Accessibility links

საქართველო მცირე და ფორმალურ მთავრობებს შორის


პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე

ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელშიც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი (მინისტრის მოადგილე), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი (მინისტრის მოადგილე), ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა (მინისტრის მოადგილე).

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის, თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლისთვისაც ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი ორ დღეში განიხილავს, ორ-სამ კვირაში შეიცვლება, რადგანაც, ბახტაძის თქმით, იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილება „მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში“. საუბარია არსებული 14 სამინისტროს შემცირებაზე 11 სამინისტრომდე.

„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა - განხილვები პარლამენტში, კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე - ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტის ბიურომ 18 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკი. ბიუროს გადაწყვეტილებით, 19 ივნისს მინისტრობის კანდიდატებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის, თქმით, მთავრობის სტრუქტურა განსაზღვრულია „მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ კანონით“. საკითხი რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებითაც და ვიდრე ამ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები არ განხორციელდება, შეუძლებელია მთავრობის იმგვარად ფორმირება, როგორც ეს პრემიერმინისტრობის კანდიდატს წარმოუდგენია.

„ამიტომ პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელიც მოქმედი სტრუქტურის მიხედვითაა აგებული, რათა არ დაირღვეს კონსტიტუციის მოთხოვნა და ვადები, ამის შემდეგ კი დავიწყებთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი კახიანმა, რომლის თქმითაც, პროცესის სრულად დასრულებას ორი-სამი კვირა დასჭირდება.

„მცირე მთავრობის კონცეფცია“ ითვალისწინებს სამინისტროების შერწყმის ხარჯზე მთავრობის წევრთა რაოდენობის შემცირებას, თუმცა კითხვას, ხომ არ იგეგმება იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანების საკითხი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ასე უპასუხებს:

რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამტკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია...
დავით უსუფაშვილი

„ამ ორის სამინისტროს გაერთიანება მსჯელობის საგანია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, იმიტომ რომ იმ კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ და რომლებიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის. ის იქნება დამოუკიდებელი უწყება, არ შევა არც ერთი სამინისტროს შემადგენლობაში და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტთან“.

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით, შესაძლოა, მართლაც შეუერთდეს იუსტიციის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი, შესაძლოა, ორ ნაწილად გაიყოს და ერთი ნაწილი სოცდაცვის, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს. საუბარია ასევე კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთების საკითხზე.

მთავრობის სტრუქტურის შეცვლამდე მთავრობის ფორმალურ რეჟიმში დამტკიცებას კონსტიტუციის უპატივცემულობად მიიჩნევს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. იმიტომ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დავამტკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდევ დავამტკიცებთ?! თუ კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე ან ახალი შემადგენლობა წარმოადგინეს, ასე „ჰაი-ჰარად“ წარმოდგენილი მთავრობა დარჩეს ქვეყანას? ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ნამდვილად არ მეგონა, ამ დღეებში კიდევ რამე თუ გამიკვირდებოდა. ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს კარგად განუმარტონ, რა საქმეს ჰკიდებს ხელს ეს კაცი, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG