Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საშიში მომენტი" ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის - ჯორჯ კენტის შეფასებები და დისკუსია საქართველოზე


"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ნიკა მელიას დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი ნიკა მელიას დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე.

ავტორი: ქართლოს შარაშენიძე, "ამერიკის ხმა"

აშშ-ის დედაქალაქში საჯარო დისკუსიები გრძელდება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. წარმომადგენლობითი იყო „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული ონლაინშეხვედრა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის თაობაზე წარმართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ანალიტიკოსები როგორც საქართველოდან, ასევე თავად ვაშინგტონიდან.

ვფიქრობ, საქართველოს მეგობრებისთვის ნათელი გახდა, რომ პროცესი, რაც ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების კულმინაციით დასრულდა, საშიში მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ სულისკვეთებით, ჩვენ საჯაროდ და პირადად მოვუწოდეთ დაუბრუნდნენ დიალოგს...
ჯორჯ კენტი

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მეგობრებისთვის როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში ნათელი გახდა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის „საშიში მომენტი“ იყო.

„ვაშინგტონი სავსეა საქართველოს მეგობრებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგია. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ამერიკელი ოფიციალური პირების, კონგრესმენების, ანალიტიკური წრეების რეაქციის მიზეზი, როდესაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ. ვფიქრობ, გზავნილები ინტენსიური იყო როგორც საჯარო, ასევე პრივატული. ჩვენ გვყავს ღირსეული ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც მისიის შესრულების პირველივე დღიდან ჩაერთო მოვლენებში, ხელს უწყობდა ფასილიტაციას, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი როლი კულისებს მიღმაა, - ვცდილობთ ქართველი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ წინ მიმავალი გზის საერთო წესებზე. ვფიქრობ, საქართველოს მეგობრებისთვის ნათელი გახდა, რომ პროცესი, რაც ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების კულმინაციით დასრულდა, საშიში მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ სულისკვეთებით, ჩვენ საჯაროდ და პირადად მოვუწოდეთ დაუბრუნდნენ დიალოგს. და ვფიქრობ, ეს არის გზავნილი მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია - დაიცვას დემოკრატიული ნორმები, ჩაერთოს პასუხისმგებლიან დიალოგში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად“, - განაცხადა კენტმა.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო ერთგვარი ტესტია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის. პავილიონისი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. თქვას, რომ „დემოკრატია მნიშვნელოვანია“. ლიეტუველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს და ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი - ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგიერთ ჩვენს ევროპელ მეგობარს, ვინც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ამის ფასს ვიხდით. მე ყურადღებით ვუსმენდი სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე, იცავდა საქართველოსთვის ნატოში წევრობის იდეას. ასე რომ, თუ 12, 13 წლის შემდეგ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე, მოდი, გამოვასწოროთ ისინი.

ჟიგიმანტას პავილიონისი
ჟიგიმანტას პავილიონისი

ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. და მეორე გაკვეთილი, რაც უნდა ვისწავლოთ: ვიყოთ უფრო მკაცრები დემოკრატიის კუთხით. ახალმა ადმინისტრაციამ შთააგონა მთელ რეგიონს, რომ დემოკრატია დაბრუნდა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი თქვენი პოლიტიკისთვის. დროა, დიდმა ვაშინგტონმა თქვას - დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდი, ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა მთავრობაშია. ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა, რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავროს. ორ კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან და ეს მანამდე უნდა მოხდეს“, - განაცხადა პავილიონისმა.

ჯორჯ კენტი მიიჩნევს, რომ უახლოეს ორ კვირაში, სახელმწიფო მდივნის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მოლოდინი არარეალურია. ის აცხადებს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს, კვლავ აქვს უამრავი შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პოზიტიური როლი შეასრულოს - საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატებისა და ელჩების საშუალებით.

„ვფიქრობ, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამერიკისთვის, გააგრძელოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ, მაშინ როცა ახალი ადმინისტრაციის დროს, ამერიკის გარეთ არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, არარეალურია მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სწრაფი ვიზიტი შედგეს ვაშინგტონიდან თბილისში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ - ამერიკასა და ევროკავშირს - შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილზე. ჩვენ იქ გვყავს ელჩები, რომლებიც მხარეებს შორის დიალოგის გამარტივებას უწყობენ ხელს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ.

დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ „თითქმის ხელოვნურადაა“ შექმნილი.

გიორგი ხელაშვილი
გიორგი ხელაშვილი

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა, განსაკუთრებით დემოკრატიზაციის მხრივ. ახლა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა პანდემია. ასევე თითქმის ხელოვნურად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რეალურად ოპოზიცია უძღვება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მიუხედავად პანდემიისა, აღსანიშნავია ამ გამოწვევების მიმართ საქართველოს გამძლეობა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში კვლავ მაღალ პოზიციებზე რჩება ინვესტიციების ჩადების კუთხით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი დაიწყო და განაგრძობს პროვოკაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაის“ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ აზრზე იყვნენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იღებს, პოლიტიკური კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

“კრიზისი ნამდვილად არ შექმნილა გუშინ ან გუშინწინ. ის ბევრად უფრო ადრე დაიწყო, 2019 წლის ივნისში, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში მიიწვია. მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც, ნიკა მელია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დააკავა ბრალდების საფუძველზე, რომელიც 20 ივნისის დემონსტრაციას უკავშირდება. „ქართული ოცნების“ მთავრობამ არ შეასრულა საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. არ შესრულდა რვა მარტის შეთანხმება, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი იყო, დამოუკიდებელი ტელევიზიის დამფუძნებელი კი კვლავ ციხეშია. სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია კრიზისი და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, თავად ბოიკოტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. სამადაშვილი განმარტავს, რომ სკეპტიციზმის მიზეზი ოპოზიციის შესაძლო დაზიანება იყო და არა ის, რომ ეჭვი ეპარებოდა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაში. „მაგრამ, ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, ვფიქრობ, ყველა დაარწმუნა, რომ ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო“, - აცხადებს სამადაშვილი.

XS
SM
MD
LG