Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის ამბულატორიები წყლის, ტუალეტის, გათბობის გარეშე: თქვენს სოფელში რა ხდება?


16 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იმერეთის, აჭარის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორიაში არსებულ სურათს აღწერს.

დასკვნა არ არის იმედისმომცემი - ამბულატორიების უმრავლესობას დღემდე გადაუჭრელი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის ტექნიკური პრობლემები აქვს.

ხოლო „სოფლის ექიმებს“, რომელთაც, მათი სახელწოდებიდან გამომდინარე, სწორედ სოფლის მოსახლეობის მომსახურება ევალებათ, იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ მათ სხვა სამსახურების შეთავსება უწევთ, სოფლებში სიარულის დრო კი აღარ რჩებათ.

რა უნდა იყოს სოფლის ამბულატორიაში?

ამ კითხვაზე, სახელმწიფოს დადგენილი აქვს, რომ ამბულატორიას უნდა ჰქონდეს:

  • მოსაცდელი და ექიმის საკონსულტაციო ოთახი.
  • ექიმის საკონსულტაციო ოთახი უნდა აღიჭურვოს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, პაციენტის გასასინჯი ტახტი) და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით.
  • ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დასაცავად, შენობის დასასუფთავებლად და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები).
  • ექიმის საკონსულტაციო ოთახში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია.
  • ამბულატორიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მაგ. პანდუსი).

სახალხო დამცველის მონიტორინგმა კი დაადგინა, რომ:

  • ექიმის მომსახურების პუნქტების ნაწილში არ არის ხელსაბანი, გამდინარე წყალი, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა.
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ამ დაწესებულებებში შეუძლებელია.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გურჯაანის, დმანისის, გარდაბნის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ამბულატორიებში.

შენობებში ოთახები მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს - კედლები და იატაკი დაზიანებულია, ფანჯრები არაჰერმეტული.

მაგალითად, ასე გამოიყურება სოფელ ფუთის და სოფელ მუხროვანის ამბულატორიები:

კიდევ უფრო ცუდ დღეშია ჯიმითის, ნაზარლოს, კულაშის, ოლადაურის (აჭარა) ამბულატორიის ოთახები.

პრობლემაა სამედიცინო ნარჩენების გატანის საკითხიც. მონიტორინგის დროს, 2019 წლის შემოდგომაზე, ნარჩენები მცირე ზომის კონტეინერებში გროვდებოდა და საყოფაცხოვრებო ნარჩენთან ერთად, საერთო წესით იყრებოდა.

ექიმებს, სოფლად, თავად უწევდათ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება და შემდგომ დაწვა ან მიწაში დამარხვა, რაც სტანდარტებს ასევე არ შეესაბამება.

ამ პრობლემას ორგანიზებულად აგვარებდნენ მხოლოდ აჭარის მუნიციპალიტეტში.

სოფლების - მეორე სვირის, თხინვალის, დედალაურის, ივანდიდის, გვიშტიბის, ფუთის, კულაშის, ბაშის, ტყაჩირის, გომბორის, ჯიმითის, მუხროვანის ამბულატორიები ზამთარში შეშით თბება, ნაწილი - ელექტროღუმელით.

გათბობის გამართული ცენტრალური სისტემა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

ზოგან სისტემა კი დამონტაჟებულია, მაგრამ გაზი არ მიეწოდება. ან - გაზის საფასურის გადახდა უშუალოდ პერსონალს უწევს.

აი, ასე გამოიყურება მეორე სვირისა და თხინვალის ამბულატორიები:

სოფელ ჯიმითში, უჯარმაში, გვიშტიბში, ჯანდარაში, მუხროვანში, მაღლაკში, კირნათში, საჩინოში ამბულატორიები ბოლო პერიოდში საერთოდ არ გარემონტებულა. ამ ამბულატორიებს არც სველი წერტილები აქვს.

ან თუ აქვს - ტუალეტი არის გარეთ და ის არ შეესაბამება არანაირ სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს.

ამ ფოტოზე ეს პრობლემაც კარგად ჩანს: ეს არის ჯიმითის, უჯარმის, გვიშტიბის ამბულატორიების ტუალეტები.

აჭარის გარდა, სხვა რეგიონების ამბულატორიებში, არა აქვთ კომპიუტერები და ინტერნეტი.

სოფლის ექიმები იძულებულები არიან, თანხა მესამე პირს გადაუხადონ, იმისთვის, რომ ამ პირმა პაციენტებისთვის ჩატარებული იმუნიზაციის შესახებ სხვა ინფორმაცია შესაბამის ბაზებში ასახოს.

და თუ ბაზებში შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტულ ვადაში არ აისახა, ან რამე ხარვეზი გამოიკვეთა, ექიმს ჯარიმა დაეკისრება.

სახალხო დამცველმა მოინახულა ამბულატორიების ის ნაწილიც, რომლებიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აშენდა და გარემონტდა.

ეს შენობები არსებულ სტანდარტს აკმაყოფილებს: ერთსართულიანია, ადაპტირებული პანდუსებით და შიდა ინფრასტრუქტურით.

თუმცა ამბულატორიების უმრავლესობაში, ან საერთოდ არ არის შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემო, ან მოთხოვნებს მხოლოდ ვიზუალურად აკმაყოფილებს.

ტუზის, იორმუღანლოს, გიორგიწმინდას, ივანდიდის, ქანდარის, კაჭრეთის ამბულატორიებში შენობაში შესასვლელები ადაპტირებულია:

თუმცა იგივეს ვერ ნახავთ, მაგალითად, კირნათის, მერისის, მუხროვანის ამბულატორიებში:

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე ნახა, რომ ამბულატორიებში არ არის ცალკე სივრცე აცრების ჩასატარებლად.

ვაქცინაცია ტარდება იმავე ოთახში, სადაც პაციენტებს იღებენ. პრობლემაა გამდინარე წყლით, საპნითა და ხელსაწმენდი საშუალებებით აღჭურვილი ხელსაბანი ნიჟარაც.

ასე გამოიყურება ხაშმის, თუზის, მუხაესტატეს ამბულატორიები

"სოფლის ექიმი", რომელიც სოფლის ექიმი ვერ არის

„სოფლის ექიმის“ პროგრამის არასათანადოდ განვითარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) დაბალი ანაზღაურება, რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება.

სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება თვეში 650 ლარია, ექთნის/ფერშლის - თვეში 455 ლარი.

ანაზღაურების სიმცირის გამო სოფლის ექიმები სხვა სამსახურსაც ითავსებენ - ყველაზე ხშირად ეს სასწრაფოდ ექიმობაა. ან რაიონის პოლიკლინიკის ან ოჯახის ექიმობა - ეს კი იმას იწვევს, რომ ისინი ვერ ახერხებენ სამოქმედო არეალში არსებული ყველა სოფლის დროულად მონახულებას. რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობისათვის ექიმი არ არსებობს.

სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეკომენდაციების სიას სთავაზობს, რომელიც ასე გამოიყურება:

  • ამბულატორიების დროული მშენებლობა და რეაბილიტაცია
  • სოფლების ამბულატორიებში წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრა და სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა. ასევე, სველი წერტილების მოწესრიგება;
  • გათბობის სისტემების და საშუალებების დამონტაჟება და ტექნიკურად გამართვა;
  • ამბულატორიებში იმუნიზაციის სერვისის გაუმჯობესება;
  • „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო პერსონალი/დაწესებულება შესაბამისი ტექნიკით და საკომუნიკაციო ინტერნეტარხებით;
  • „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო პერსონალი/დაწესებულებისთის სამედიცინო და სხვა ტიპის ნარჩენების გატანის და დასუფთავების სერვისების დროული და სრულყოფილი მიწოდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის პირამიდაში, ერთ-ერთი მთავარი რგოლი სწორედ პირველად ჯანდაცვას აქვს - თუ ის ეფექტიანად იმუშავებს, დაავადებების თავიდან არიდება იქნება ბევრად ადვილი და რაც მთავარია, მკურნალობაც უფრო იაფი დაჯდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG