Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი პირობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია


ვიხსენებთ ხუთ შემთხვევას, როდესაც „ქართული ოცნება“ საკუთარი დაპირების წინააღმდეგ წავიდა
ვიხსენებთ ხუთ შემთხვევას, როდესაც „ქართული ოცნება“ საკუთარი დაპირების წინააღმდეგ წავიდა

ამბობდნენ, რომ „აგენტების კანონს“ აღარ მიიღებდნენ, - რომ „ეს საკითხი დახურულია“, - მაგრამ ერთი წლის თავზე ზუსტად იმავე შინაარსის კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

და ეს არ არის „ქართული ოცნების“ პირველი დაპირება, რომლის წინააღმდეგაც თავად წავიდა.

ამ სტატიაში მოკლედ ვიხსენებთ ბოლო პერიოდის იმ ხუთ შემთხვევას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაცემული პირობა დაარღვია.

რას არ ვიხსენებთ

და არა, ამ სიაში არ შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც მმართველმა პარტიამ, უბრალოდ, არ შეასრულა დაპირება, - ეს გაცილებით ვრცელი სიაა.

ამ სიაში არ შედის არც ისეთი შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნების“ ან მისი განაყოფი „ხალხის ძალის“ სახეები იმ ორგანიზაციებისგან იღებდნენ ფინანსურ სარგებელს, რომელთა წინააღმდეგაც ახლა არიან დარაზმულები.

აქ შედის მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც „ოცნების“ ლიდერები საკუთარი სიტყვის, - საზოგადოებისთვის და პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის - წინააღმდეგ წავიდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები. 2024 წლის პირველი თებერვალი
„ქართული ოცნების“ ლიდერები. 2024 წლის პირველი თებერვალი

დავიწყოთ ყველაზე ბოლოდან:

1. „აგენტების კანონი“

მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ უკან გაიწვია, პირობა დადო, რომ მას აღარ დააბრუნებდა.

ამას ამბობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრიც (ირაკლი ღარიბაშვილი) და პარტიის თავმჯდომარეც (ირაკლი კობახიძე). ახლა მათ როლები გაცვლილი აქვთ.

„გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასოდეს დაინიცირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში… რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კონკრეტულად კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი“, - ამბობდა ირაკლი კობახიძე შარშან, 9 მარტს.

ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ახლა პრემიერ-მინისტრია
ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ახლა პრემიერ-მინისტრია

აი, ეს კი ექსპრემიერის, ამჟამად „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია, 2023 წლის 23 ივნისით დათარიღებული:

„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია“.

მაშინ ახსენა ისიც, რომ ეს პირობა დასავლელ პარტნიორებთანაც დადო. ჟურნალისტების კითხვაზე, ხელახლა ხომ არ გეგმავენ კანონის წარდგენას, თქვა:

ეს კითხვა მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა და პარტიის თავმჯდომარე გახდა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა და პარტიის თავმჯდომარე გახდა

2. „ლგბტ პროპაგანდა“

ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს ძალადობრივმა დაჯგუფება „ალტ-ინფომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა ჰომოფობიური კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უნდა აკრძალულიყო „შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას“.

მოგვიანებით, 2023 წლის მაისში, - მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონი“ გაიწვიეს, - „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „ლგბტ პროპაგანდა“ უნდა აიკრძალოს.

იმავე დღეს, 3 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, „ქართული ოცნება“ ხომ არ გეგმავს ასეთი შემზღუდავი კანონის მიღებას. მდინარაძემ განაცხადა:

„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: "ქართულ ოცნებაში" არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება“.

და, რაც მთავარია, ხაზი გაუსვა, რომ არგუმენტებს შორის „მთავარია [ის, რომ] სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება“:

„სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

თქვა ისიც, რომ „შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი“.

გადის რამდენიმე თვე და მამუკა მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ გაილაშქრებს და „ქართული ოცნების“ ძირითადი სპიკერიც ის ხდება ამ თემაზე.

„საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა დავუპირისპიროთ“, - ამბობს მდინარაძე 29 თებერვალს.

3 აპრილს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებების პროექტი, - რომელსაც კონსტიტუციის ცვლილებაც კი სჭირდება, - პარლამენტში დარეგისტრირდა „აგენტების კანონის“ პროექტთან ერთად.

3. ქალების კვოტირება

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ 2018 წელს დააპირა არჩევნების პროპორციულ სიებში ქალების კვოტირება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, დიდი ხნის განმავლობაში ადვოკატირებდნენ.

მაგრამ 2018 წლის მარტში პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც „გარკვეულ დეტალებზე“ შეუთანხმებლობით ახსნა.

მოგვიანებით, 2020 წლის ზაფხულში, პარლამენტმა, სადაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობას ფლობდა, კვოტირების კანონი მაინც მიიღო.

ახალმა ნორმამ პარტიები დაავალდებულა, საარჩევნო პროპორციულ სიაში, სულ მცირე, ყოველი მეოთხე წევრი ქალი ყოფილიყო. ეს ნორმა 2028 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.

2023 წლის თებერვალში „ოცნებამ“ დამატებითი ცვლილებები შეიტანა და კვოტირება 2032 წლამდე გაახანგრძლივა.

იმავე ცვლილებების პაკეტით დაადგინა, რომ სიაში ქალის ადგილმონაცვლე მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს [ასეთი ხერხი „გირჩმა“ გამოიყენა - პარლამენტში პარტიის ოთხივე წევრი კაცია].

2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელზე პასუხად თქვა, რომ კვოტირება შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, სახელმწიფოს აქვს უფლება, „ამა თუ იმ სფეროში ფაქტობრივი უთანასწორობის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებული ზომების, მათ შორის გენდერული კვოტების შემოღების გზით აღმოფხვრას იგი“.

მოულოდნელად, 2024 წლის ოთხ აპრილს, პარლამენტმა, „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ შეთანხმების კვალდაკვალ, ქალთა კვოტირება გააუქმა.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი - მე-9 პუნქტი, - „გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის მუშაობასაც“ ითვალისწინებდა.

სტატუსის მინიჭებისას ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩათვალა.

4. პროპორციული არჩევნები

ამ ამბავსაც ბევრი დეტალი აქვს.

ყველაფერი იწყება 2019 წლის 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, როდესაც სპეცრაზმმა დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაარბია, - არაერთი ადამიანი დაშავდა, - რასაც კიდევ მოჰყვება ანტისამთავრობო დემონსტრაციები.

დემონსტრაციების პასუხად ბიძინა ივანიშვილმა, - რომელიც მაშინ ჯერ კიდევ იყო ოფიციალურად პოლიტიკაში, - პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით გაიმართებოდა.

იმავე წელს მმართველმა პარტიამ საკუთარი პირობა არ შეასრულა და შერეული სისტემა დატოვა.

ამის მიზეზი კი გახდა მოვლენა, რასაც მედიამ „მაჟორიტარების აჯანყება“ უწოდა.

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო, თუმცა „მაჟორიტარების აჯანყებამ“ ეს ცვლილება ჩააგდო
ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების პირობა დადო, თუმცა „მაჟორიტარების აჯანყებამ“ ეს ცვლილება ჩააგდო

„ოცნების“ პარლამენტარების ნაწილმა, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძემ, - ბიძინა ივანიშვილის პირადმა ექიმმა, - თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო ცვლილებას, რადგან სურდათ, შენარჩუნებულიყო პირდაპირი კავშირი მოქალაქეებსა და მათ მიერ პირდაპირ არჩეულ პარლამენტართა შორის.

ამის შემდეგ იყო პოლიტიკური კრიზისი და 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის - ფასილიტაციით შედგა.

საბოლოოდ, შეთანხმებამ განსაზღვრა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მხოლოდ 30 დეპუტატს აირჩევდნენ მაჟორიტარული წესით. ასეც მოხდა.

5. „შარლ მიშელის შეთანხმება“

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი ხანგრძლივი - 6-თვიანი - პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

ბრიუსელის ჩართულობით წარმოებული მოლაპარაკებები 2021 წლის გაზაფხულზე, 19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა.

შეთანხმებას, ოფიციალური სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, არაოფიციალურად „შარლ მიშელის შეთანხმება“ დაერქვა, - რადგან იგი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შედგა.

ქართველი პოლიტიკური ლიდერები ხელს აწერენ „შარლ მიშელის შეთანხმებას“. 2021 წლის 19 აპრილი
ქართველი პოლიტიკური ლიდერები ხელს აწერენ „შარლ მიშელის შეთანხმებას“. 2021 წლის 19 აპრილი

იგი პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იქნა მიჩნეული.

შეთანხმება ითვალისწინებდა:

  1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას
  2. ამბიციურ საარჩევნო რეფორმას
  3. სასამართლო რეფორმას
  4. პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას
  5. აჩენდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას, - თუკი „ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებაზე ხელი თავიდანვე არ მოუწერია.

ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა, რაც „ოცნებამ“ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიიღო, სასამართლო რეფორმას ეხებოდა:

შეთანხმების მიუხედავად, რომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ, არსებული წესებით დანიშვნისგან თავი უნდა შეეკავებინა, პარლამენტმა 6 მოსამართლე გაამწესა.

აქედან ორიოდე კვირაში, 2021 წლის 28 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ „გადიოდა“, - რითაც, ფაქტობრივად, გააუქმა შეთანხმება.

„ნდობის დარღვევა“

დაპირებების, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული დაპირებების შესრულება მნიშვნელოვნად მოქმედებს არათუ მმართველი გუნდის, არამედ მთლიანად ხელისუფლებისა და სახელმწიფოს რეპუტაციაზე.

დაპირებების შეუსრულებლობა, - და, მით უმეტეს, მათ წინააღმდეგ წასვლა, - დამატებით კითხვებს აჩენს პარტნიორებში.

როდესაც ევროკავშირმა საქართველოს მმართველი პარტია გააკრიტიკა „აგენტების კანონის“ დაბრუნების გამო 2024 წლის 4 აპრილს, იქვე განაცხადა:

„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ“...

„ნდობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმაც.

„მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნდობის გამოცხადება იყო და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახალი წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა“.

XS
SM
MD
LG