Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასების პოლიტიკური შეფასება


გორის მაღაზიებში და ქსელურ მარკეტებში ბოლო დღეებში გაზრდილი ფასების გამო, ადგილობრივ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ფასების რეგულირებას ურჩევს, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია და მხოლოდ რეკომენდაციის გაცემას ემხრობა. 17 მარტიდან გორის სასურსათო მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ქსელში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ. ისინი პროდუქტების მარაგისა და ფასების მონიტორინგს ახორციელებენ.

ქალაქის მაღაზიების ნაწილში ფასები მომატებულია. მაგალითად, კარტოფილის ფასი ერთ დღეში ლარ-ნახევრიდან ორ ლარამდე გაიზარდა. ერთ-ერთ მაღაზიაში კილოგრამი წიწიბურა 5 ლარამდეც კი გააძვირეს. ფასს უმატებენ მაკარონს, ბრინჯს, ზეთს, შაქარს და სხვა პროდუქტებსაც. ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო პროდუქტებზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა, რაც ფასსაც ზრდის. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ვასილისა ჯაბახიძე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პროცესში უნდა ჩაერიოს და რეგულირება თუნდაც ჯარიმების დაწესებით ან, პირველ ეტაპზე, გაფრთხილებებით დაიწყოს.

სხვაგვარად ფიქრობს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე. მისი აზრით, სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს და ამ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციით უნდა შემოიფარგლოს.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ლარის კურსის სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. პარტიის წარმომადგენელ ეთერ ჯალაღანიას თქმით, კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ლარის კურსის სტაბილურობა კი ფასის სტაბილურობასაც განაპირობებს.

მმართველი პარტიის წევრი, ლია ჩლაჩიძე, აქცენტს მეწარმეების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე აკეთებს. მისი აზრით, ვინც ახლა შექმნილი ვითარებით სარგებლობს და პროდუქტების აჟიოტაჟური მოთხოვნის პარალელურად ფასს ზრდის, უნდა დაისაჯოს.

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში უკვე შეხვდა ქსელური მარკეტების მენეჯერებს და მათთან როგორც პროდუქციის მარაგის, ასევე ფასების საკითხებიც განიხილა. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ ფასები არ გაიზრდება.

7 უმთავრეს პროდუქტზე ფასები უნდა შენარჩუნდეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი დავალება მისცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც ბიზნესთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყოს ასახული. შესაბამისად, სოფლის მეოურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ნაკლებცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თანახმად, შიდა ბაზარზე დღეს მოთხოვნა ყველაზე მეტად გაზრდილია ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის ფხვნილსა და რძის ფხვნილისგან წარმოებულ პროდუქტებზე.

მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ პროდუქტებზე ფასების მერყეობაა მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და ამიტომ შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ფასის მერყეობას დააზღვევს. ლევან დავითაშვილის თქმით, მუშავდება დეტალები, რათა ეს მექანიზმი ბიზნესისთვისაც მისაღები იყოს.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, თუ ბაზარზე დაიწყება ფასების სპეკულაციური გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

მისივე თქმით, ეს საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

„თუ იქნება სპეკულაციური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შიდა ქართლში ადგილობრივი საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყოველდღიური შეხვედრები მიმდინარეობს ბიზნესის, ტრანსპორტის, რესტორნების, კაფეებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, რათა მათთან კონსულტაციების ფორმატში წარმოქმნილი გამოწვევები სწრაფად დაიძლიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG