Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტთა ახალი ამბოხების, აშშ-ის დარტყმისა და მოლაპარაკების წარმატების მოლოდინი - რა ხდება ისლამურ რესპუბლიკაში?

სტუდენტები ცეცხლს უკიდებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშას საპროტესტო აქციაზე. 23 თებერვალი, 2026
სტუდენტები ცეცხლს უკიდებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშას საპროტესტო აქციაზე. 23 თებერვალი, 2026

თეირანში სტუდენტები კვლავ მართავენ აქციებს. გრძელდება აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებებიც, სანქციების შერბილების იმედით. ამ დროს ვაშინგტონს დიდი სამხედრო ძალა ჰყავს რეგიონში თავმოყრილი, ქურთთა პარტიებმა კი გადაწყვიტეს შეუტიონ ირანის მთავრობას - გიყვებით რა ხდება ისლამური რესპუბლიკის გარშემო.

სტუდენტები

ირანში ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლო დღეებში ქვეყნის უნივერსიტეტებში საპროტესტო აქციები მოეწყო. ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოების თანახმად, ირანელი სტუდენტები თეირანის უნივერსიტეტებთან უსაფრთხოების ძალებს ზედიზედ მესამე დღეა უპირისპირდებიან. ეს, როგორც იტყობინებიან, დედაქალაქში გასულ თვეში მომხდარი სასიკვდილო დარბევის შემდეგ ოპოზიციის ყველაზე მასშტაბური გამოსვლაა.

თეირანის ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის სტუდენტების სხვა ლოზუნგებს შორის იყო ასეთი: „ნუ გეშინიათ, ნუ გეშინიათ, ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ“ და კიდევ: „ჩვენ დიდი ერი ვართ, ჩვენ ირანს კვლავ დავიპყრობთ“.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების თანახმად, ალ-ზაჰრას უნივერსიტეტის გოგონებმა უნივერსიტეტის აღმოსავლეთ კარიბჭის წინ მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს და ამ დროს „უნივერსიტეტის ყველა შესასვლელი და გასასვლელი უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს“.

თვითმხილველები დემონსტრაციის შესახებ იუწყებიან: „დემონსტრაციაში მონაწილეთაგან თითქმის არავის შეუძლია შენობის დატოვება ან საერთო საცხოვრებლებში დაბრუნება. აქტიურ გოგონებს მუდმივად ვიდეოსა და ფოტოებს უღებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამართეს დემონსტრაცია და იანვარში გამართული პროტესტების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლოზუნგებით გამოვიდნენ.

დემონსტრაციები დაემთხვა ასობით ცერემონიას, რომლებიც ამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა იანვარში უსაფრთხოების ძალებთან მასშტაბური შეტაკებების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, მათი ე.წ. ორმოცის აღნიშვნის დროს.

23 თებერვალს თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს ხსოვნის ცერემონია და სხვადასხვა ლოზუნგით გაიხსენეს უნივერსიტეტის სტუდენტი რაჰა ბაჰლულიპური, რომელიც იანვარში გამართული ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს მოკლეს უსაფრთხოების ძალებმა.

თეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტის, მოჰამედ რეზა მორადალის ხსოვნის ცერემონია, როგორც რადიო ფარდა - რადიო თავისუფლების ირანული სამსახური იტყობინება, გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ „ბასიჯი“ - ნახევარდგასამხედროებული მთავრობის მომხრე მოხალისეთა რაზმები, ცერემონიის ჩაშლას აპირებდნენ.

სტუდენტების ლოზუნგი იყო სხვათა შორის, „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - სამი წლის წინანდელი საპროტესტო მოძრაობის დროს გავრცელებული ფრაზა, რომელიც ისმოდა ყველგან, არა მხოლოდ ირანში, მთელ მსოფლიოში ირანელი დემონსტრანტების სოლიდარობის აქციებს დროს.

მაშინ, 2022 წლის სექტემბერში თეირანში პოლიციამ დააკავა მაჰსა, იგივე ჟინა, ამინი, ვითომ თავსაფრის არასწორი ტარების გამო და შემდეგ, ახალგაზრდა ქურთი ქალი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. ამას მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომლებიც ასევე ჩახშობილი იქნა.

ბოლო დღეების გამოსვლების დროს, თეირანის უნივერსიტეტებში, გამოჩნდა ასევე ირანის წინა ხელისუფლების, დამხობილი შაჰის დროინდელი დროშა. ბოლო შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი დასავლეთში ცხოვრობს და უცხოეთიდან ინტერვენციის იმედით ფიქრობს სამშობლოს თეოკრატიული რეჟიმისგან განთავისუფლებას. მან არა ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მთავრობას, ჩაერიოს ირანის საქმეებში და თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევას ირანში სიცოცხლეების გადარჩენა შეეძლო.

ამირ ქაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წინ სტუდენტები დაუპირისპირდნენ "ბასიჯის" ჯარისკაცებს.
სოციალური მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ისმოდა სტუდენტების ხმა, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. სხვები ირანის ეროვნულ დროშას აფრიალებდნენ.

„ბასიჯის“ რაზმი თეირანის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის გარეთ გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფ სტუდენტებს დაესხა თავს, რასაც შეტაკება მოჰყვა.

ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში ისლამური რესპუბლიკის დროშის დაწვაა ასახული. დაწვის დროს სტუდენტები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს: „ხამენეი მკვლელია, მისი მთავრობა ძალადაკარგული“.

საპროტესტო აქცია დღეს თეირანის მეცნიერებისა და კულტურის უნივერსიტეტშიც გაიმართა, სადაც სხვათა შორის, ისმოდა ლოზუნგები როგორიცაა „სიკვდილი დიქტატორს“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეოები, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს ბოლო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ფოტოები ეჭირათ ხელში.

სტუდენტების ბოლო საპროტესტო აქციები 21 თებერვალს დაიწყო, რაც ახალი სემესტრის დაწყებას დაემთხვა. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდა თეირანის, შარიფის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ამირქაბირისა და ბეჰეშტის უნივერსიტეტებში, ასევე მეშჰადის უნივერსიტეტში გამართული დემონსტრაციების რეპორტაჟები და ფოტოები.

პრაღაში რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, ესაუბრა მოთაჰარე გუნეი, ყოფილი სტუდენტი, აქტივისტი და თეირანში მცხოვრები ყოფილი პოლიტიკური პატიმარი. რადიო ფარდასთან საუბარში მან თქვა, რომ სტუდენტების მოთხოვნები და ლოზუნგები საკმაოდ განსხვავებულია. მისი თქმით, ირანელი სტუდენტები ისეთი ვითარების წინაშე დგანან, როდესაც შიშის კედლები დაინგრა და მათ აღარ ეშინიათ, სტუდენტები სიცოცხლისთვის იბრძვიან და იმისთვის, რომ ეს რეჟიმი არ იყოს ხელისუფლებაში. რევოლუციური მომენტია, ფიქრობს გუნეი, ისინი თავიანთ სიცოცხლეს სხვების სიცოცხლისთვის სწირავენ.

გუნეი ამბობს, რომ არ სურს ახლანდელი გამოსვლები წინას შეადაროს, მაგრამ განმარტავს: “წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში ფართომასშტაბიანი რეპრესიები მიმდინარეობდა. ისეც ხდებოდა, რომ ქუჩების აქციები აქტიური იყო, უნივერსიტეტის კი - არა. უნივერსიტეტი აქტიური იყო 8-9 იანვრამდე. და სტუდენტი, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და სასამართლოს განაჩენიც კი გამოუტანეს, ქუჩაში გავიდა და სიცოცხლეც კი დათმო. თაობა Z-ს, რომელიც ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, საკუთარი სიცოცხლის დაბრუნება სურს და ძალაუფლების პოზიციიდან გამოდის. ის აცხადებს, რომ გამოცდებს ბოიკოტს გამოუცხადებს, გაფიცვას და საპროტესტო მჯდომარე აქციებს გამართავს და აპროტესტებს თანაკურსელების მკვლელობას."

მოთაჰარე გუნეი, ყოფილი სტუდენტი, აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი.
მოთაჰარე გუნეი, ყოფილი სტუდენტი, აქტივისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი.

ამავდროულად, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, რამდენიმე სტუდენტს უნივერსიტეტში შესვლაზე უარი უთხრეს.

Telegram-ის არხმა „გაერთიანებული სტუდენტები“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მრავალ ქალაქში, მათ შორის იაზდში, მეშჰედსა და თეირანში, დაკავებული სტუდენტების რაოდენობა „ძალიან მაღალი“ იყო.

თეირანის უნივერსიტეტები ხშირად ხდება ასპარეზი სტუდენტური პროტესტებისთვის, რომლებიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ იმართება და უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკი დარბევებით მთავრდება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მონაცემებით, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს დაწყებული საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 7000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, სავარაუდოდ, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.

როგორც ამბობენ, მკვლელობების უმეტესობა 8-დან 10 იანვრამდე მოხდა.

საპროტესტო აქციები, რომლებიც მას შემდეგ ჩაცხრა, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

Amnesty International-ის ცნობით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სულ ცოტა, 30 ირანელს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტრამპი და ევროკავშირი, და ირანი

აშშ-მა, რომელიც ამ ეტაპზე არაპირდაპირ მოლაპარაკებას მართავს ირანთან ბირთვულ სფეროში, ანუ დიპლომატიური არხის საშუალებით ცდილობს ირანის ხელისუფლება დაიყოლიოს დათმობებზე, ამავე დროს დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას უყრის თავს ირანის მახლობელ, არაბეთის ზღვაში.

გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ირანზე მიზანმიმართული თავდასხმისკენ იხრება.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“, აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ირანზე მიზანმიმართული თავდასხმის განხორციელებას აპირებს, რათა ისლამური რესპუბლიკის მმართველებს აჩვენოს, რომ ისინი უნდა დათანხმდნენ ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტას.

ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ წლის მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად უფრო მასშტაბურ თავდასხმას განიხილავს, რათა ისლამური რესპუბლიკის მესვეურები დაასუსტოს.
გაზეთი იუწყება, რომ აშშ-ის მთავრობაში არსებობს ეჭვები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ასეთი მიზნის მიღწევა მხოლოდ საჰაერო დარტყმებით.

აშშ-ის F-35 ტიპის გამანადგურებელი ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე, არაბეთის ზღვა. 15 თებერვალი, 2026
აშშ-ის F-35 ტიპის გამანადგურებელი ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე, არაბეთის ზღვა. 15 თებერვალი, 2026

ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ვებსაიტმა Axios-მა, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ისლამური რესპუბლიკის ბოლო შანსად შეაფასა, რათა აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიოს.


სტივ უიტკოფი
სტივ უიტკოფი

ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა შემდეგი განაცხადა 21 თებერვალს: „არ მინდა გამოვიყენო სიტყვა „იმედგაცრუებული“, რადგან მას ესმის, რომ უამრავი ალტერნატივა აქვს, მაგრამ აინტერესებს, რატომ არ... არ მინდა გამოვიყენო სიტყვა „კაპიტულაცია“, მაგრამ რატომ არ ნებდება“ ირანი", - უთხრა უიტკოფმა 21 თებერვალს Fox News-ს.

„რატომ, ამ ზეწოლის ქვეშ, იქ არსებული საზღვაო ძალების რაოდენობის გათვალისწინებით, რატომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ გვითხრეს: „ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა იარაღი, ამიტომ, აი, ამისთვის ვართ მზად“? და მაინც, საკმაოდ რთულია მათი აქამდე მიყვანა.“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა თეირანსა და ვაშინგტონს შორის 26 თებერვლისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ მოწოდება გააკეთა ირანის კონფლიქტის „დიპლომატიური გადაწყვეტისკენ".

კაია კალასმა განცხადება გააკეთა 23 თებერვალს, იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს.

„ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი ომი ამ რეგიონში. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ომი გვაქვს“, - განაცხადა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„მართალია, რომ ირანი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტ ფაზაშია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად“, - ფიქრობს კალასი.

მოლაპარაკება ჟენევაში

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ომანის დედაქალაქ მასკატში, ხოლო მეორე - ჟენევაში გაიმართა. ორივე შემთხვევაში ომანი შუამავლის როლს ასრულებდა და მოლაპარაკებები არაპირდაპირ ტარდება ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე ბირთვული მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ყველა თეირანის წინადადებას ელოდება, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ხაზგასმით თქვა, რომ მკაფიო წითელი ხაზები, რომლებსაც დონალდ ტრამპი მოითხოვს, არის ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა ირანის მხრიდან და ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის კონფისკაცია.

2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელისა და აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს ირანი, რამაც ბირთვული ობიექტები მნიშვნელოვნად დააზიანა.

აშშ-მა გამოიყენა განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები, რომლებმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ფორდოუს, ნათანზისა და ისპაანის ატომურ ობიექტებს.

ამ თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „განადგურდა“.
მას შემდეგ ირანმა შეწყვიტა ურანის გამდიდრება და აცხადებს, რომ ობიექტების ნანგრევების ქვეშ 400 კგ-ზე მეტი მაღალგამდიდრებული ურანია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ, მისი აზრით, მასალის უმეტესი ნაწილი ნანგრევების ქვეშ ხელუხლებელი დარჩა, თუმცა მის ინსპექტორებს 2025 წლის ივნისიდან არ მიეცათ სამივე განადგურებული ობიექტის მონახულების უფლება.

თეირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია და მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი ირანს შორის დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომლის ძალით ირანმა შეზღუდა თავისი პროგრამა სანქციების შერბილების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-მა ეს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

ტრამპის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ირანზე, რათა დათანხმდეს თავისი ბირთვული პროგრამების შეზღუდვაზე. ირანის თქმით, ისინი მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნებისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის. ვაშინგტონი, ისრაელთან ერთად, ფიქრობს, რომ თეირანი ატომური იარაღის შექმნას ლამობს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა კვლავ შესაძლებელია. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალბუსაიდიმ, დაადასტურა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვულ პროგრამაზე 26 თებერვალს გაიმართება.

21 თებერვალს, სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაცემულ სიტყვაში, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიო ძალების მხრიდან ზეწოლას არ დანებდება.

„მსოფლიო ძალები რიგში დგანან, რათა თავი დაგვახრევინონ... მაგრამ ჩვენ თავს არ დავხრით ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რომლებსაც ისინი გვიქმნიან“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ბოლო მოლაპარაკებების დროს სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
23 თებერვალს, პრესკონფერენციაზე, ისმაილ ბაღიმ ასევე განაცხადა, რომ დაბომბილი ბირთვული ობიექტების მონახულება დამოკიდებული იქნება აშშ-ის სანქციების მოხსნაზე.

მან ასევე თქვა, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი შესაძლოა, სამშაბათს ომანში გაემგზავროს.

ომანის მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლარიჯანი 24 თებერვალს ომანში გაემგზავრებოდა, რათა წარედგინა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო შეთანხმების წერილობითი გეგმა. ეს ცნობა არ დადასტურებულა.


ირან-რუსეთის შეიარაღების გარიგება

ამასობაში, The Financial Times-ის რეპორტაჟში, რომელმაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს შორის, ნათქვამია, რომ ირანი დათანხმდა რუსეთთან 589 მილიონი დოლარის ღირებულების საიდუმლო გარიგებას შეიარაღების შესახებ, რომლის მიხედვითაც ის ათასობით თანამედროვე ხელით სასროლი რაკეტების შეძენას ითვალისწინებს.

რეპორტაჟის თანახმად, შეთანხმება დეკემბერში მოსკოვში გაფორმდა და რუსეთს სამი წლის განმავლობაში 500 სამხედროსთვის განკუთვნილ პორტატიულ Verba-ს ტიპის გამშვებ ერთეულს და 2500 9M336-ის ტიპის რაკეტას მიაწვდის.

FT-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაჟონა რუსულმა დოკუმენტებმა, რომლებიც მათ ნახეს და რამდენიმე პირმა, რომლებიც გარიგების შესახებ იყვნენ ინფორმირებულნი.

რა სურთ ქურთებს

საერთაშორისო დონეზე ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვნებათაღელვას, სტუდენტების აქტიურობას, რომლებიც სულ ამასწინანდელი სასტიკი რეპრესიების მიუხედავად საპროტესტო აქციებს მაინც მართავენ, დონალდ ტრამპის მუქარას, დაემატა “ქურთების საკითხი”.

ერაყში ირანელი ქურთების ჯგუფების ახალი კოალიცია შეიქმნა ისლამური რესპუბლიკის დასამხობად.
ერაყში დაფუძნებულმა ხუთმა ირანის ქურთთა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ პოლიტიკური კოალიცია შექმნეს, რომლის მიზანია ისლამური რესპუბლიკის დამხობა და საბოლოოდ ქურთისტანის ავტონომიის მიღწევა.

პარამოტორისტი ქურთისტანის დროშის ფერებით შეღებილი პარაშუტით ერაყის ჩრდილოეთ ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში. 16 თებერვალი, 2026 წელი
პარამოტორისტი ქურთისტანის დროშის ფერებით შეღებილი პარაშუტით ერაყის ჩრდილოეთ ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში. 16 თებერვალი, 2026 წელი

AFP-ის ცნობით, ხუთმა დევნილმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ შექმნეს კოალიცია, რათა „დაადასტურონ თავიანთი ყოფნა ირანში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, სადაც ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა დაკარგა ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმურობა, მაგრამ კვლავ ხელისუფლებაშია“.

ერთობლივ განცხადებაში „ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალების კოალიციამ“ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ირანში ანტისამთავრობო პროტესტებს და ხაზგასმით აღნიშნა „კოორდინირებული და ერთობლივი პოლიტიკური და პრაქტიკული ძალისხმევის“ აუცილებლობა ქურთულ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მთელ ირანში.

„ამ კოალიციის წევრები არიან: ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), ქურთთა თავისუფლების პარტია (PAK), ქურთისტანში თავისუფალი ცხოვრების პარტია (PJAK), ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ირანის ქურთისტანის ორგანიზაცია “ხაბათი”.

ყველა ეს ჯგუფი ადრე შეიარაღებული იყო, ზოგი ირანის ფარგლებში ავტონომიას ითხოვდა, ზოგი კი ისლამური რესპუბლიკიდან გამოყოფისთვის იბრძოდა.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ალიანსის - „ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალების კოალიციის“ - მთავარი მიზნებია ირანის ისლამური რესპუბლიკის დამხობა და ქურთების თვითგამორკვევის მიღწევა.

კოალიციამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს და ხაზი გაუსვა ქურთულ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის „კოორდინირებული, ერთობლივი პოლიტიკური და ადგილზე ძალისხმევის“ აუცილებლობას ირანის მასშტაბით.

PDKI-ის ლიდერმა, მოსტაფა ჰეჯრიმ, რადიო თავისუფლების რადიო ფარდას განუცხადა, რომ ხუთი ჯგუფის გაერთიანებას და მათ შორის არსებული უთანხმოებების „გვერდზე გადადებას“ დაახლოებით რვათვიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.

მან თქვა, რომ ალიანსის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ „გარდამავალ პერიოდში ირანის ქურთისტანის ადმინისტრირების ერთობლივი გეგმა ჰქონოდათ“, თუ ისლამური რესპუბლიკა დაეცემოდა.

ირანის ქურთისტანი მოიცავს ქურთისტანის, ილამის, ქერმანშაჰის და ირანის დასავლეთი აზერბაიჯანის ნაწილების ქურთებით დასახლებულ პროვინციებს.

ჰეჯრის თქმით, ახალი ცენტრალური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, „ქურთისტანის მმართველი ორგანოები ხალხის მიერ თავისუფალი ხმის მიცემით აირჩევიან და რეგიონის ადმინისტრირებას საკუთარ თავზე აიღებენ“.

ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნის მიუხედავად, გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ მის წევრებს, ასევე სხვადასხვაა რეგიონულ ალიანსებს შორის იდეოლოგიური განსხვავებებია.


ასევე ნახეთ:
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG