Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შეაჩერა „მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით გასცა ბრძანება საემიგრაციო ვიზების პროგრამის (DV1), „მწვანე ბარათის ლატარიის“, (Green Card Lottery) შეჩერებაზე.

ნოემის სიტყვებით, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლაში ეჭვმიტანილი კლაუდიო მანუელ ნევეშ-ვალენტე შეერთებულ შტატებში 2017 წელს DV1 პროგრამით შევიდა და შემდგომში "მწვანე ბარათი" მიიღო.

"მწვანე ბარათი" - ოფიციალურად მუდმივი რეზიდენტის ბარათი - მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასოდეს უნდა შემოშვებულიყო", - დაწერა, მან სოციალურ ქსელ X-ში და დაამატა, რომ პროგრამის შეჩერება აუცილებელია, რათა "ამერიკელებს ზიანი აღარ მიადგეთ".

ნოემმა გაიხსენა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში "მწვანე ბარათის" ლატარიის პროგრამის გაუქმებას ემხრობოდა, 2017 წელს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელიც განხორციელდა ამ პროგრამის ფარგლებში შეერთებულ შტატებში ჩასული იმიგრანტის მიერ.

საუბარია 2017 წლის 31 ოქტომბერს მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაზე, როდესაც იმიგრანტი უზბეკეთიდან, საიფულო საიპოვი, ავტომანქანით შეეჯახა ჯერ ველობილიკზე მიმავალ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს. დაიღუპა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. აშშ-ის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და თავდამსხმელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დაადანაშაულა.

"მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამა 1990 წლიდან მოქმედებს და მას ახორციელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ყოველწლიური გათამაშების საფუძველზე 50 000-მდე საიმიგრაციო ვიზა გაიცემა იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებელია. "მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზების" პროგრამის (DIVP) გათამაშების გამარჯვებულები ვიზების მიღებამდე სტანდარტულ შემოწმებას და საკონსულო გასაუბრებას გადიან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG