Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა დღეს, 2 ივნისს შეიტყვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებმა დღეს, 2 ივნისს შეიტყვეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე თვის წინ დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ.

„გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს... ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“, - წერია ქარტიის განცხადებაში.

დღეს, 2 ივნისს თანამშრომლების ნაწილმა შეიტყო, რომ მათთან აჭარის ტელევიზია, რეორგანიზაციის საბაბით, თანამშრომლობას აღარ აგრძელებდა. ამ 14 თანამშრომელს შორის ხუთის ვინაობა ცნობილია:

  • მაია მერკვილაძემ (რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი);
  • ირინა ყურუამ (გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი);
  • ასევე თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ.

„ეს ჩემთვის არ არის პირველი გათავისუფლება სამსახურიდან, მაინცდამაინც მორჩილი პოზიციით არ გამოვირჩევი და მაქვს საკუთარი აზრი რაღაც ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით“, - ამბობს მაია მერკვილაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვებით გამორჩეული ჟურნალისტები სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს, ნაწილი კი ეთერიდან მოხსნეს.

ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეურვეო საბჭომ დროზე ადრე შეუწყვიტა კონტრაქტი არხის იმდროიდნელ დირექტორს, ნათია კაპანაძეს. მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელიც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშია. ეს გადაწყვეტილებები მან მიიღო.

მანვე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი (მოგვიანებით გაათავისუფლა) და მთავარი გამოშვების რედაქტორი, მაია მერკვილაძე, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა და სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში დავა წამოიწყეს.

მოქმედი დირექტორი ირაკლი კიკვაძე, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მაუწყებლის თანამშრომლების გაშვება დაიწყო, ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 29 იანვრიდან მუშაობს. ის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG