Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშლის თუ არა ხელს გამოძიებას გახარიას მინისტრობა?


“სანამ არ დასრულდება გამოძიება... მე ვრჩები აქ”, - ეს სიტყვები შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ივნისის მიწურულს უთხრა. გიორგი გახარიამ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა 20-21 ივნისის ღამის მოვლენების გამოძიება და თქვა: „როგორც კი დავასრულებ ამას, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებს მივიღებთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ სავარძელში ჯდომის“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისის ღამეს, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს გენერალური პროკურატურა იძიებს, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის იურისტები, შიშობენ, რომ მინისტრის პოსტზე დარჩენით, გიორგი გახარიას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე.

შეძლებენ თუ არა პოლიციელები მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას?

იმას ხომ არ ვამბობთ, რომ ის საკუთარი ნებით უნდა ჩაჯდეს ციხეში, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ის უნდა გაიწიოს გვერდზე და გამოძიებას სწორად წარმართვის საშუალება მისცეს

ასე ფიქრობს დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი კახა კოჟორიძეც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქმეში შესაძლოა იკვეთებოდეს თავად შს მინისტრის ბრალეულობა, რადგან მან განაცხადა, რომ 20-21 ივნისის ღამეს, ყველა გაცემულ ბრძანებაზე სწორედ ის იყოს პასუხისმგებელი, წარმოუდგენელია, რომ გამოძიების პროცესში, რიგითმა პოლიციელებმა თუ თანამდებობის პირებმა, მის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება:

„სამართალში, ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან, არსებობს პრინციპი, რომ საკუთარ საქმეში ვერ იქნები ვერც გამომძიებელი და ვერც მოსამართლე, რადგან ასეთ შემთხვევაში, აპრიორი ჩნდება კითხვები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. რასაც ახლა ვისმენთ, 21-ე საუკუნეში, არის ამ პრინციპის თავდაყირა დაყენება. თავად ის ფაქტი, რომ გახარია არის მინისტრი, ეს უკვე არის ხელის შეშლა გამოძიებისთვის. საქართველოს ისტორიაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ რომელიმე პოლიციელს, რიგითს თუ მის ზემდგომს, მიეცეს ჩვენება. შევთანხმდეთ და ამას ვერავინ უარყოფს, რომ გამოძიების პროცესში, მოწმეებად დაბარებულები იქნებიან, რა თქმა უნდა, შსს-ს თანამშრომლები, პოლიციელები, მათი უფროსები და.ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რიგითმა პოლიციელმა მოქმედი მინისტრის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება? მით უმეტეს, როდესაც ამ მინისტრის მხარდასაჭერად, ხელისუფლების მთელი პოლიტიკური სპექტრი აკეთებს განცხადებებს და ისინი ამბობენ, რომ მათ არაფერი შეშლიათ, რომ ძალა ლეგიტიმური და პროპორციული იყო და რომ მხოლოდ ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. როდესაც ერთი პოლიტიკური გუნდი ერთ ადამიანს უცხადებს მხარდაჭერას და ეს ადამიანი არის მოქმედი შს მინისტრი, ეს უკვე აპრიორი პრობლემაა გამოძიებისთვის და რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი. იმას ხომ არ ვამბობთ, რომ ის საკუთარი ნებით უნდა ჩაჯდეს ციხეში, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ის უნდა გაიწიოს გვერდზე და გამოძიებას სწორად წარმართვის საშუალება მისცეს“, - ამბობს კახა კოჟორიძე.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიების პრაქტიკა, უკვე ქმნის წინასწარ განწყობას, რომ 20-21 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამოძიება ვერ წარიმართება სათანადოდ, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც შესაძლოა საქმეში იკვეთებოდეს თავად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალეულობა:

„გამოძიების პროცესში, შსს-ს თანამშრომლების დაკითხვა იქნება ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო ბაზა, რომლითაც გამოძიება დაადგენს ფაქტობრივ გარემოებებს. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ბერკეტები იმისათვის, რომ მოხდეს მოწმეებზე ზემოქმედება ან შეთანხმება. რა თქმა უნდა, ეს ბერკეტები მინისტრის ხელში არსებობს. რამდენად გამოიყენებს მინისტრი ამ ბერკეტებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამის შესაძლებლობა, რომ ნამდვილად არსებობს, ცხადია. ჩვენი ორგანიზაციის საქმეების მაგალითებზე შემიძლია გითხრათ, რომ სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება უსასრულოდ გრძელდება ხოლმე და გადაწყვეტილება არასდროს დგება. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და ა.შ. ამ საქმეებზე უკუნითი უკუნისამდე მიმდინარეობს გამოძიება. ერთი რამ შეიძლება ცალსახად ითქვას, საზოგადოება არ დაიჯერებს ე.წ. დარეკლამებულ დაჭერას, როცა მთელმა მსოფლიო ნახა, როგორ ურტყამს პოლიციელი აქციის მონაწილეს და ისე სვამს მანქანაში. არც თვითონ გამოძიება დაიჯერებს ამას“.

რაც დრო გაიწელება, მით მეტი კითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა საქმის გამოძიება, სწორედ გახარიას ჩარევით ფერხდებოდეს.

20-21 ივნისის მოვლენებსა და პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე ანგარიშს ამზადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ანგარიში შემოდგომისთვის იქნება მზად. მანამდე კი საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, არ ჩანს არანაირი პოლიტიკური ნება, რომელიც საქმის ობიექტური გამოძიების განცდა გააჩენს. რაც შეეხება ვარაუდს, რომ შს მინისტრმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, სულხან სალაძე ფიქრობს, რომ თუკი გაჩნდება საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება, გიორგი გახარიას პოსტზე ყოფნა - არ ყოფნა, სურათს ვერ შეცვლის, თუმცა ის სრულად უჭერ მხარს საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, რომ შს მინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს:

„ლეგიტიმური მოთხოვნაა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკუთვნის შს მინისტრს და ის უნდა გადადგეს. რეალურად, გამოძიებულ იქნება თუ არა ეს საქმე, ეს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ამცირებს. რაც დრო გაიწელება, მით მეტი კითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა საქმის გამოძიება, სწორედ გახარიას ჩარევით ფერხდებოდეს. ხოლო თუ მინისტრი გადადგება და საქმე გამოუძიებელი დარჩება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული. ორივე სცენარის შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის საკითხი, რომელიც აქამდე უნდა დამდგარიყო“.

"გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას"...

"გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას", - ასე უპასუხა 16 ივლისს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების შესახებ. მამუკა ბახტაძის განცხადებით, პასუხისმგებლობას არ გაურბის არც თავად ის და არც მათი გუნდის სხვა წევრები:

"ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა გარკვეული სამართალდამცავების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას. მე გარწმუნებთ, ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არასდროს სკამს არ გამოეკიდება და სწორედ ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ამავე დროს, ჩვენ არასდროს მივცემთ დესტრუქციულ ძალებს იმის მცირე შანსსაც კი, რომ საქართველო იყოს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესი სახალხო დამცველის მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭოც, რომლის პირველი შეხვედრაც მიმდინარე კვირაში გაიმართება. სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნინო ლომჯარია საბჭოს წევრებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სწორედ მიმდინარე კვირაში გააცნობს მონიტორინგის პირველად ინფორმაციას.

რაზე მიუთითებდნენ უფლებადამცველები აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში?

20-21 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას, პოლიციამ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი.

ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველზე 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. რამდენიმე ადამიანი კვლავ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

უფლებადამცველები, აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში შეთანხმდნენ, რომ იმ ღამეს, დემონსტრანტები არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალეს. ისინი მიუთითებდნენ, რომ აქციის დაშლისა და დემონსტრანტების დაკავების შემდეგ, დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაზარალებული დემონსტრანტების უფლებებს იცავენ, აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ, მათ მიმართ გამოიყენეს ფიზიკური ძალა.

სამართალდამცავებს არასათანადო ქმედებაზე მიუთითა სახალხო დამცველმაც. 21 ივნისს ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ:

  • ძალის გამოყენებამდე აქციის მონაწილეები მკაფიო და გასაგები ფორმით არ გააფრთხილეს
  • პოლიციამ აქციის მონაწილეებს დასაშლელად არ მისცა გონივრული ვადა
  • სამართალდამცავებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რაზეც მეტყველებს მედიით გავრცელებული კადრები

26-ე დღეს დაკავებული ერთი პოლიციელი

პროკურატურამ აქციის დაშლიდან 26-ე დღეს, შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე. საქმე აღძრულია ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენა.

15 ივლისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

„სანამ არ დასრულდება გამოძიება... მე ვრჩები აქ” - გიორგი გახარია გამოძიების დასრულებას ელის.

„სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, ჩვენ ვრჩებით აქ“ - გიორგი გახარიას გადადგომას ელიან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები.

აქციების დაწყებიდან 27-ე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად კვლავ შს მინისტრის გადადგომა რჩება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს, სხვადასხვა სახის, მათ შორის უმძიმესი დაზიანებები მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG