Accessibility links

სახლიდან მუშაობა „ჟამიანობისას“, გნებავთ, კორონავირუსისას


08:30 - მაღვიძარა რეკავს. ანუ, ახლა რას ვშვრები? ჩვეულებრივად ვდგები, ვიბან, ვიცვამ და... სამსახურში არ მივდივარ, ხო? არა, მივდივარ. ნწ, მოდი, უფრო ზუსტი ვიქნები, კი არ მივდივარ, მეორე ოთახში გავდივარ. ვრთავ ლეპტოპს და 9:30-ზე ველოდები ონლაინთათბირს. თათბირი 40 წუთს გრძელდება.

დავალება მიღებულია და აი, აქ იწყება მთავარი ამბავი. ე.ი. მე ახლა უკვე სამსახურში ვარ, ხო? არადა, სახლის დაწელილი ჯემპრი მაცვია, ლინზების ნაცვლად მოგრეხილი სათვალე მიკეთია, რომელსაც პერიოდულად შუშა ძვრება და თუ კარგად მიაყურადებ, საძინებლებიდან ოჯახის ფშვინვა ისმის.

აუ, და მაგრად იბნევი - ახლა უცებ კვერცხი მოვხარშო საუზმისთვის თუ ჯერ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესსამსახურს დავურეკო? არა, კვერცხი რომ მოვხარშო, მერე დარეკვა არ დამაგვიანდეს და ახლა კიდე რედაქტორმა არ იფიქროს, გავუშვი სახლში და აჰა, სულ აიშვაო.

კაი, წყალსაც წაუღია კვერცხი. ვიღებ ლეპტოპს, ვდგები შუა ოთახში და ის გაცვეთილი ხუმრობა რომ არის, „ტრავოლტას გიფივით ვტრიალებ აქეთ-იქითო“, აი, ზუსტად ეგრე ვიწყებ ბზრიალს, უბრალოდ, მკლავზე გადაკიდებული ლაბადის ნაცვლად, იღლიაში მაქვს ამოჩრილი ლეპტოპი და აბა, თუ მაგარი ქალი ხარ, ახლა გადაწყვიტე, სად ჯანდაბაში დაჯდე, რომ თან რესპონდენტებს ურეკო, თან სახლი ფეხზე არ დააყენო, თან ისე დაჯდე, ბეჭი არ გაიშეშო და თან დღის ბოლოს ერთი სრულყოფილი სტატიაც დაწერო. მომენტალურად ჩამესმის ჩემი ქმრის ხმა, ხუთი წლის წინ, ბინის წყობას რომ ვგეგმავდით, თავზე რომ დამძახოდა მანტრასავით, „ერთი კაბინეტი აუცილებელია, ერთი კაბინეტი აუცილებელია“ და მე რომ მაინც ჩემი გავიტანე და „არააა, მე დიდი სივრცე მინდა“ - ასე დავაპროექტე ბინა.

მოკლედ, დისტანციური მუშაობის პირველი დღის ბოლოს, მოვლილი მქონდა სახლის ყველა სკამი, სავარძელი და ტახტი, მტკიოდა კისერი და ჭვალი მედგა ბეჭში. 18:30 წუთზე დავხურე ლეპტოპი, დავავლე ქურთუკს ხელი და...

საათ-ნახევარში, კმაყოფილი ვადევნებდი თვალს, როგორ აწყობდა საძინებლის კუთხეში ჩემი ქმარი საწერ მაგიდასა და სკამს.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მსოფლიოში ათასობით დაწესებულება თუ კერძო კომპანია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ათეულობით კომპანიამ თუ საჯარო უწყებამ დაიწყო დისტანციური მუშაობა საქართველოშიც. მათ შორის, სამინისტროებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიასაშუალებებმა.

სახლში კომფორტული და ნაყოფიერი სამუშაო სივრცის შექმნა, არ აღმოჩნდა მარტივი გამოწვევა. თუმცა, იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს და, შესაბამისად, გახანგრძლივდეს დისტანციურ რეჟიმში ყოფნის პერიოდი, სახლში სამუშაოდ გადაბარგებულებმა კომფორტული სამუშაო გარემოს მოწყობაზე დაიწყეს ზრუნვა.

ნინო ნარიმანიშვილი, „მედიაჩეკერის“ რედაქტორი

„მეორე დღეა დისტანციურად ვმუშაობთ. მანამდეც მქონია იშვიათი და ერთდღიანი გამოცდილება სახლიდან მუშაობისა, მაგრამ ახლა სულ სხვა განცდა მაქვს, რადგან ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა, არცთუ ცოტა ხნით მომიწიოს ასე, დისტანციურად მუშაობა. გუშინ, დისტანციურად მუშაობის პირველი დღე გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა. მივხვდი, რომ სახლში სამუშაოდ უფრო მეტი პირობა მჭირდება. ერთადერთი უპირატესობა, რაც ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით მაქვს, არის ის, რომ მარტო ვცხოვრობ და სახლის ყველა კუთხე შემიძლია გამოვიყენო სამუშაოდ. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ მაქვს სახლში ისეთი მყუდრო კუთხე, სადაც კომფორტულად დავჯდები და ვიმუშავებ. ვზივარ მისაღებ ოთახში, სასადილო მაგიდასთან და აღმოვაჩინე, რომ ეს მაგიდა და მისი სკამი სულაც არ არის კომფორტული ლეპტოპთან სამუშაოდ. გუშინ, დღის ბოლოს, უკვე ძალიან მტკიოდა ზურგი, ხან პლედი მოვიხურე, იქნებ უფრო რბილად მივეყრდნო-მეთქი სკამის საზურგეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ დავფიქრდი, რომ თუკი დისტანციურად მუშაობა არის არა ერთი კვირის, არამედ უფრო დიდხნიანი გამოწვევა, მაშინ უფრო კომფორტული კუთხე უნდა მოვიწყო. ვერც სავარძელში გადავჯდები და ვერც დივანზე. მივხვდი, რომ ასე ჩემი პროდუქტიულობა იკარგება. დივანზე წამოწოლილს აღარ მაქვს განცდა, რომ საქმეს ვაკეთებ. ისიც გავაცნობიერე, რომ გამიჭირდა დროის მენეჯმენტი. საჭმელიც კი ვერ ვჭამე. თუკი სამსახურში, მაგალითად, ლანჩზე გადიხარ, გუშინ ესეც ვერ მოვახერხე“.

გიორგი აფციაური, კერძო კომპანიის თანამშრომელი

„ოჯახთან ერთად ფასანაურში წამოვედით. მცირეწლოვანი შვილი მყავს და ვიფიქრე, რომ ასე უფრო მეტად ვიქნებით დაცულები. მცირე საოჯახო ტიპის სასტუმრო გვაქვს და დროებით სწორედ იქ მოვიწყვე სამუშაო სივრცე. შეიძლება ითქვას, რომ პატარა ოფისი გავმართე - სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი და სკანერი. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ თოვლი მოვიდა და მეშინია, შუქი არ ჩაქრეს. გუშინ, მაგალითად, ელექტროენერგიის გარეშე დავრჩი და სამუშაო საათებში, ფაქტობრივად, ვერაფერი გავაკეთე და გვიან მომიწია მუშაობა. ნელ-ნელა ახალ რეალობას ვეჩვევით“.

ელენე ქაიხოსროშვილი, ადამიანის უფლებათა იურისტი

„რამდენიმე დღეა დისტანციურად ვმუშაობთ. აღმოვაჩინე, თურმე როგორი კომფორტული ყოფილა სკამი, რომელიც სამსახურში მაქვს და როგორი არაკომფორტულია სკამი, რომელზეც სახლში მიწევს მუშაობა. როდესაც მივხვდი, რომ შესაძლოა, დისტანციურად კიდევ დიდხანს ვიმუშაოთ, დავგუგლე დისტანციურად მუშაობისას გასათვალისწინებელი რჩევები. რამდენიმე ძალიან კარგ რჩევას წავაწყდი და ვცდილობ, გავითვალისწინო. მაგალითად, ის, რომ არ უნდა ამოვვარდე სამუშაო რეჟიმიდან და დილით ისე უნდა ავდგე, თითქოს სამსახურში მივდივარ. ვდგები და ვიცვამ არა საშინაო ტანსაცმელს, არამედ ვცდილობ დაახლოებით ისე ჩავიცვა, როგორც სამსახურში წასვლისას. დავივიწყე, რომ არსებობს საძინებელი ოთახი, რადგან შეიძლება მოგინდეს წამოწოლა და მერე ყველა გეგმა აგერიოს. მაგიდაზე გამოვყავი სივრცეები. ფანჯრის მხარეს ვსადილობ, შუაში სამსახურისთვის საჭირო დოკუმენტები და კომპიუტერი მიდევს. მარცხნივ კი წიგნები, რომ შუადღისას ერთი საათით განვიტვირთო და რამდენიმე ფურცელი წავიკითხო. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ მუშაობას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, აღმოვაჩინე მისი დადებითი მხარეც - სახლში მუშაობისას შეგიძლია მუსიკას მოუსმინო ყურსასმენების გარეშე და იცეკვო კიდეც“.

ლევან ქათამაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

„ორ კვირაზე მეტია, დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. სამუშაო სივრცე საგანგებოდ არ მომიწყვია, თუმცა, გავითვალისწინე ის, რაც სამსახურში მაკლია. ოფისში, ჩემს სამუშაო ოთახს ფანჯარა არ აქვს და დღის სინათლე მაკლია ხოლმე. ამიტომ, სახლში, სამუშაო სივრცე ფანჯარასთან მოვიწყვე. თავიდან ცოტა გამიჭირდა - იღვიძებ დილით, იცი, რომ არსად წასასვლელი არ ხარ, ვერ ხვდები, მაშინვე უნდა წამოხტე თუ როგორ მოიქცე, მაგრამ ახლა უკვე ჩემს თავს ვეუბნები, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე - დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. გარდა ამისა, აღმოვაჩინე, რომ სიჩუმეში მუშაობა ძალიან კარგი რამ ყოფილა. ოფისში შვიდი ადამიანი ვართ ერთ ოთახში და მაინც ხმაურია ხოლმე, ახლა კი გაცილებით მშვიდად ვმუშაობ“.

თეონა აქუბარდია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში

„არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახლიდან მიწევს მუშაობა. თუმცა, დღეს ამ ყველაფერმა ერთგვარი იძულებითი სახე შეიძინა. ჯერჯერობით, სპეციალური სამუშაო სივრცე არ მომიწყვია. მაქვს ჟურნალების მაგიდა, კუთხის დივანი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის ახლა ჩემი სამუშაო სივრცე. არასდროს მიყვარდა საწერ მაგიდასთან ჯდომა. ბავშვობიდან ამ რეჟიმში ვმეცადინეობდი და მაშინ, როცა კაბინეტში მიწევდა მუშაობა, მერჩივნა, ისევ დივანზე მეკეთებინა საქმე. ახლა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სახლში სამუშაოდ უფრო მეტი მობილიზება გჭირდება. ზუსტად უნდა იცოდე, როდის იწყებ მუშაობას, როდის უნდა დაისვენო და, ამავდროულად, ისეთი გარემოც უნდა შექმნა, რომ ყურადღება ნაკლებად გაგეფანტოს. მაგალითად, შესაძლოა, შენ მუშაობდე და იქვე ტელევიზორი გუგუნებდეს, ასევე სახლში საქმე გქონდეს, რომელსაც სხვა დროს, საღამოობით აკეთებდი, მაგრამ ახლა, რაკი სახლში ხარ, ფიქრობ, რომ შეგიძლია სამუშაო საათებშიც გააკეთო, რაც არ არის სწორი. მოგვიწევს ახლა ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით“.

ირინა ალიაშვილი, ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ პროექტების განვითარების მენეჯერი

„ერთი კვირაა დისტანციურ მუშაობაზე გადავედით. მცირეწლოვანი შვილი მყავს და ამ ეტაპზე, ბავშვს ბებია-ბაბუასთან ვერ ვტოვებ. პირველი ორი დღე ძალიან გამიჭირდა. რაკი სახლში ვიყავი, ჩემს ყურადღებას ითხოვდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ღამით ვიმუშაო და მეორე დღის დავალებები წინა ღამით შევასრულო. თუკი რაიმე აუცილებელი და სასწრაფოა, ერთი ან ორი საათით საძინებელში ვიკეტები. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამოკეტვაც წარმატებით გამომდის, მაგრამ სხვა გზა არ არის. ყოველ ხუთ წუთში ერთხელ კარზე კაკუნია, „დე, დე, მუშაობ? არ მორჩი?“

ნინო ტლაშაძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

„დისტანციური მუშაობა დღეიდან დავიწყეთ. კონკრეტული სამუშაო სივრცე სახლში არასდროს მქონია. ამის საშუალებას სახლის ფართი არ მაძლევს. ამიტომ, სანამ ასე დისტანციური მუშაობა დაგვჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს დიდხანს არ გასტანს, მომიწევს, რომ ჩემი შვილების ოთახი და სამეცადინო კუთხე გამოვიყენო, რათა მთლიანად ჩავერთო სამუშაო პროცესში. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ანგარიში მაქვს დასაწერი, ასევე ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ძალიან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს და აუცილებელია, რომ საქმე სრულყოფილად ვაკეთო. ვიცი, რომ არ იქნება ადვილი პროცესი და მაქვს განცდა, რომ ისეთი პროდუქტიული, როგორც სამსახურში ვარ, სახლში ვერ ვიქნები. ალბათ ჩემი სამუშაო საათები ამის გამო საკმაოდ გახანგრძლივდება“.

ნონა მამულაშვილი, საქართველო-შვეიცარიის ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი

„აქამდეც ვაძლევდი ხოლმე თანამშრომლებს იმის საშუალებას, რომ სახლიდან ემუშავათ. ამ რეჟიმზე მხოლოდ ვირუსის გამო არ გადავსულვართ. შეიძლება ითქვას, რომ მზად დავხვდით ამ გამოწვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და იქ საქმიანი შეხვედრების გამართვაა, ახლა, ვირუსის გავრცელების გამო, ეს ვიზიტები შეჩერდა და ყველაფერმა ონლაინ გადაინაცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სახლიდან მუშაობ, გქონდეს შენი სამუშაო სივრცე. შესაძლოა გჭირდებოდეს საბუთები, სხვადასხვა დოკუმენტი და ეს ყველაფერი მთელ სახლში გაბნეული ვერ გექნება. ვერაფრით წარმომიდგენია, დავჯდე სამზარეულოში და იქ ვიმუშაო. იქ ხან ოჯახის წევრი გამოივლის, ხან ტელევიზორი იქნება ჩართული და აუცილებლად დაკარგავ კონცენტრაციას. ამიტომ უნდა გქონდეს პატარა იზოლირებული ადგილი, სადაც შენს საქმეს გააკეთებ და მერე მიხედავ ოჯახს“.

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც COVID 19-ის გავრცელების გამო სახლიდან მუშაობს

  • თუკი აქამდე არ გქონია სამუშაო სივრცე, აუცილებლად იპოვე სახლის ერთი კუთხე, სადაც მშვიდად იმუშავებ;
  • მოძებნე ისეთი სკამი, მაგიდა თუ სავარძელი, რომელიც ზურგსა და კისერს არ აგატკიებს;
  • ჩაიცვი - ანუ, მთელი დღე საღამურში არ გაატარო. მერე რა, რომ სახლში მუშაობ. მოწესრიგებული ტანსაცმელი გიქმნის სამუშაო განწყობას.
  • შთააგონე საკუთარ თავს, რომ ზიხარ ოფისში და აკეთებ საქმეს. ანუ, სწორად გადაანაწილე დრო მუშაობისთვის და შესვენებისთვის;
  • თუკი ოჯახის წევრებთან ერთად გიწევს მუშაობა, 45 წუთში ერთხელ წამოდექი სკამიდან, გამოელაპარაკე მათ და თან ფანჯრიდან შორს, სივრცეში გაიხედე. ამით ოჯახის წევრებსაც ასიამოვნებ და საკუთარ თვალებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG