Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა“ - საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ


2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დროებით შეაჩერა ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემა 75 ქვეყნისთვის, მათ შორის - საქართველოსთვის.
2026 წლის 21 იანვრიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დროებით შეაჩერა ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემა 75 ქვეყნისთვის, მათ შორის - საქართველოსთვის.

მოკლედ

  • აშშ-მა 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა.
  • შეზღუდვა არ ეხება ტურისტულ, სასწავლო და საქმიან ვიზებს, თუმცა საიმიგრაციო პროცესები შეჩერებულია.

“თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა, მაგრამ უცებ ყველაფერი გაქრა” -  21 იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ. გაცემის პროცესი დროებით შეწყდა. ჯერ არავინ იცის, როდის და რა პირობებით განახლდება.

საიმიგრაციო ვიზები სჭირდებათ მათ, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავენ. ოჯახების გამთლიანება, ქორწინება, შვილად აყვანა, "მწვანე ბარათის" მოგება - ასეთი იყო ვიზების გაცემის საფუძველი.

აშშ-ში საიმიგრაციო ვიზით ჩასულები მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელ საბუთს - "მწვანე ბარათს" - იღებდნენ და თითქმის ყველა იმ უფლებით სარგებლობა შეეძლოთ, რომლებითაც აშშ-ის მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობის გარდა. მათთვის ხელმისაწვდომია დასაქმება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური დახმარება და სხვა სერვისები.

  • "მწვანე ბარათის" მფლობელებს საიმიგრაციო ვიზით მხოლოდ მეუღლისა და შვილ[ებ]ის წაყვანა შეუძლიათ.
  • აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ წაიყვანონ როგორც მეუღლე და შვილ[ები], ასევე დედ-მამა და და-ძმებიც, თუმცა და-ძმების წაყვანა არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი.


15 იანვარს აშშ-ის საელჩომ გამოაცხადა, რომ გასაუბრების პროცესი გაგრძელდება, მაგრამ საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა, ვიდრე პროცესი შეჩერებულია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მათ, ვისაც ახალმა წესებმა სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა. ისინი მხოლოდ ანონიმურად საუბარზე დაგვთანხმდნენ.

“20 წელია დედა არ მინახავს, სხვა დანარჩენი ამაოა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა [სახელი შეცვლილია] - ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ე.წ. მწვანე ბარათის ბოლო გათამაშება მოიგო; ძალიან გახარებული იყო - “ერთადერთი შანსია ჩემისთანა ადამიანი მოხვდეს ოცნების ქვეყანაშიო”, მაგრამ ახალმა შეზღუდვამ იმედები თითქმის გადაუწურა.

დედის გარდა, ნანას დეიდაც და და-ძმაც აშშ-ში ცხოვრობენ - წლებია, არც ისინი არ უნახავს. მათგან მხოლოდ ძმას აქვს "მწვანე ბარათი" [მუდმივი ბინადრობის უფლება], მაგრამ ამ საბუთით დის წაყვანა შეუძლებელი იყო. სწორედ ამ დროს მოიგო ნანამ აშშ-ისთვის ტრადიციული გათამაშება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა, თუკი აშშ-ის საელჩოში დაიბარებენ, ნანა აუცილებლად მივა - ხარჯებს არ მოერიდება:

“თუ დამიბარეს, გავალ აუცილებლად. მაგ საბოლოო შანსს არ დავკარგავ ნამდვილად… ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც უარს ამბობს ფინანსური ხარჯის გაწევაზე და გასაუბრებაზე გასვლაზე, თუ ვიზას არ მისცემენ”.

"მწვანე ბარათის" გათამაშებაში მოგებულს, რომელიც გასაუბრებაზე მივა, პირველ ეტაპზე 330 დოლარის გადახდა უწევს, რაც უკან არ ბრუნდება, უარის შემთხვევაშიც. საიმიგრაციო ვიზების აპლიკანტებისთვის ტარიფები, ვიზის ტიპის მიხედვით, ასეულობით დოლარია.

მიხეილი [სახელი შეცვლილია] უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობს; მოქალაქეობა მიიღო და სწორედ ახლა ცოლისა და ორი არასრულწლოვანი შვილის წაყვანას ცდილობს. გვეუბნება, რომ მისთვის ეს “ხარჯიანი, შრომატევადი პროცესი” 2 წელიწადზე გაიწელა - მაგრამ ახლა უკვე აღარც ის არ იცის, რამდენ ხანს მოუწევს კიდევ ლოდინი, ვიდრე “ოჯახის გაერთიანების ნატვრა” აუხდება.

ერთადერთი, რაც ახარებს, უკვე მოასწრო მოხუცი დედის ჩაყვანა, რაც “საჩქარო იყო“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და “სწორედ ამერიკამ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე”.

მაკამ კი მშობლების ჩაყვანა ვერ მოასწრო.

“მართლა ბევრს შეგვეხო და ის იმედი გაგვიყინა, რაც მეც პირადად აქ [აშშ-ში] მაძლებინებდა - რომ მალე მშობლებს ჩამოვიყვანდი… რომ წავიკითხე 75 ქვეყნის სია, მეწყინა საქართველოს ამ სიაში ყოფნა“, - გვეუბნება მაკა, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მოქალაქეობაც, წესით, სულ მალე უნდა მიიღოს.

ოჯახის წევრების წასაყვანად მოქალაქეობის მიღების პროცესი რომ დაეჩქარებინათ, ბევრი ემიგრანტი ამერიკული ჯარის რეზერვშიც ეწერებოდა. არც მაკა არ იქნებოდა უარზე.

21 იანვრიდან საიმიგრაციო ვიზის გაცემა შეჩერდა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოს გარდა, სიაშია მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსიც.

აქ არის იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი, სადაც საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთი მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთი სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

ქართველი თარჯიმანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში სხვადასხვა იურიდიული პროცესების გავლაში ეხმარება, გვეუბნება, რომ ამ ახალი შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედებას, აშშ-ში 21 იანვრამდეც ცდილობდნენ.

“ერთ-ერთ საემიგრაციო მოსმენაზე DHS-ის [Department of Homeland Security] ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო საქმის მოსმენა - საქართველო იმ 75 ქვეყანაშიაო და აღარ ეკუთვნით არანაირი საემიგრაციო ბენეფიტიო… მაგრამ მოსამართლემ რამდენიმე დღე მისცა გამოსარკვევად, რა სიაა და რატომ არის საქართველო ამ სიაში. კარგი მოსამართლე იყო, თორემ სხვა რომ ყოფილიყო, ექნებოდა დეპორტი ამ ემიგრანტს… მოპასუხის ადვოკატს გაუჭირდა დაცვა”, - უყვებოდა თარჯიმანი რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 19 იანვარს.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძველებური პარტნიორული ურთიერთობების პირობებში, შესაძლებელია საქართველო საერთოდ არ აღმოჩენილიყო ამ სიაში. “ქართული ოცნების” პოზიციით კი, ეს მხოლოდ აშშ-ის შიდა პოლიტიკის საკითხია. “ქართული ოცნების” მომხრეები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ სიაში ნატოს წევრი 2 ქვეყანაა - მონტენეგრო და ალბანეთი.

აშშ-ში მუდმივად ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვება იაფი არ ჯდება.

ხარჯი აქვს აშშ-ის მოქალაქეს ანდა "მწვანე ბარათის" მფლობელსაც, რომელსაც ოჯახის წევრის ჩაყვანა სურს. ერთ ადამიანზე 675 დოლარია გადასახდელი - პროცესის დასაწყებად, ნათესაური კავშირის დადგენისთვის. არის სხვა გადასახადებიც - აპლიკანტებისთვის. გარკვეული ხარჯებია ვიზის აღების შემდგომ პროცესშიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრის ჩაყვანა [ოფიციალური გადასახადებისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ჩათვლით] შესაძლოა 10 ათას დოლარზე მეტიც დაჯდეს.

როგორც აშშ-ში მცხოვრები იურისტი გვიხსნის, აქამდე მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვება ადგილზე, აშშ-შიც შეიძლებოდა - ნაციონალური ვიზის ცენტრის გავლით - ტურისტული სტატუსი საიმიგრაციო სტატუსით იცვლებოდა, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო "მწვანე ბარათის" აღებაც. ბუნდოვანია, შეეხება თუ არა და რა ტიპის შეზღუდვები შეეხება ამ პროცესსაც.

საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესის განახლებამდე, აშშ-ის მოქალაქეებსა და "მწვანე ბარათის" მფლობელ ქართველებს ოჯახის წევრები შესაძლოა ტურისტული ვიზებით ესტუმრონ. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ტურისტული ვიზების გარდა, შეზღუდვა არც სასწავლო და საქმიან ვიზებს არ შეეხება.

„ტურიზმის ფუფუნების შესაძლებლობა ყველას არა აქვს“, - ამბობენ ემიგრანტები.

როდემდე შეიზღუდა პროცესი?

ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტი სრულ რევიზიას უკეთებს ყველა პოლიტიკას, რეგულაციასა და სახელმძღვანელო დოკუმენტს, რათა შეძლონ „მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან“ ჩასულებმა არ გამოიყენონ სოციალური დახმარება შეერთებულ შტატებში და „არ გახდნენ საჯარო ტვირთი”, - წერია ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით 15 იანვარს გამოაქვეყნა.

იქვე ხაზგასმულია პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია, რომ "იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG