Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტესტი უკრაინის მხარდასაჭერად“ - ვაჯამებთ სტოლტენბერგის ვიზიტს ბაქოში, თბილისსა და ერევანში


იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვია და ილჰამ ალიევს, ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
იენს სტოლტენბერგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვია და ილჰამ ალიევს, ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, 19 მარტს დაასრულა სამდღიანი, როგორც ალიანსში უწოდეს, „ისტორიული“ ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. ნატოს მცდელობები, როგორმე გააფართოოს საკუთარი გავლენა, არ მოუტანს სტაბილურობას კავკასიას, - თქვეს კრემლში.

სტოლტენბერგმა სამივე ქვეყანაში ისაუბრა უკრაინის ომში რუსეთის დამარცხების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ნატოს და მოკავშირეებს „შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი რუსეთის აგრესიის ციკლის დასასრულებლად“.

  • აზერბაიჯანს ესაუბრა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებასა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე - მაგრამ, ანალიტიკოსების თქმით, ბაქოში ვერ გააქრო შეგრძნება, რომ დასავლეთი აზერბაიჯანს უსამართლოდ ექცევა;
  • საქართველოს უთხრა, რომ რასაც აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დასჭირდება ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის: რეფორმები;
  • სომხეთი შეაქო რეფორმებისთვის და ახალი საგარეო პოლიტიკისთვის და მიესალმა უკრაინისადმი მის მხარდაჭერას, ერევანმა კი იმედი გამოთქვა, რომ ნატო თანამშრომლობის ახალ ფორმატს გაუხსნის.

საერთო გზავნილი უკრაინის ომზე

საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გარდა, საერთო აქცენტი, რაც სამივეგან დასვა, უკრაინაში რუსეთის ომში რუსეთის მარცხის აუცილებლობა იყო.

„უფრო ფართო რეგიონს რომ შეხედავთ, უკრაინა შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. იგი ნატოს მოკავშირეა, რუსეთი კი აგრძელებს მის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებას“, - განაცხადა მან ბაქოში კვირას, 17 მარტს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 2024 წლის 17 მარტი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 2024 წლის 17 მარტი

მეორე დღეს თბილისში განაცხადა, რომ „რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს და უკრაინის საბრძოლო ველზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. ამიტომ, „უმნიშვნელოვანესია, რომ გავაგრძელოთ დახმარების გაზრდა“.

მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები, - მათ შორის შეერთებული შტატები, - უზრუნველყოფენ უკრაინისადმი გამოყოფილი მთლიანი სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, და „პარტნიორებიც საკვანძო როლს თამაშობენ“.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებსაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მიეწოდებათ“, - თქვა მან.

ბაქოში ყოფნის დროსაც თქვა, რომ მიესალმება „ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რასაც აზერბაიჯანი აწვდის უკრაინას“, თუმცა დასძინა, რომ „კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან ვითარება უკრაინაში უკიდურესად რთულია“.

„მივესალმები თქვენს სოლიდარობას უკრაინისადმი“, - განაცხადა ერევანში ყოფნისას 19 მარტს და თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა“.

იქვე დასძინა, რომ „თუკი ვლადიმერ პუტინი მოიგებს ამ ომს, აგრესია [უკრაინაში] არ გაჩერდება“.

„ნიადაგის მოსინჯვა“?

აზერბაიჯანული „კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი აჰმად ალილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეგიონში გენერალური მდივნის ვიზიტით ნატო ცდილობს, რეგიონში უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობისათვის ნიადაგი მოსინჯოს.

„ვფიქრობ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში არის მოლოდინი, რომ ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა, - სადაც წლების განმავლობაში მოახდინეს ინვესტიციები, - მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, რადგან ამ ომის შედეგები ცალსახად გადამწყვეტი იქნება ყველა ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავლისათვის“, - ამბობს აჰმად ალილი.

აჰმად ალილი, „კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი
აჰმად ალილი, „კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი

„აშშ-ში დახმარების მომდევნო პაკეტის დაყოვნების ფონზე, ცხადია, რომ ევროკავშირი გააქტიურდება უკრაინასთან დაკავშირებით. და უნდა გაიზარდოს სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც მის მიმართ. [ბრიუსელს] სჭირდება, გაარკვიოს, რა დონით შეუძლიათ ამ ქვეყნებს უკრაინისათვის ხელის გამართვა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

დახმარებაზე მზაობა ისევე განსხვავებულია, როგორც ნატოს პარტნიორობა თითოეულ ქვეყანასთან, - რასაც თითოეული მათგანის წინაშე არსებული გამოწვევები, ისტორიული კონტექსტი, მათი ინტერესები და, რაც მთავარია, მათი ახლანდელი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი განაპირობებს.

  • სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთადერთია, რომელსაც მრავალი წელია ღიად აქვს გაცხადებული ალიანსში გაწევრების სურვილი და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსი კონსტიტუციით აქვს გამყარებული; ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შედეგები, - რასაც სტოლტენბერგი ამ ვიზიტის დროსაც იხსენებს, - ამბობს, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, გახდება ნატოს წევრი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების გაცხადებული მიზანი არ აქვს, აზერბაიჯანი, ნატოს წევრი თურქეთის უახლოესი მოკავშირე, მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან. თანამშრომლობა, გარდა თავდაცვის რეფორმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა, დიდწილად ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოიცავს.
  • სამ ქვეყანას შორის სომხეთი ყველაზე ნაკლებად არის ნატოსთან ინტეგრირებული. მართალია, ერევანი ნატოსთან კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში თანამშრომლობს, თუმცა მის შედარებით ცივ ურთიერთობას ბრიუსელთან განაპირობებს ისტორიული კავშირები რუსეთის ფედერაციასთან; ასევე, რუსეთის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრობა, რაც, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობასთან ერთად, ხელს უშლის ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებას.

უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის?

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში, იმ ორ ქვეყანასთან ერთად, რომლებსაც ალიანსში გაწევრების სურვილი და ამბიცია არასოდეს გამოუხატავთ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბრიუსელისათვის საქართველო უფრო დაბალ, რეგიონულ კონტექსტში განიხილება, და არა უკრაინასთან ერთად, როგორც წინა წლების განმავლობაში?

რადიო თავისუფლების ჟურნალისტთან, ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ „არსებობს განსხვავებები“ უკრაინასა და საქართველოსთან ნატოს მიდგომებს შორის.

  • „საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ“;
  • „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - თქვა სტოლტენბერგმა.

„კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ“, - განმარტა მან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში. 2024 წლის 18 მარტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში. 2024 წლის 18 მარტი

რას ფიქრობენ ანალიტიკოსები? ნიშნავს თუ არა რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტი, რომ საქართველო ნაკლებად პრიორიტეტულია ნატოსთვის?

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დათო სიხარულიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„მე არ ვიქნებოდი ზედმეტად სკეპტიკური. სკეპტიციზმი პირიქით, იმან შეიძლება მოიტანოს, რომ ნატოში ინტეგრაციისთვის პროცესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შიდა რეფორმები, - რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრებისათვის, - არ განხორციელდეს“.

„ამ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს რეფორმატორის რეპუტაციას შეუძლია გაწევრიანების პროცესში ჩვენი წინ წაწევა“, - ამბობს იგი.

დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი
დათო სიხარულიძე, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი

გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებით“.

დათო სიხარულიძის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, შეწყდეს „პრაქტიკულად რუსული ტიპის პროპაგანდა ომის შიშის ინსტრუმენტალიზების ფონზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისგანაც მოდის“.

„ამ თვალსაზრისით, რეფორმები და სწორედ ამ პროპაგანდასთან ბრძოლა არის გადამწყვეტი, რაც იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“, - ამბობს იგი.

„სამშვიდობო შეთანხმება“

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ სტოლტენბერგის ტურნეს „ისტორიული“ უწოდა.

გარდა უკრაინის მხარდაჭერისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა, კოლომინამ ტვიტერზე დაწერა, რომ ვიზიტისას ყურადღება გამახვილდებოდა „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“.

სტოლტენბერგმა ბაქოშიც და ერევანშიც ისაუბრა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ორივეგან გამოხატა სურვილი, რომ ასეთი შეთანხმება მალე გაფორმდეს.

გარდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მონდომებით აგრძელებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას.

სტოლტენბერგთან საერთო პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა კიდევ ერთხელ ახსენა სამშვიდობო ინიციატივა, „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს საზღვრების გახსნასა და ერთმანეთთან დაკავშირებას სთავაზობს სომხეთზე გამავალი რამდენიმე მარშრუტით.

ილჰამ ალიევმა, თავის მხრივ, ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და თქვა, რომ „აზერბაიჯანმა აღიდგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, რაც, მისი თქმით, არის „კარგი დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება გაწელილი კონფლიქტები გადაიჭრას“.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ალიევმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჩვენი ინიციატივა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება“. „იმაზე ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე“, - თქვა მან.

ბაქო: ენერგეტიკა ფოკუსში

კვირას, 17 მარტს, ბაქოში ჩასვლის შემდეგ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საერთო პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს.

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ამჟამად აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივ აირს აწვდის 8 ქვეყანას, რომელთაგან 6 ნატოს წევრია, ორი კი - პარტნიორი.

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში პარტნიორების რაოდენობა გაიზრდება“, - თქვა მან.

იენს სტოლტენბერგმაც თქვა, რომ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისათვის:

„მივესალმები, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო ახლო კავშირებს ნატოს მოკავშირეებთან და თქვენი ქვეყანა თამაშობს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ევროპისთვის გაზის მიწოდებაში, და, სამომავლოდ, ელექტროენერგიის მიწოდებაში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს, - ინიციირებული პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანული ენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროკავშირში გაიყიდება.

პროექტით დაინტერესებას სომხეთიც გამოხატავს.

ვაშინგტონისადმი წყენა ბრიუსელზეც ვრცელდება?

ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

2023 წლის შემოდგომაზე ვაშინგტონმა შეაჩერა აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარება, ვაშინგტონის ხედვით, სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის რისკის გათვალისწინებით.

ვრცელდება ვაშინგტონისადმი პრეზიდენტი ალიევის წყენა ბრიუსელზე? მოქმედებს ეს დაძაბული ურთიერთობები ბაქოს ნატოსთან თანამშრომლობაზე?

„აზერბაიჯანის მთავრობის კულუარულ წრეებში არსებობს შეგრძნება, რომ ბაქო არ იღებს საკმარისს ნატოსგან; თითქოს ყველას გადაავიწყდა, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ მნიშვნელოვანი რგოლი იყო ავღანეთის სამხედრო კამპანიის დროს. და ეს გაღიზიანება მწვავდება, როდესაც ნატო ერთგვარად ათანაბრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „კავკასიის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი აჰმად ალილი.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ:

  • „აზერბაიჯანი, რომლის შეიარაღებული ძალებიც აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, სრულად არის ინტეგრირებული თურქეთის, ნატოს წევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან და მათ შორის ძალიან ახლო თანამშრომლობა არსებობს.
  • სომხეთი კი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხოს) წევრი ქვეყანაა. ამის გათვალისწინებით კი ბაქო ძალიან ღიზიანდება ერთნაირი მიდგომით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთ, რეგიონულ კონტექსტში განხილვით“.

სტოლტენბერგთან საერთო პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ „ნატო-აზერბაიჯანის კარგ პარტნიორობას 30-წლიანი ისტორია აქვს“ და „აზერბაიჯანი მონაწილეობდა კოსოვოსა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში“.

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ კოალიციის ძალების იმ უკანასკნელ ჯარისკაცებს შორის, რომელთაც ავღანეთი სულ ბოლოს, 2021 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას ნატოსთან თანამშრომლობისადმი“, - თქვა პრეზიდენტმა.

რა სურს სომხეთს?

თუკი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა ტრანზაქციულობას ინარჩუნებს და ნატოსთან თანამშრომლობით აბალანსებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, სომხეთი დასავლეთისკენ პოლიტიკურ შემობრუნებას იწყებს.

  • ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს „გაყინული“ აქვს კუხოს წევრობა;
  • მისი მთავრობა საუბრობს ევროკავშირში გაწევრების სურვილზე, - და ჯერჯერობით საპასუხოდაც დადებით სიგნალებს იღებს ბრიუსელისგან.
  • წინა კვირას ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს წინადადებას, განხილულ იქნეს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

სტოლტენბერგმა ერევანში ყოფნისას, თბილისის მსგავსად, ყურადღება გაამახვილა საშინაო რეფორმებზე, - თუმცა არა ბაქოში.

თუკი თბილისში რეფორმებზე საუბრისას ძირითადად სარეკომენდაციო კომენტარით შემოიფარგლა, ერევანში ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა:

„თქვენ აჩვენებთ, რომ მოწადინებული ხართ, ებრძოლოთ კორუფციას, გააძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, და დაიცვათ კანონის უზენაესობა“.

იენს სტოლტენბერგი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 2024 წლის 19 მარტი
იენს სტოლტენბერგი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში. 2024 წლის 19 მარტი

პრემიერმა ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთი დაინტერესებულია „როგორც ალიანსთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის განვითარებითა და პარტნიორობის გაფართოებით“.

„იმედი გვაქვს, რომ სომხეთი-ნატოს თანამშრომლობის ახალი ფორმატი, „ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმა“, მალე დამტკიცდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, „რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაოდენ მნიშვნელოვანია სომხეთისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის ამგვარი ცვლილებით ყველა კმაყოფილი არ არის.

მათ შორისაა „ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი“ (ANCA), რომელიც 1918 წლიდან წარმოადგენს სომეხთა ინტერესებს შეერთებულ შტატებში და რომელსაც დიდწილად უკავშირდება შტატების მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ლობირება.

ANCA-მ 18 მარტს მოულოდნელად გაავრცელა ნატოს საწინააღმდეგო დეზინფორმაციული განცხადება და დაწერა, რომ „ნატოს „დამხმარე ხელი“ სამხრეთ კავკასიაში სინამდვილეში არის თურქული მუშტი, რომელიც აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევს, რომ სომეხთა გენოციდი მოაწყოს“.

„სომხეთისთვის ნატო სინამდვილეში არის თურქული ორგანიზაცია, რომელიც მავნე პანთურქული ოცნებების რეალიზების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა ორგანიზაციამ 18 მარტს.

ნატოს აკრიტიკებს რუსეთის ფედერაციაც, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 19 მარტს განაცხადა, რომ „ყველას ესმის, რომ ნატოს მცდელობებმა, როგორმე გააფართოოს საკუთარი გავლენა, ნაკლებად სავარაუდოა, მოუტანოს სტაბილურობა კავკასიას და ვითარება განჭვრეტადი გახადოს“.

XS
SM
MD
LG