Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების კოშკი ჩამოინგრა


უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების კოშკი ჩამოინგრა. მინდია ჩარქსელიანი, რომელიც ამ დროს უშგულში იმყოფებოდა, ყვება, რომ კოშკი დიდი ხანია დაზიანებულია, ხელისუფლების წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის თანამშრომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, მაგრამ დაზიანებული კოშკების რეაბილიტაციის პროცესი იმაზე ნელა მიდის, ვიდრე რღვევის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე დაზიანებული, კრიტიკული სტრუქტურის მქონე კოშკია, გასული 5 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა სვანეთში არსებულ 70-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და სვანეთის ისტორიული სახით შენარჩუნება და აღდგენა სახელმწიფოს პირველი რიგის პრიორიტეტია.

მურყმელში სტიქიამ ნაგებობების ნაწილი, მათ შორის ჩარქსელიანების კოშკთან მდებარე საცხოვრებელი ნაგებობა ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს გაანადგურა. ჩარქსელიანების კოშკის ნაწილი პირველად დაახლოებით 10 წლის ჩამოინგრა. “ქონგურების ნაწილი დარჩენილი იყო, ჩვენ სირცხვილად ვერ ვუშველეთ ვერაფერი” - ამბობს მინდია ჩარქსელიანი, რომელიც დაზიანებული კოშკების სიმრავლეზე წუხს. კოშკების უმეტესობას სახურავი არ აქვს, ცივ ამინდებში წყალი და თოვლი ჩადის და ისტორიული ნაგებობების კედლების რღვევას იწვევს.

კიდევ ერთი კოშკი უშგულის თემში 2017 წელს ჩამოინგრა. სოფელ ჩვიბიანში ჩარკვიანების კოშკის ჩამონგრევისას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ამბობდა, რომ “სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება.”

ადგილობრივები დღეს ამბობენ, რომ კოშკზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არც ნგრევის შემდეგ განხორციელებულა.

უშგულის თემი ოთხ სოფელს, ჟიბიანს, ჩვიბიანს, მურყმელს და ჩაჟაშს აერთიანებს. ამ თემში ძირითადად XI-XII საუკუნეში აგებული კოშკებია შემორჩენილი.

1996 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოფელ ჩაჟაშს, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა და საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის დასრულება 2020-სთვის იგეგმება.

რაც შეეხება სვანეთის სხვა სოფლებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, 2019 წელს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ძეგლების ინვენტარიზაციის პროცესიც, რაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ დაზიანებული ძეგლების რეაბილიტაციას ართულებს სპეციალისტების სიმცირე და ფუნდამენტური აღდგენის სამუშაოების სირთულე, რაც ხანგრძლივი პროცესია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG