Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხანდახან დაბომბვა წყდება, მაგრამ სიჩუმის უფრო მეშინია“, - ქართველი ებრაელი აშკელონიდან


ქალაქი აშკელონი, ისრაელი, 11 ოქტომბერი, 2023
ქალაქი აშკელონი, ისრაელი, 11 ოქტომბერი, 2023

ისრაელის ქალაქ აშკელონს ღაზის სექტორისგან დაახლოებით 15-20 კოლომეტრი აშორებს და ის, ისრაელსა და რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომში ერთ-ერთი ცხელი წერტილია. აშკელონში დღეში რამდენჯერმე ირთვება „აზაკა“ - განგაშის სიგნალი, რასაც დაბომბვაც მოსდევს ხოლმე.

ყოველდღიურად არის ამის შემსწრე ქართველი ებრაელი დიანა მოსიაშვილიც, რომელიც აშკელონში ექვსი წლის წინ წავიდა სამუშაოდ. ბოლო დღეებია დიანას ფანჯრიდან დროდადრო მოჩანს შავი კვამლის ბოლქვები.

„ამ დროს ვიცი, რომ სადღაც რაღაც აფეთქდა და შესაძლოა, ადამიანები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. აი, ახლაც ისვრიან. ბოდიში, შეიძლება გაქცევა მომიწიოს“, - ამბობს დიანა და სროლის ხმას აყურადებს, - „მგონი, შეწყდა“.

სახლს, რომელშიც დიანა მოსიაშვილი ახლა ცხოვრობს, სპეციალური თავშესაფარი არა აქვს, ამიტომ როგორც კი სირენა ირთვება, პირველი სართულისკენ გარბის და თავს იქ აფარებს.

კადრები აშკელონის ერთ-ერთი სახლის თავშესაფარში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

„დღის 80 პროცენტს, ფაქტობრივად, მანდ ვატარებ, რადგან განგაში ძალიან ხშირადაა“.

დიანა მოსიაშვილი
დიანა მოსიაშვილი

გუშინ ელექტროენერგიაც მოულოდნელად გაითიშა - „აზაკა“ არ ჩაირთო და დაბომბვა ისე დაიწყო. ბინებში რომ დაბრუნდნენ და ფანჯრიდან გაიხედეს, ქუჩაში უკვე მიქროდნენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

„ჩვენ კი დიდ, შავ კვამლს ვხედავდით. ეს არის ჩვენი ბოლო დღეების მთავარი პეიზაჟი“, - ამბობს დიანა.

მისი ფანჯრიდან ცარიელი ქუჩა ჩანს. ერთი-ორი მანქანა დადის. მოპირდაპირე კორპუსებში ფანჯრები დაკეტილია. კორპუსის ქვემოთ პატარა მაღაზია მუშაობს, მაგრამ იქ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს ჩადიან.

დიანა მოსიაშვილი ისრაელის ქალაქ აშკელონიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

„ცოტა ხნის წინ ბუნკერიდან რომ ამოვედით, საჭმლის კეთება დავიწყე, იქნებ ჭამა მაინც მოვასწროთ-მეთქი, მაგრამ შუა გზაზე მივატოვე კეთება, ისევ გავიქეცი. ხანდახან სიმშვიდე საათზე მეტხანს გრძელდება, მაგრამ მე ამ სიჩუმის უფრო მეშინია“.

დიანას საცხოვრებელი კორპუსი დაბომბვის დროს ზანზარებს ხოლმე. მაღალი სართულებიდან ღაზის სექტორთან საზღვარიც მოჩანს. „რკინის გუმბათი რომ არ მუშაობდეს, აქამდე მიწასთან ვიქნებოდით გასწორებულებიო“- ამბობს.

„ადრეც ისროდნენ ხოლმე, შეჩვეულები ვიყავით, მაგრამ ახლა, როგორც ამბობენ და ჩვენც ვხედავთ, იარაღითაც უკეთ არიან მომარაგებული და თავად იარაღიც უკეთესი აქვთ. რაც ახლა აქ ხდება, მსგავსი რამ მე კი არა, აქ დაბადებულ ადამიანებსაც არ ახსოვთ“.

დიანას სახლში ორი ძაღლი და ერთი კატა ჰყავს. საქართველოში წამოსვლაც რომ დააპიროს, ცხოველების საბუთების დამზადებას დრო სჭირდება. თუმცა, ისიც და მისი მეგობრებიც იმდენად დაბნეულები არიან, რომ ისიც ვერ გადაუწყვეტიათ, რა უნდა ქნან.

დიანას კატა და ძაღლები, აშკელონი, 11 ოქტომბერი
დიანას კატა და ძაღლები, აშკელონი, 11 ოქტომბერი

ჩანთებს ხან ჩაალაგებს, ხან ამოალაგებს ხოლმე.

„თან ისრაელის იმედიც გვაქვს, მაგრამ მერე ისევ რომ გვესმის დაბომბვის ხმა, შიში ისევ გვიმძაფრდება. ეს დღეებია სანახევროდ გვძინავს, რამე რომ არ გამოგვეპაროს. იმისიც კი მეშინია, უცებ "აზაკა" რომ გამოცხადდება და გავიქცევი, სადმე, კიბეზე ტერორისტი არ შემხვდეს. ალბათ, იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ჩვენ ვართ, შოკი ჰქვია. წამოსვლაზეც ვერ ვფიქრობ, ბილეთის ფასებიც ძალიან გაძვირდა“.

აშკელონის ქუჩები, ომის მეხუთე დღე,11 ოქტომბერი
აშკელონის ქუჩები, ომის მეხუთე დღე,11 ოქტომბერი

სირენების ხმა ისევ ისმის ქალაქ ხულონშიც, სადაც ცხოვრობს და მუშაობს კიდევ ერთი ქართველი, ეკა ქურხული. ამ ვიდეოს ეკა სწორედ ხულონიდან გვიზიარებს:

სირენა ჩაირთო - ქალაქი ხულონი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:18 0:00

ეს კი თავშესაფრის კადრებია, სადაც განგაშის დროს ჩასვლა უწევთ ხოლმე. ხანდახან დღეში რამდენჯერმეც.

თავშესაფრის შესასვლელი
თავშესაფრის შესასვლელი

რამდენიმე დღის საკმარისი აუცილებელი საკვები პროდუქტებიც მომარაგებული აქვთ.

საკვების მარაგი
საკვების მარაგი

ომი ისრაელში უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა, დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის - გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

აშკელონს ღაზის სექტორიდან ოციოდე კილომეტრი აშორებს
აშკელონს ღაზის სექტორიდან ოციოდე კილომეტრი აშორებს

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილით, მხოლოდ გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 281 დაიჭრა. 11 ოქტომბერს, დღის ბოლოს, პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ საერთო ჯამში, დაღუპულია 1100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე.

გაეროს მიერ დღეს, 12 ოქტომბერს, განახლებული მონაცემებით, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 338 934-მა ადამიანმა. ღაზის სექტორის მოსახლეობა 2,3 მილიონია. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი ისრაელს და ეგვიპტეს ესაზღვრება. ღაზის სექტორი ამჟამად ორივე მხრიდან ჩაკეტილია.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულია სულ მცირე 1354 ადამიანი და დაჭრილია 6000-ზე მეტი.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, 330 000-ზე მეტი ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლები. ზოგიერთმა მათგანმა რეგიონი დატოვა ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის ერთადერთი გადასასვლელით.

სააგენტო როიტერსი წერს, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანიდან უმეტესობას ელექტროენერგია და წყალი არ აქვს.

კვამლი ღაზის თავზე, 12 ოქტომბერი, 2023 წელი
კვამლი ღაზის თავზე, 12 ოქტომბერი, 2023 წელი

„ყველა ომს მოვესწარი, მაგრამ ამ ომზე უარესი არაფერი მინახავს“, - ამბობს ოთხი შვილის მამა, 35 წლის იამენ ჰამადი, რომლის სახლიც ისრაელის ავიადარტყმებმა დაანგრია.

ღაზის სექტორი ჩაბნელებულია - ისრაელმა 9 ოქტომბერს, გამოაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

ბლოკადა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების წვდომას პირველადი აუცილებლობის საქონელზე, „აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“, განაცხადა სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა რავინა შამდასანიმ.

გაეროს კომისია ისრაელის ჯარებსა და პალესტინელთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG