესმენს. 58 წლის რესპუბლიკელმა მარიო დიას-ბალარტმა და 45 წლის დემოკრატმა ბენ მაკადამსმა განაცხადეს, რომ თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

რუსეთი: კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა მოსკოველი ინფიცირებული ქალი, რომელიც ხუთშაბათს გარდაიცვალა, არ შეიყვანა დაავადებით გარდაცვლილთა სტატისტიკაში. რუსეთში არ არის რეგისტრირებული ლეტალური შემთხვევები, განაცხადა შტაბმა ხუთშაბათს. ექიმებმა ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაასახელეს თრომბოზი.

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსით დაავადებულად ითვლება 199 ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სინოდი სხდომას გამართავს

დღეს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგიც უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის მთლიანად კორონავირუსის თემას დაეთმობა.

​საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასა და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ამის გამო საპატრიარქომ სასულიერო პირებს გუშინ მოუწოდა, სინოდის სხდომამდე თავი შეეკავებინა საკუთარი აზრის გამოხატვისგან.

მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირში ყოფნის 90-დღიანი ვადა ეწურებათ, საგარეო უწყება დაეხმარება

მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირში 90-დღიანი ლეგალური ყოფნის ვადა ეწურებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდივიდუალურად დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან თქვა, რომ საგარეო უწყება ამ მიმართულებით მუშაობს როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით დაეხმარებიან.

წაიკითხე მეტი.

როცა შიშს დიდ თვალებთან ერთად კორონავირუსიც აქვს

ახალმა კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, რუტინა (რომელზეც ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე და ახლა გვენატრება), ქცევები. თავი ამოგვაყოფინა ისეთ სიტუაციაში, როდესაც თითქმის შეუძლებელია მომავლის განჭვრეტა და, რაც მთავარია, ადამიანები ერთმანეთს დააშორა. როგორც ჩანს, იძულებითი სოციალური დისტანცია, თვითიზოლაცია, ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი მისია იქნება კაცობრიობისთვის. სახლებში გამოკეტილებსა და არა მხოლოდ მათ, კიდევ უფრო მეტი დრო გაგვიჩნდა, ვიფიქროთ, ვიფიქროთ, მერე ეს ფიქრი შიშში გადაგვეზარდოს და ბოლოს სერიოზულ სტრესამდეც მივიდეთ.

იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, უკეთ შევძლოთ საკუთარი ქცევებისა თუ შიშების მართვა, ფსიქოლოგები გარკვეულ წესებზე შეთანხმდნენ. უამრავი სტატია თუ ინტერვიუ იწერება, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, როგორ ავარიდოთ თავი შემდგომ გართულებებს. კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა თუ სხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

და მაინც, ნორმალურია მსგავს სიტუაციებში შიში? „კი, ეს სრულიად ბუნებრივია. ეს არის რეაქცია საფრთხის შემცველი სიტუაციისას და ჩვენ ახლა ნამდვილად საფრთხის შემცველ სიტუაციაში ვართ“, - გვეუბნება ფსიქოლოგი ქეთი ფილაური. მისი თქმით, შიში, შფოთვა, მაგალითად, პროდუქტის მომარაგების სურვილი, ამ სიტუაციაში ადამიანის სრულებით ნორმალური მდგომარეობაა.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ოთხი გოგოს ინიციატივით, ქართველი მოხუცებისთვის 55 000 ლარზე მეტი შეგროვდა ერთ დღეში, ფეისბუკის ჯგუფის საშუალებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG