Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: შსს-მ გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურ აქციასთან და დაშავებულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს.

"ამ ძალადობას ჰყავდა, ჩემი აზრით, თავისი ორგანიზატორები თავისი წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა რეალურად ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ ეს ხალხი უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და ა.შ.", - თქვა ნინო ლომჯარიამ 9 ნოემბერს კინოთეატრს ამირანთან დაშავებული აქტივისტის, ანა სუბელიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ.

სახალხო დამცველის თქმით, ორგანიზებული დანაშაულისკენ მოწოდებები რადიკალი კგუფების მხრიდან დაიწყო დღეების წინ თუმცა რეალური საფრთხე წამოვიდა მას შემდეგ, რაც ვერის პარკში გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ პოლიციის კორდონი უნდა გაარღვიონ. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ორგანიზატორების როლი ამ ძალადობაში და ასევე იმსჯელოს ანა სუბელიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივზე.

"არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც ამძიმებს დანაშაულს, თუკი ის არის დისკრიმინაციული მოტივი და გამოძიებამ პასუხისმგებლობის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა იმსჯელოს დიკრიმინაციულ მოტივზე მისი განსხვავებული შეხედულების გამო" - თქვა ნინო ლომჯარიამ კლინიკის დატოვებისას.

კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი 8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმ "and then we danced"-ის ჩვენების დაწყებამდე დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. აქტივისტი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს და პოლიცია არაფერს აკეთებდა მათ შესაჩერებლად.

ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება თბილისში ხმაურისა და აქციების ფონზე მიმდინარეობს. რადიკალი დაჯგუფებები სურათს "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად" მიიჩნევენ და ჩვენებების დაწყებამდე ჩვენების ხელის შეშლის არაერთი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. "ქართული მარში", ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, მათი მხარდამჭერები და სასულიერო პირები რამდენიმე დღეა ფილმის წინააღმდეგ გაერთიანების მოწოდებებს ავრცელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG