პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პოლონეთში დაფუძნებული ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, FEDERA.
რა ვიცით ქართველი ქალის მდგომარეობის შესახებ?
მათი ცნობით, 15 კვირის ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, ის უკვე მეოთხედ მოხვდა კლინიკაში, დამოუკიდებლად ვეღარ ჭამს, აქვს დიაბეტი და უწყვეტი პირღებინება.
„ითხოვს, რომ მას აბორტი გაუკეთდეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ აძლევს ორსულობის გაგრძელების საშუალებას. ველოდებით, რომ ექიმები განიხილავენ მის საქმეს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მას აბორტი გაუკეთდეს. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს.
ჩვენ მოვიპოვეთ ქალის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია. მას ორსულთა გულისრევის მძიმე ფორმა აქვს, რაც გულისხმობს მუდმივ და უკონტროლო გულისრევას. ქალს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, ამიტომ ნებისმიერი ღებინება ან გულისრევა მის სისხლში შაქრის დონეს სერიოზულად აზიანებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას FEDERA-ს წარმომადგენელი, ანტონინა ლევანდოვსკა, რომელსაც პოლონეთში დავუკავშირდით.
უფლებადამცველის თქმით, ფიზიკური მდგომარეობის გართულების გამო ქალს განუვითარდა შფოთვითი აშლილობა:
„ვეღარ იკვებება. კვებავენ ხელოვნური გზით. საკვებს ვერ ინარჩუნებს. ჰქონდა სისხლიანი პირღებინების ეპიზოდიც. არსებობს რისკი, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას“.
ანტონინა ლევანდოვსკა ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ომბუდსმენი, პარლამენტარები:
„ჩემი კოლეგა იმყოფება ევროპარლამენტში. მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია ქართველი ქალის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტარებსაც“.
რას ამბობს კანონი აბორტის შესახებ პოლონეთში?
პოლონეთში აბორტის მარეგულირებელი ძირითადი კანონი 1993 წელს მიიღეს, თუმცა მისი მოქმედება მნიშვნელოვნად გამკაცრდა 2020–2021 წლებში.
2020 წლის 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ნაყოფის მძიმე და უკურნებელი განვითარების დარღვევები აღარ ითვლება ორსულობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2021 წლის 27 იანვარს.
ამ ცვლილებების შედეგად პოლონეთში აბორტი კანონიერად დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1. როცა ორსულობის გაგრძელება საშუალო ან რეალურ საფრთხეს უქმნის ორსულის სიცოცხლეს;
2. როცა ორსულობა დადგა ძალადობის შედეგად.
კანონის ცვლილებებს პოლონეთში მასობრივი აქციები მოჰყვა. აქციები კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდიოდა. 2021 წლის შემდეგ პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეგულაციების მქონე ქვეყნად ითვლება აბორტის საკითხში.
საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს პოლონური მედიაც. ანტონინა ლევანდოვსკა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ორსულ ქალს პოლონეთში ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა:
„დღეს ქართველი ქალის მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ამბავია სოციალურ ქსელში. ხალხს ძალიან აინტერესებს მის შესახებ ინფორმაცია. უცხადებენ სოლიდარობას. ხალხი ერთმნიშვნელოვნად ქალის მხარესაა“.
ანტონინა ლევანდოვსკას ინფორმაციით, ქალი პოლონეთში ქმართან ერთად იმყოფება:
„მისი მეუღლე პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. მოგვიანებით მასთან ცოლიც ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ოჯახს მედიასთან ურთიერთობა არ სურს. ორი შვილი ჰყავთ. შვილები მათთან ერთად იმყოფებიან თუ არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“.
საელჩო ინფორმირებულია
უფლებადამცველი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩოც.
რადიო თავისუფლება ცდილობს საელჩოსთან დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე მათთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. ვცდილობთ გავარკვიოთ, იგეგმება და შესაძლებელია თუ არა ორსული ქალის საქართველოში ტრანსპორტირება.
ანტონინა ლევანდოვსკა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექიმები 25 თებერვალს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
„თუკი ეს კონკრეტული კლინიკა უარს იტყვის აბორტზე, ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ მოხდეს მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა. მინდა იცოდეთ, რომ მას მარტოს არ დავტოვებთ“.
40 წლამდე ორსული ქალი ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ოლშტინის სახელმწიფო, მრავალპროფილურ რეგიონულ კლინიკაში იმყოფება. კლინიკა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო ცენტრია.
აბორტის სტატისტიკა პოლონეთში
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პოლონეთში ლეგალური აბორტების რაოდენობა 2020 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა.
თუკი 2019–2020 წლებში ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით ათასზე მეტი აბორტი ტარდებოდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 107-მდე დაეცა.
მოგვიანებით დაფიქსირდა მცირე ზრდა - 2023 წელს პოლონეთში 425 ლეგალური აბორტი ჩატარდა. 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, აღირიცხა დაახლოებით 627 შემთხვევა.
ფორუმი