Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეფაში, როგორც საბჭოთა დროში


ოპონენტებს კომბლებით ემუქრებიან, ქამრებით უპირებენ შებორკვას, თავისიანებს კი გრძელ, სახელდახელოდ გადახურულ სუფრაზე - სეფაში ეპატიჟებიან, როგორც ადრე საბჭოთა საქართველოში, სოფლებსა და რაიონებში ხდებოდა ხოლმე, ქორწილებისა და ქელეხების დროს, თუმცა ამჯერად პურობის მიზეზი არც ქელეხი ყოფილა და არც - ქორწილი. საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ხელმოწერებს აგროვებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის მოთხოვნით, სეფა კი, რომელიც ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში გაიშალა, ამ პროცესის ნაწილია.

ზუგდიდში დაფუძნებული საინფორმაციო პორტალის, Livepress.ge-ის მიერ მომხადებული რეპორტაჟის მიხედვით, ათასი კაცისთვის გაშლილ „ერთიანობის სუფრაზე“ მიწვევამდე, რამდენიმე ტაძრის სასულიერო პირებთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა ქვეყნის მთლიანობის ლოცვა, რომლის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს საინიციატივო ჯგუფის - "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" მოთხოვნებს და სუფრაზე გადაინაცვლეს.

სუფრას ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია უძღვებოდა.

Livepress.ge-ის ცნობით, ჟურნალისტებს ათას კაციან ტრაპეზთან მიახლოება და გადაღება შეზღუდული ჰქონდათ.

„გვეუბნებოდნენ, რომ "უხერხულია" და გვთხოვდნენ მოვშორებოდით პერიმეტრს. თუმცა ეზოში ყოფნა ჩვენთვის არ დაუშლიათ. მოგვიანებით მათ ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შეუერთდა, რომელსაც ფეხზე წამოდგომით, ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ - "ლევან ვასაძეს გაუმარჯოს". დალიეს მისი სადღერგრძელო და მანაც შესვა სამადლობელი“, - წერს Livepress.ge.

ლევან ვასაძე
ლევან ვასაძე

"მოვედი, რომ ერთად ვიყოთ ამ დიდებულ ტაძართან. პირველად ვნახე ეს ტაძარი. გახარებული ვარ. ნამდვილი საოცრებაა", - აღნიშნა ლევან ვასაძემ, რომელსაც მოთხოვნაზე ხელი თბილისში მოუწერია.

სუფრიდან ისმოდა საუბრები ქართველი კაცის, ქართველი ქალის დამსახურების შესახებ ქვეყნის წინაშე, ღირებულებებზე, რომელზეც მათი თქმით, ეს ქვეყანა დგას. ასევე, დაგმეს "საყურიანი ბიჭები" და ლგბტ ადამიანების ქცევები, შეხედულებები.

"გოგო გოგოს რომ გაჰყვება და ბიჭი ბიჭს, ერი არ გამრავლდება. მე ხუთი შვილიშვილი მყავს და არ მინდა ბიჭმა ბიჭი მოიყვანოს და გოგო გოგოს გაჰყვეს", - უთხრა Livepress.ge-ს ზუგდიდელმა ამირან კოდუამ.


ზუგდიდის მცხოვრებმა ლეილა ბარამიამ განმარტა, რომ სუფრა ნარაზენელმა ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა ქველმოქმედების სახით გაშალა და ბევრი მშიერი ადამიანი დააპურა. ამ ადამიანებმა თავის მხრივ თქვეს, რომ ტაძარში დაესწრნენ ლოცვას, რომლის დასრულების შემდეგაც ეზოში სუფრა დახვდათ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის თქმით, ხელმოწერები „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ ცვლილებების შესატანად გროვდება. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობიდან ამოღებული უნდა იქნას ტერმინები – „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“. საუბარია საქართველოს კანონზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

ხელმოწერების შეგროვება
ხელმოწერების შეგროვება

რაც შეეხება სუფრას, ფალავანდიშვილის ინფორმაციით, თანხის ნაწილი მრევლმა შეაგროვა, დანარჩენი თანხა ბიზნესმენმა გიორგი ბერიშვილმა გაიღო.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ Livepress.ge-ის უთხრა, რომ თავად ზუგდიდში არ იმყოფება, ხოლოდ ხელმოწერების შესახებ არაფერი იცის. რაც შეეხება სუფრას, განმარტა:

"ტაძარში დღეს ერთობლივი ლოცვა იყო, როგორც ხშირად ვატარებთ. ამ ლოცვას ის ადამიანიც ესწრებოდა, რომელმაც ერთ-ერთი ეკლესია ააშენა. საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა", - აღნიშნა მან.

თავად ბიზნესმენი გიორგი ბერიშვილი ჟურნალისტებს არ გასაუბრებია.

ხელმოწერებს, რომელთა შეგროვებაც სამი დღის წინ დაიწყეს, საინიციატივო ჯგუფის წევრები მთავრობას და პარლამენტს წარუდგენენ.

საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამბობს, რომ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

XS
SM
MD
LG