Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპაში პატიმრების სტატისტიკაში მე-2 ადგილზეა


საქართველო პატიმრების ფარდობით სტატისტიკაში ევროპის მასშტაბით მე-2 ადგილზეა - ამბობს ევროსაბჭოს ახალი კვლევა
საქართველო პატიმრების ფარდობით სტატისტიკაში ევროპის მასშტაბით მე-2 ადგილზეა - ამბობს ევროსაბჭოს ახალი კვლევა

ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროსაბჭოს ქვეყნებში მეორე ადგილზეა და პატიმრობის ვადებითაც აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ:

  • ყოველ 100 000 მოსახლეზე საქართველოში მოდის 237 პატიმარი, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • ევროპული საშუალო მაჩვენებელი 117 პატიმარია, მედიანური კი - 104;
  • პატიმრობის ვადების ევროპის საშუალო მაჩვენებელი 8.5 თვეა, საქართველოში კი - 14 თვე.

პატიმრების რაოდენობა

პატიმრების საერთო რაოდენობით საქართველო ათეულშიც კი ვერ ხვდება. როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ნაკლებია, მოსალოდნელია, რომ პატიმრების ნომინალური რაოდენობაც ნაკლები იყოს.

ევროსაბჭოს 2023 წლის კვლევის თანახმად, პატიმრების რაოდენობით თურქეთი უპირობო ლიდერია 303 945 პატიმრით. მას დიდი ბრიტანეთი (88 225) და პოლონეთი (71 874) მოსდევენ. სრული ათეული ასეთია:

ქვეყნების მონაცემების შედარება რომ შესაძლებელი გახდეს, ამისათვის მონაცემებს ითვლიან ყველა ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე (მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიონს სცდება).

ამ პრინციპით გამოთვლების შედეგად, ჩანს, რომ პირველ ადგილზეა თურქეთი (100 000 მოსახლეზე 355 პატიმრით), ხოლო მეორეზე - საქართველო (237 პატიმრით). საქართველოს აზერბაიჯანი და უნგრეთი მოსდევენ 217 და 194 პატიმრით ყოველ 100 000 ადამიანზე.

ოცეული ასე გამოიყურება:

2023 წლის კვლევა 2022 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. იმ დროისთვის საქართველოში სულ 9389 პატიმარი იყო.

სტატისტიკა - რუსეთის გარეშე

ევროპის საბჭოს ციხის ყოველწლიური სტატისტიკა წინა წლებში აჩვენებდა, რომ ამ სიის სათავეში რუსეთი და თურქეთი იყვნენ.

დიდი ალბათობით, ეს სურათი არ შეცვლილა, თუმცა წლევანდელი სტატისტიკა, წინა წლებისგან განსხვავებით, არ მოიცავს რუსეთის მონაცემებს.

ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთი აღარაა ევროპის საბჭოს წევრი - იგი 2022 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გარიცხეს.

წინა უახლოესი წლების კვლევებში რუსეთი და თურქეთი პირველ-მეორე ადგილებს უცვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს, მესამე ადგილზე კი საქართველო იყო.

10 წელიწადში განახევრებული სტატისტიკა

2012 წელთან შედარებით, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობა განახევრებულია.

მაშინ 100 000 მოსახლეზე 516 პატიმარი მოდიოდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ქვეყნისათვის რეკორდული მაჩვენებელია.

ევროსაბჭოს სტატისტიკა დროთა განმავლობაში საქართველოში ამ ტენდენციის ცვლილებას უჩვენებს:

მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ფარდობითი სტატისტიკა განახევრდა ხელისუფლების ცვლილებისთანავე - და „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა.

ყველაზე ხშირი ნარკოდანაშაულია

ევროსაბჭოს ხელთ არსებული დანაშაულის სტატისტიკა აჩვენებს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

კერძოდ, ნარკოდანაშაულზე მოდის პატიმართა მსჯავრის 23.6%. მეორე ადგილზეა ძარცვა (22.1%) და ეკონომიკური/ფინანსური დანაშაული (18.2%).

დანაშაულთა საერთო განაწილება კი ასეთია:

შენიშვნა: საერთო ჯამი 100%-ს აღემატება, რადგან ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა რამდენიმე ბრალდებით იყოს მსჯავრდადებული.

პატიმრების ასაკი

ევროსაბჭოს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ ადამიანს სცდება, პატიმრების საშუალო ასაკი 38 წელი იყო.

საშუალოდ, ყველაზე ახალგაზრდა პატიმრები ბულგარეთში, დანიასა და საფრანგეთში ჰყავთ, ხოლო ყველაზე „ხანდაზმულები“ - საქართველოში. ბულგარეთში პატიმრების საშუალო ასაკი 31 წელია, საქართველოში კი - 44.

პატიმრობის ხანგრძლივობა

კვლევის პერიოდში, პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა ევროპის ქვეყნებში საშუალოდ რვა-ნახევარი თვე იყო, საქართველოში კი 14 თვე გამოდიოდა.

ყველაზე მაღალი რიცხვები ამ კატეგორიაში პორტუგალიას, უკრაინასა და მოლდოვას ჰქონდათ - 31, 28 და 28 თვე.

XS
SM
MD
LG