Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტიდან ბრიუსელამდე: რა არის ნატოს დაპირება?


ბოლო 10 წელიწადში საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მას ნატოში გასაწევრიანებლად მოეთხოვებოდა, მაგრამ ნატოში საქართველოს გაწევრიანება მაინც ჭიანურდება და ეს ძირითადად რუსეთის მიზეზით ხდება, - ასეთია ძირითადი მიგნებები პოლიტიკის დოკუმენტისა, რომლის თანაავტორები არიან ბრიუსელში მოქმედი „ევროპული პოლიტიკის ცენტრი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). დოკუმენტი ლაპარაკობს საფრთხეზე, რომ თუკი პროცესი ადეკვატურად არ დაჩქარდება, ამან შეიძლება საქართველოს მოქალაქეების იმედგაცრუება გამოიწვიოს. ვითარების გარკვეულწილად გამოსწორების იმედები ნატოს უმაღლესი დონის სამიტს უკავშირდება, რომელსაც 11-12 ივლისს ბრიუსელი უმასპინძლებს. რას მოელის საქართველო ნატოს სამიტისგან, რისი მიღების შანსი არსებობს და არის თუ არა აუცილებელი საქართველოსთვის MAP-ის მიღება ალიანსში გასაწევრიანებლად?

პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების დაპირება საქართველომ 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მიიღო და მას შემდეგ ამ დაპირების სიმტკიცე ალიანსმა არაერთ სამიტზე დაადასტურა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით და გასაწევრიანებლად ახლა ის არანაკლებ მომზადებულია, ვიდრე ალიანსში გაწევრიანებისას იყო, მაგალითად, მონტენეგრო, საქართველომ ჯერ ისევ ვერ მოახერხა გადაებიჯებინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზღურბლისთვის. მართალია, ნატო მუდამ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ, მესამე სექტორის შეფასებით, „საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ალიანსის წევრების მღელვარება მოსკოვის შესაძლო რეაქციების გამო“.

პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი ამანდა პოლი ამბობს, რომ ნატოს მიდგომა უნებლიეთ რუსეთის ავ ზრახვებს უწყობს ხელს და ეს ალიანსმა კარგად უნდა გაიაზროს. ასევე, დოკუმენტშიც წერია, რომ რაც უფრო ჭიანურდება საქართველოს გაწევრიანების პროცესი, დრო რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს და „ნატოს უნდა ესმოდეს, რომ მისი ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გაურკვევლობაში ტოვებს, ძირს უთხრის ალიანსის მიმართ ნდობას და ამყარებს რუსულ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება“, ეს კი „ხელს უწყობს მოსკოვის მიზნების განხორციელებას ლიბერალური ევროატლანტიკური ღონისძიებების დისკრედიტაციისა და გავლენის სპეციალური ზონების შექმნასთან დაკავშირებით“.

გასაგებია, რომ სასურველია მეტი, მაგრამ ყველაფრის შავ-თეთრად წარმოდგენა არ ღირს, - განაცხადა 3 ივლისს პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციაზე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისიმ. მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს წევრობისთვის მოსამზადებელი ყველა ინსტრუმენტი და ალიანსის მასშტაბური მხარდაჭერა იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, საქართველო სრულყოფილად იყოს მზად ალიანსში გასაწევრიანებლად, თუმცა მანამდე აუცილებელი იქნება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაც.

როზარია პუგლისი MAP-ის საჭიროების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორებს სჯერათ, რომ ნატოს სამიტი, რომელსაც 11-12 ივლისს ბრიუსელი უმასპინძლებს, ახალ შესაძლებლობებს იძლევა და ნატომ ადეკვატური მიდგომა უნდა გამოავლინოს სამხრეთ კავკასიაში თავისი ერთგული პარტნიორის - საქართველოს - მიმართ: კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს ერთგულება საქართველოს გაწევრიანებასთან მიმართებით და მტკიცედ უნდა ითქვას, რომ არც ერთ გარეშე ქვეყანას არა აქვს ვეტოს დადების უფლება ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რუსეთის გასაგონი პოლიტიკური გზავნილების გარდა, სამიტზე პრაქტიკული თანამშრომლობის სფეროებიც უნდა გაფართოვდეს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით. მესამე სექტორის რეკომენდაციათა ადრესატები ნატოს ლიდერები არიან.

რას მიიღებს საქართველო ბრიუსელის სამიტზე - ეს ჯერ ისევ დაუზუსტებელია. როგორც თბილისში, ასევე ბრიუსელში ბოლო ხანებში ხშირად აღნიშნავენ, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა ადეკვატურად ასახავს საქართველოს პროგრესს, თუმცა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მინიშნებას სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე აკეთებს რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე ამატებს, რომ „ამ შეხვედრას ბევრი რამ მოჰყვება“. აქვე აღინიშნება, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე წყვილში მიღებული დაპირების მიუხედავად, უკრაინისა და საქართველოს მისამართით ალიანსს ინდივიდუალური მიდგომები ექნება.

ჯეიმს აპატურაი - ნატოს ბრიუსელის სამიტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG