Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: „რუსეთისთვის არასოდეს მიმუშავია“


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისთვის არასოდეს უმუშავია - რითიც პასუხობს გავრცელებულ კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი კავშირების შესახებ. ტრამპი ამ კითხვებს თუ ცნობებს „დიდ მსუქან სიყალბეს“ უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებებით 14 იანვარს გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე, მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გასულ შაბათ-კვირას დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტმა „უდიდესი ძალისხმევა გასწია“ პუტინთან მისი საუბრების დეტალების გასაიდუმლოებისთვის.

პარალელურად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) 2017 წელს აღძრული ჰქონდა კონტრდაზვერვის საქმე იმის შესახებ, მოქმედებდა თუ არა ტრამპი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს ბიუროს დირექტორი პოსტიდან მოხსნა.

იუწყებიან, რომ ეს საქმე ბოლოს შეერწყა მიმდინარე გამოძიებას ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ მის პრეზიდენტად არჩევამდე. ამ გამოძიებას საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ტრამპმა FBI-ს და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ ოფიციალურ პირებს „ცნობილი არამზადები“ და „ბინძური პოლიციელები“ უწოდა.

ამ განცხადებებამდე, 12 იანვარს, ტრამპი „ფოქს ნიუსს“ ესაუბრა და უარყო ცნობები, რომ მან ადმინისტრაციის წევრებს დაუმალა პუტინთან შეხვედრების დეტალები.

„ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ჰამბურგში, 2017 წელს, ტრამპმა მოლაპარაკების შემდეგ თარჯიმანს ჩამოართვა შენიშვნები და ის გააფრთხილა სხვა ოფიციალურ პირებთან არ ელაპარაკა განხილულის შესახებ.

2018 წლის ივლისში ჰელსინკიში გამართული, თითქმის ორსაათიანი პირისპირ შეხვედრის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა, პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ გვქონდაო. აშშ-ის პრეზიდენტი მიულერის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს.

პარალელურად, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩაერევის სხვადასხვა ასპექტს იძიებს კონგრესის სულ მცირე სამი კომიტეტი.

აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების დასკვნით, არჩევნების დროს რუსეთი აწარმოებდა ჰაკერულ და პროპაგანდისტულ კამპანიას, რომლის მიზანიც დიდწილად იყო ტრამპის გაპრეზიდენტების შანსების გაზრდა.

რუსეთის ოფიციალური პირები ამგვარი ნაბიჯების გადადგმას გამუდმებით უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG