Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ალექსიევიჩი თვითმკვლელების შესახებ


სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი

თვითმკვლელობის მექანიზმი, როგორც თავდაცვის გარკვეული ფორმა, ადამიანის ბუნებაშია ჩადებული. თვითმკვლელთა შორის მამაკაცები მეტია, ვიდრე ქალები, ვინაიდან ბელარუსიელი ქალები მამაკაცებზე უფრო ძლიერები არიან. თვითმკვლელები არიან ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც ბიოლოგიურ დინებას არ მიჰყვებიან. ასე ფიქრობს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი, ავტორი წიგნისა თვითმკვლელების შესახებ „სიკვდილით მონუსხულები“. ალექსიევიჩს რადიო თავისუფლების ბელარუსიული რედაქციის კორესპონდენტი ჰანა სოუსი ესაუბრა.

მოკლედ

  • ახალი წიგნისთვის ვიწერდი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს - გეებს, ლესბოსელებს. ეს უფრო რთული ხალხია, ვიდრე ისინი, ვინც, როგორც ვამბობ ხოლმე, ბიოლოგიურ დინებას მიჰყვება. ასეა თვითმკვლელობების შემთხვევაშიც.
  • ხელოვნება ამ თვალსაზრისით ძალიან მკაცრია, ამორალურიც კი, ვინაიდან ხელოვნებისთვის ეს ძალიან საინტერესო ადამიანები არიან.
  • ეს მხოლოდ ასე მოჩანს, რომ მამაკაცები ძლიერები არიან. შეიძლება სანგრებში როცა არიან, ასრულებენ თავის რაღაც როლს. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ქალებს აწევთ მხრებზე.
  • სიცოცხლე ძალიან საინტერესოა, ყველაფრის მიუხედავად. უბრალოდ, საჭიროა ეს მომენტი გადალახო, ვინაიდან სასოწარკვეთის მომენტი არაა დასასრული. ამის შემდეგ ისევ გაგახარებთ სიცოცხლე, იგივე ბავშვები, რომლებმაც გაწყენინეს.

„თვითმკვლელობა თავდაცვის ერთ-ერთი ფორმაა - როცა ადამიანს ტანჯვის შეწყვეტა სურს“

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ბელარუსი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თვითმკვლელობების მიხედვით. 2016 წელს 100 ათას ადამიანზე წელიწადში 21 სუიციდი მოდიოდა. რამდენად არის ეს ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი - გარკვეულ ვითარებებში ჩაიდინოს თვითმკვლელობა?

- ეს მექანიზმი ჩადებულია ადამიანის ბუნებაში. იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ეს თავდაცვის ასეთი ფორმაა. როცა ვწერდი „ომს არა აქვს ქალის სახე“-ს, ხალხს მოუყოლია, როგორ აძოვებდნენ ტყეში საქონელს და ხედავდნენ, როგორც წვავდნენ სოფელს და დასახვრეტად მიჰყავდათ მშობლები, და. ადამიანი იძინებდა და როცა იღვიძებდა, სოფელი უკვე იფერფლებოდა, ჯალათები წასული იყვნენ და აღარავინ იყო დარჩენილი.

ესეც დამცავი მექანიზმია. ის ვლინდება სიგიჟის მიზეზში, რაც ზოგჯერ მოსდიოდათ ბიჭებს ომში. შევხვედრივარ რამდენიმე ბიჭს, რომელიც ომში ჭკუიდან შეიშალა. ორგანიზმი თავს იცავდა, ადამიანი მიდიოდა რაღაც რეალობაში, სადაც უკვე აღარ განიცდიდა ტკივილს. მე ვფიქრობ, თვითმკვლელობაც ერთ-ერთი ისეთი ფორმაა, როცა ადამიანს სურს შეწყვიტოს ტანჯვა, ტკივილი, მძიმე ფიქრები, ცხოვრების გარემოებები - და თავდაცვის ასეთ ფორმას ირჩევს.

„პატარა ადამიანი კიდევ უფრო დაუცველია, ვიდრე კომუნიზმის დროს“

- ათი წლის წინ „პრაღულ აქცენტში“ თქვენ დაასახელეთ სამი მიზეზი, რატომ მიდიან ბელარუსში ადამიანები თვითმკვლელობაზე - ცხოვრების აზრის დაკარგვა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ; ხალხმა ბარიკადები დატოვა, შინ დაბრუნდა და აღარ იცის, რა აკეთოს; ახალი ცხოვრება, რომელთანაც არ არიან ადაპტირებული. ახლა ბელარუსიელები უკვე მეოთხედი საუკუნე ცხოვრობენ სხვა ავტორიტარულ სისტემაში და თვითმკვლელობების დონე ძალიან მაღალია. 2018 წელს ბელარუსის მაცხოვრებლები თითქმის ექვსჯერ უფრო ხშირად იკლავდნენ თავს, ვიდრე კვდებოდნენ ბოროტმოქმედის ხელით. ახლა როგორ ჩამოაყალიბებდით თვითმკვლელობის მიზეზებს? ისინი იცვლება ბელარუსში?

- არა. საუბედუროდ, ჩვენი ცხოვრების ფსიქოლოგიური ჩარჩოები იმდენად არ შეცვლილა და ეს სამი მთავარი მიზეზი დარჩა. ადამიანს მაინც უჭირს თავისი ცხოვრების დაყვანა მხოლოდ ბიოლოგიურ გადარჩენაზე. როგორც გვიყვარს ხოლმე გამეორება, ადამიანები გადარჩენით არიან დაკავებული... და მართლაც, ცხოვრება ძალიან მძიმეა, საკმარისია მინსკიდან გახვიდეთ. პატარა ქალაქებში, სოფლებში ხალხს ძალიან უჭირს ცხოვრება. არც ისე დიდი ხნის წინათ ვიმოგზაურე სოფლებში. ხალხს ასეთი განწყობილება აქვს - ვაი, არ მინდა ცხოვრება, ცხოვრება არაა საინტერესო. ბავშვები ცოტა აუმჯობესებენ განწყობილებას, მაგრამ უფროსი თაობის ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი დაიკარგა, ცხოვრება გადაიხაზა. ახალ ცხოვრებაში არაფერი ესმით ან ის ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. არაფერი ახალი არ მომხდარა.

საერთოდ, ყველაფერი უფრო მკაცრი და საშიში გახდა, ვინაიდან პატარა ადამიანი კიდევ უფრო დაუცველია, ვიდრე კომუნიზმის დროს. ის აბსოლუტურად დაუცველია ხელისუფლებისგან. და ხელისუფლება უფრო თავისუფლად და უფრო თავხედურად იქცევა, ვინაიდან აბსოლუტურად არ კონტროლდება არცერთი მხრიდან - არც ზემოდან მოსკოვის მიერ, არც ქვემოდან საზოგადოების მიერ. ის აბსოლუტურად კანონებს მიღმაა. ხალხს სიცოცხლის აზრის დაკარგვის ეს გრძნობა დაეუფლა.

- სტატისტიკურად, ბელარუსში სიცოცხლიდან უფრო მეტად მიდიან მამაკაცები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. ეს იხსნება დასაქმების პრობლემებით, ალკოჰოლიზმით. მაგრამ ზოგადად რატომ არიან მამაკაცები უფრო დაუცველები? თუ ეს დაკავშირებულია პატრიარქალურ მენტალობასთან, როცა მამაკაცს ბევრი რამ ევალება და არ შეუძლია იყოს სუსტი?

- ჯერ ერთი, ჩვენი სლავი ქალები, მათ შორის ბელარუსიელები, მამაკაცებზე უფრო ძლიერები არიან. ეს მხოლოდ ასე მოჩანს, რომ მამაკაცები ძლიერები არიან. შეიძლება სანგრებში როცა არიან, ასრულებენ რაღაც თავის როლს. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ქალებს აწევთ მხრებზე. ქალი თავისი ბიოლოგიური მოტივით, ცხოვრების ბიოლოგიური საზრისით უფრო დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან ბავშვებისა და ყველა დანარჩენის მიმართ. მამაკაცებში ეს არ არის.

„ადამიანი არა მხოლოდ სიყმაწვილეში ფიქრობს სიკვდილზე“

- ჩრდილოეთის ქვეყნებში ასევე საკმაოდ მაღალია თვითმკვლელობების დონე - ნორვეგიაში, ფინეთში, ლიტვაში. იქ ბელარუსზე უკეთესი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა. ზოგჯერ მიზეზებს შორის ასახელებენ მზის ნაკლებობას, რაც ხასიათზე მოქმედებს. ამ ქვეყნებში როგორ ახსნიდით თვითმკვლელობას?

- ადამიანმა გადაწყვიტა გადარჩენის პრობლემა. აქვს სახლი, მანქანა. ეს ჩვენთან მაღალი მიზანია, იქ კი მინიმუმია. იქ პრეზიდენტი არ დაიწყებს ლაპარაკს, რამდენი ცენტნერია ჰექტარზე, რომ ეს თუ ის უნდა გავაკეთოთ, რომ გვაქვს ხორცი. ის არ დაიწყებს მინდორ-მინდორ სიარულს და ბრძანებების გაცემას. ამას აკეთებს ხალხი ადგილებზე. და აქ იწყება ეგზისტენციალური რამეები, მეტაფიზიკური. ადამიანი იწყებს ცხოვრების საზრისზე დაფიქრებას. ყველა სულაც არ არის ბედნიერი, ყველას არ შეხვედრია სიყვარული. ყველა არ უყვართ ბავშვებს და ყველა არ არის ჯანმრთელი.

ადამიანი მხოლოდ სიყმაწვილეში არ ფიქრობს ბევრს სიკვდილზე. როცა ჩაივლის ბიოლოგიური ქედმაღლობისა და ძალის დრო და ადამიანი უკვე აღარაა ისე ძლიერი, იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რისთვის იყო ყველაფერი ეს. რატომ ვიტანჯებოდი? და, საერთოდ, რატომ - მე? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მატერიალური პრობლემების მოგვარების შემდეგ ჩვენი ხალხი უფრო მწვავე პრობლემებს შეეჯახება.

„ჩემთვის არ არის ისეთი გამოსავალი, როგორიც თვითმკვლელობაა. რისთვის, თუკი ცხოვრება საინტერესოა?“

- ადამიანს სჩვევია სიკვდილზე ფიქრი, მისი შიში, მასზე, როგორც აუცილებლობაზე ფიქრი. მაგრამ სიკვდილი საკუთარი სურვილით... თქვენ თვითონ ოდესმე გიფიქრიათ თვითმკვლელობის შესაძლებლობაზე?

არა. მე ძლიერი ხასიათი მაქვს, ყოველთვის მაქვს მიზანი, ცხოვრება მაინტერესებს. ამაშია საქმე. ჩემთვის არ არის ისეთი გამოსავალი, როგორიც თვითმკვლელობაა. რისთვის, თუკი ცხოვრება საინტერესოა?

- როცა წერდით წიგნს „სიკვდილით მონუსხულნი“ და ესაუბრებოდით ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომლებსაც თავად სურდათ წასვლა, რა აღმოაჩინეთ თქვენთვის, რის გაგება გსურდათ მათგან?

... ჩემ წინაშე ვხედავდი ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ბიოლოგიურ დინებას არ მიჰყვებიან - დაიბადა, დაქორწინდა და ა.შ. არა, ისინი შეძრული იყვნენ. ადგა და დაფიქრდა, რატომ ხდება ყველაფერი ეს, რატომ - მე, რატომ ვარ უბედური. ყოველთვის მხიბლავდა ამ ადამიანების სირთულე.

ახალი წიგნისთვის ვიწერდი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს - გეებს, ლესბოსელებს. ეს უფრო რთული ხალხია, ვიდრე ისინი, ვინც, როგორც ვამბობ ხოლმე, ბიოლოგიურ დინებას მიჰყვება... ეს ხალხი ბევრს იტანჯება, ბევრს ფიქრობს. ასეა თვითმკვლელობების შემთხვევაშიც. ხელოვნება ამ თვალსაზრისით ძალიან მკაცრია, ამორალურიც კი, ვინაიდან ხელოვნებისთვის ეს ძალიან საინტერესო ადამიანები არიან.

- ჩვენ ვსაუბრობთ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. თქვენ მორალური ავტორიტეტი ბრძანდებით მრავალი ადამიანისთვის ბელარუსსა და მსოფლიოში. რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ, რომ უფრო იოლია წასვლა?

- მინდა მათ ვუთხრა, რომ სიცოცხლე ძალიან საინტერესოა მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ნებისმიერი გამოცდისა, ღალატისა, იმედგაცრუებისა, დაბნეულობისა. უბრალოდ, საჭიროა ეს მომენტი გადალახო, ვინაიდან სასოწარკვეთილების მომენტი არაა დასასრული. შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. ცხოვრებაში ბევრია ისეთი გარემოება, როცა შეიძლება სასოწარკვეთილებაში აღმოჩენა. მაგრამ უკანასკნელი ძალები უნდა მოიკრიბო და გადალახო ეს მომენტი. ამის შემდეგ ისევ გაგახარებთ სიცოცხლე, იგივე ბავშვები, რომლებმაც გაწყენინეს, გაგახარებთ ახალი დღე, რომელიც დადგება, თუმცა შეიძლება ყველაფერი გტკიოდეთ.

შეიძლება იყოს ადამიანებით იმედგაცრუება. ვიცით, რომ ჩვენ ძალიან უსამართლოები ვართ ერთმანეთის მიმართ. მინდა დავწერო წიგნი სიბერის შესახებ და ხანდაზმულ ადამიანებს ვესაუბრები. ყველა მათგანს ასე თუ ისე აწყენინეს...

და ამას ჩვენ თვითონ ვუკეთებთ ერთმანეთს - ქალები და კაცები, და ის, როგორც ეპყრობიან ბავშვებს. ლამის შემშალოს ყოველმა ცნობამ ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ. ჩემი აზრით, ეს უფროსების ბრალია. თუკი სოფელში ბავშვმა თავი მოიკლა, სად იყო სკოლა, სად იყო მასწავლებელი, რომელიც მას ყოველდღე ხედავდა კლასში? მამამისი ლოთობდა, მაგრამ სად ხართ ყველანი, ვინც გარშემო იყავით? არ შეიძლება ბავშვი თავნება ადამიანს შეატოვო. საჭიროა სიკეთის წრის შექმნა საკუთარი თავის გარშემო და მასში რაც შეიძლება მეტი სხვა ადამიანის შეყვანა. თქვენ დაეხმარებით სხვას - სხვა დაგეხმარებათ თქვენ. ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი უაზრობაა, ამას არ მოაქვს სიმშვიდე. ადამიანის მორჩენა მხოლოდ სიკეთით შეიძლება.

XS
SM
MD
LG