Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლუნოვი, პროკოპიევა, საფრონოვი. ვინ და რა იქნება შემდეგი?


ივან საფრონოვი
ივან საფრონოვი

სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანილი სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ თანამშრომლის, ივან საფრონოვის, ადვოკატებმა სასამართლოში გაასაჩივრეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, რაც გაზეთ „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ კორესპონდენტს დაკავების შემდეგ, 7 ივლისს, ოპერატიულად შეუფარდეს.

ადვოკატებმა ევგენი სმირნოვმა და ივან პავლოვმა 8 ივლისს განაცხადეს, რომ მათ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, საფრონოვს წინასწარი პატიმრობა შეუცვალონ უფრო მსუბუქი ზომით, რომელიც „არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან“.

უშიშროების აგენტებმა ივან საფრონოვი 7 ივლისის დილით დააკავეს მისსავე საცხოვრებელ სახლთან.

გამოძიების ვერსიით, საფრონოვმა ჯერ კიდევ ჟურნალისტური საქმიანობის დროს შეკრიბა და ჩეხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელს გადასცა ცნობები ახლო აღმოსავლეთისა და ერთ-ერთ აფრიკულ სახელმწიფოსთან რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, საფრონოვს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ივან საფრონოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი, ივან პავლოვი, ამბობს, რომ საქმეში არ უნახავს ჟურნალისტის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.

რუსეთის რამდენიმე წამყვანი ბეჭდური და ონლაინგამოცემის ჟურნალისტები „აბსურდულს“ უწოდებენ სახელმწიფო ღალატში მათი ყოფილი კოლეგის დადანაშაულებას და ხელისუფლებისგან გადაჭრით მოითხოვენ უზრუნველყოს „მაქსიმალური საჯაროობა და ღიაობა“ ამ საქმის გამოძიების დროს.

კოლეგიური სოლიდარობა და ხელისუფლების პასუხი

სულ მალე მას შემდეგ, რაც უშიშროების თანამშრომლებმა ივან საფრონოვი დააკავეს და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, მოსკოვის ცენტრში, ФСБ-ს მთავარი სამმართველოს წინ, ჟურნალისტების თითოკაციანი პიკეტები დაიწყო „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი ჟურნალისტის მხარდასაჭერად.

ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და პოლიციაც მათ ერთიმეორის მიყოლებით აკავებდა, კორონავირუსის პანდემიის წესების თანახმად, „უნებართვო აქციაში“ მონაწილეობისთვის.

პირველად დააკავეს „კომერსანტის“ კორესპონდენტი, ელენა ჩერნენკო, შემდეგ კი სხვადასხვა გამოცემის ოცამდე ჟურნალისტი, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT („რაშა თუდეის“) შეფ-რედაქტორი, მარია ბარონოვა, და ცნობილი ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი.

„მოვითხოვთ ღიაობას“ და „ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“ - ასეთი იყო თითოკაციანი პიკეტის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნები, რასაც რუსეთის ხელისუფლება არ იზიარებს.

ივან საფრონოვის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთში არ არის გაძლიერებული ჟურნალისტების დევნის ტენდენცია და მრავალი მასალა, რომელიც ამის შესახებ ქვეყნდება, ემოციებზეა დაფუძნებული.

„უნდა მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს“, - აცხადებს დმიტრი პესკოვი.

მაგრამ სასამართლოს იმედად დარჩენას არ აპირებენ ივან საფრონოვის კოლეგები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ, როგორც წინა შემთხვევებში, ხელისუფლება კვლავ ცდილობს გამოიყენოს სამართალდამცავი სტრუქტურები და კონტროლირებადი თემიდა „დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის“ .

„ივან გოლუნოვისა და სვეტლანა პროკოპიევას საქმეებს ახლა უკვე ივან საფრონოვის საქმეც დაემატა. ჩვენ გადაჭრით მოვითხოვთ მაქსიმალურ საჯაროობას და ღიაობას ამ საქმეზე. „კომერსანტი“ თვალს მიადევნებს გამოძიების თითოეულ მოქმედებას და სასამართლოს ყველა სხდომას. „კომერსანტი“ მადლობას უხდის კოლეგებს სხვა გამოცემებიდან, რომლებიც თავიანთი მუშაობით მხარს უჭერენ ივან საფრონოვს, - ყველას, ვისაც ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს სიტუაციებში საზოგადოებრივი აზრი“, - ნათქვამია სარედაქციო სახლ „კომერსანტის“ მიმართვაში.

ნიშანდობლივია, რომ წინა დღით, 6 ივლისს, პროკურატურამ სისხლის სამართლის სქმე აღძრა „მედიაზონის“ გამომცემლის, პიოტრ ვერზილოვის, წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან ხელისუფლებას დაუმალა კანადის მოქალაქეობის ქონა.

ასევე ექვს ივლისს ფსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ტერორიზმის გამართლების“ მუხლით ბრალდებული რადიო თავისუფლების ფრილანსერი ჟურნალისტი, სვეტლანა პროკოპიევა, და მას 500 000 რუბლის გადახდა მიუსაჯა.

„საუკეთესო ჟურნალისტი“ და „პატრიოტი“

ჟურნალისტებს ცუდად ენიშნათ ის ფაქტი, რომ 7 ივლისის სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, პროკურორები შეეცადნენ საფრონოვის ადვოკატისაგან მიეღოთ გაუთქმელობის ხელწერილი. ივან პავლოვი აცხადებს, რომ პროცესზე გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს ივან საფრონოვის საქმის მოწმეს, მის ყოფილ მეგობარ ქალს, ჟურნალისტ ტაისია ბეკბულატოვას, რომლის სახლშიც უშიშროების გამომძიებლებმა ასევე ჩაატარეს ჩხრეკა.

ადვოკატი ფიქრობს, რომ ФСБ გაუთქმელობის ხელწერილს მოსთხოვს ასევე ივან საფრონოვის მთელ გარემოცვას, რათა მათ არ გააკეთონ კომენტარები საქმის გარშემო.

მაგრამ გაჩუმებას არ აპირებენ რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი გამოცემები, რომლებიც ივან საფრონოვს უწოდებენ „ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ჟურნალისტსა“ და ქვეყნის „პატრიოტს“.

„ჩვენ არ ვიცით არც საქმის არსი, არც ის, თუ რაში ადანაშაულებენ ივანს და რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ საფრონოვს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტს, პატიოსან რეპორტიორსა და ნამდვილ ამხანაგს. ის თავისი ქვეყნის პატრიოტია. შეუძლებელია ივანე, ოფიცრის შვილი, წარმოადგინო სახელმწიფოს მოღალატედ“, - ნათქვამია გაზეთ „ვედომოსტის“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ, კოლეგების გარდა, ივან საფრონოვი „პროფესიონალ“ და „წესიერ“ პიროვნებად დაახასიათა დმიტრი როგოზინმა, სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა, რომლის თანაშემწედაც დაპატიმრების დროს მუშაობდა ყოფილი ჟურნალისტი.

„საფრონოვს მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობდი როგორც ჟურნალისტს, რომელიც ღრმად ერკვეოდა მასალაში. ეჭვი არ მეპარებოდა მის მაღალ პროფესიონალიზმსა და პირად წესიერებაში“, - იმოწმებენ როგოზინის სიტყვებს რუსეთის სააგენტოები.

ამასთან, ჟურნალისტის დაკავების შემდეგ „როსკოსმოსში“ განაცხადეს, რომ უწყებაში მუშაობის განმავლობაში საფრონოვს არ ჰქონდა დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე.

მაგრამ, გამოძიების ვერსიით, საფრონოვმა საიდუმლო მასალების შეგროვება და ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობა უფრო ადრე დაიწყო, როდესაც იგი მოქმედი ჟურნალისტი იყო და გაზეთებში „კომერსანტსა“ და „ვედმოსტიში“ თითქმის 15 წლის განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველი კომპლექსისა და კოსმოსური სფეროს შესახებ.

ცნობილია ისიც, რომ ივან საფრონოვი აკრედიტებული იყო კორესპონდენტების იმ ჯგუფში, ე.წ. „კრემლის პულსში“, რომელიც ვლადიმირ პუტინის მუშაობას და მის შეხვედრებს აშუქებდა.

ეს კი, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ მას რეგულარულად ამოწმებდა სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახური.

“ივანს ტყუილად როდი უწოდებენ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტს. ჩვენთვის ცნობილია არა მხოლოდ მისი უმაღლესი პროფესიონალიზმის, არამედ მისი ხასიათის შესახებ. ივანე რუსეთის ნამდვილი პატრიოტია, რომელიც წერდა არმიასა და კოსმოსზე, რადგან გულწრფელად გულშემატკივრობდა მას. სამშობლოს ღალატში ეჭვის შეტანა მასთან მიმართებით აბსურდულად გამოიყურება“, - ნათქვამია „კომერსანტის“ სარედაქციო სტატიაში.

„მედიაზონა“: “ФСБ (უშიშროების ფედერალური სამსახური) და სხვა ძალისმიერი სტრუქტურები ცდილობენ გვაიძულონ გავჩუმდეთ. ეს არ მოხდება“.

„ნოვაია გაზეტა“: „გვესმის, რომ ჩვენს პროფესიას გამოწვევა ესროლეს და ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავსა და კოლეგებს“ .

საქმის მოსალოდნელი საერთაშორისო რეზონანსი

მაგრამ როგორ წარიმართება ივან საფრონოვის საქმის გამოძიება და ვისი აზრი გადაწონის სასამართლოზე - სოლიდარული ჟურნალისტური საზოგადოებისა, თუ პროკურატურის, ამას ახლა ვერავინ ივარაუდებს.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი „სახელმწიფო ღალატის“ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ივან საფრონოვს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიდი სიზუსტით შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ეს საქმე აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ საერთაშორისო რეზონანსს, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, პროკურორები საფრონოვს ადანაშაულებენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების შეგროვებასა და ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლისათვის გადაცემაში.

როგორც საფრონოვის ადვოკატმა, ივან პავლოვმა, უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის აზრით, ეს უცხო ქვეყანა არის ჩეხეთი, ხოლო ამ ინფორმაციით საბოლოო მოსარგებლე სავარაუდო ქვეყანა - აშშ.

ჩეხეთსა და რუსეთს შორის ბოლო ხანს ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საფრონოვის საქმემ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ნაპრალი გააჩინოს ამ ურთიერთობაში.

თავდაპირველად მოსკოვი ძალიან გააღიზიანა პრაღის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომლის საფუძველზეც 28 თებერვალს პრაღის ცენტრში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ეწოდა ბორის ნემცოვის სახელი, ხოლო საელჩოს შენობის უკან გამავალ ხეივანს ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ანა პოლიტკოვსკაიას, სახელი მიენიჭა.

ერთ კვირაში, 3 აპრილს, პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლს. ასევე, ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მონუმენტი, რომელიც პრაღაში 1980 წელს, ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის დროს, დაიდგა, ჩამოხსნეს და მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში გადაიტანეს.

კრემლმა პროტესტის გამოხატვაც კი ვერ მოასწრო, რომ პრაღის განაპირა რაიონ რჟეპორიეში 30 აპრილს ადგილობრივმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ აღმართა მემორიალური დაფა „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“, ე.წ. გენერალ ვლასოვის არმიის, მებრძოლთა უკვდავსაყოფად.

ამ ყველაფერს დაემატა საკმაოდ ბურუსით მოცული ე.წ. რიცინის საქმე, რის გამოც ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატის გაძევებას „აბსურდული“ და „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ „მოვლენათა ასეთი განვითარება გათვალისწინებული იქნება რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობათა საერთო კონტექსტში“.

დიმლომატიურ გაფრთხილებას მოსკოვის მხრიდან მალე კონკრეტული ქმედებაც მოჰყვა.

15 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთში ჩეხეთის ელჩი, ვიტესლავ პივონკა, და მოსთხოვეს, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ მის ორ თანამშრომელს სასწრაფოდ დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, ვიდრე უშიშროების აგენტები მოსკოვში ყოფილ ჟურნალისტს, ივან საფრონოვს, დააკავებდნენ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თავი დამნაშავედ ცნო პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა, ელიზაბეთ შირლიმ, რომელიც, ბრალდების თანახმად, აპირებდა საიდუმლო ინფორმაცია გადაეცა რუსეთისათვის.

ელიზაბეთ შირლი 2019 წლის აგვისტოში დააკავეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ზესაიდუმლო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციით და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანილი მცირეწლოვანი შვილით.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მექსიკიდან შირლიმ რუსეთის ხელისუფლებას წერილი მისწერა, რომელშიც იტყობინებოდა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საგნების აშშ-იდან სასწრაფოდ გაგზავნის აუცილებლობის თაობაზე, „ვიდრე მას ჩამოართმევდნენ და გაანადგურებდნენ“.

შირლის ემუქრება 10 წლით პატიმრობა საიდუმლო ინფორმაციის შენახვისათვის და კიდევ სამი წელი - საზღვარგარეთ ბავშვის უკანონოდ გაყვანისათვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG