Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამი და ფულის გათეთრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორუფციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს.

„კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება - ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია“, - თქვა გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში 2025 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

ბოლო ერთ წელში, კორუფციისა თუ ფულის გათეთრების ბრალდებით საქართველოში დააკავეს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც იკავებდნენ პრემიერის, მინისტრის, მინისტრის მოადგილის, სუსის უფროსის თანამდებობებს.

რადიო თავისუფლება ამ სტატიაში იხსენებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ვინ და რისთვის აღმოჩნდა საბრალდებო სკამსა და ციხეში.

რკინიგზის ყოფილი დირექტორის საქმე

16 ივნისს სუსმა პასუხისგებაში მისცა დავით ფერაძე, რომელიც "საქართველოს რკინიგზას" 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მასზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ძებნა გამოცხადდება.

ფულის გათეთრების ამ საქმეზე, სუსი 8 ადამიანს ედავება კორუფციული სქემის აწყობას და მასში მონაწილეობას:

„დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა“.

სუსის ცნობით, ამ სქემით 2020-2021 წლებში დაეუფლნენ რკინიგზის კუთვნილ 22 120 ტონა შავ ლითონს, რაც 17 391 121 ლარად გაიყიდა.

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე

გასული წლის 17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბინა გაჩხრიკეს და 6,5 მლნ აშშ დოლარი იპოვეს. რამდენიმე დღეში, 22 ოქტომბერს, მას ბრალი წაუყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად უკანონო ბიზნესსაქმიანობიდან იღებდა შემოსავალს:

„უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ის უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს“.

ღარიბაშვილმა „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“. პროკურატურამ მისთვის 1 მლნ ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

2026 წლის 12 იანვარს ჟურნალისტებმა მოულოდნელად შეიტყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა: მან ბრალი აღიარა და 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დამატებით 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.

სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმე

2025 წლის 23 დეკემბერს პროკურატურაში დაიბარეს და დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. ინფორმაცია მედიას მიაწოდა იმ დროს ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

„საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში“, - თქვა გვარაკიძემ და ოთხი საქმის შესახებ ისაუბრა.

დაპატიმრებამდე ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს.

ბრალდების მიხედვით:

  • 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის;
  • 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის (რომელიც უკვე მსჯავრდადებულია) მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 მლნ 500 ათასი ლარი;
  • გრიგოლ ლილუაშვილს ადანაშაულებენ დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობაში - ბრალდების მიხედვით, ამ საქმიანობას ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა და ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო;
  • მეოთხე ეპიზოდი შეეხება თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის მფარველობას, „რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.

გრიგოლ ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი საქმე დახურულ სასამართლო სხდომებზე განიხილება. ეს ნიშნავს, რომ დასწრების უფლება არ აქვთ არც ოჯახს და არც მედიას. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ლილუაშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის საქმე

2026 წლის 22 მაისს დააკავეს სუსის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილი ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. მას ედავებიან 250 000 ლარის ოდენობის ქრთამის აღებას.

გამოძიების ცნობით, ყოფილი მაღალჩინოსანი კერძო მეწარმეს დაჰპირდა საქართველოში არადეკლარირებულად შემოტანის დროს ჩამორთმეული 40 000 000 რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) დაბრუნებას, თუკი ის 10%-იან ჯარიმასთან ერთად ქრთამს გადაიხდიდა.

მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე

2026 წლის 23 აპრილს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. რამდენიმე თვით ადრე, 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავებული ექსმინისტრი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.

ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ცოლისძმა ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.

დამატებით სასჯელად მას ჩამოართვეს ქონება, მათ შორის მიწა და სახლი ესპანეთში, მალაგის პროვინციაში; სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე

ცხრა ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2026 წლის 16 მარტს.

მას ჩამოართვეს ქონება, კერძოდ კი ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული სამი ავტომანქანა. გარდა ამისა - ბინიდან ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, მათ შორის ოქროს საათები და ოქროს ზოდებიც.

იგი დამნაშავედ ცნეს:

  • „ფულის გათეთრებაში“ (იგივე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში);
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში;
  • სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძეს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

თბილისის „უფასო სასადილოების საქმე“

2026 წლის 2 აპრილს სუსმა დედაქალაქის სოციალურად დაუცველი 14,5 ათასი ბენეფიციარისთვის უფასო სასადილოებში კვების საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა (კომპანიების დირექტორები და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი). გამოძიება დაინტერესდა 2023-2026 წლებში გაფორმებული 12 ხელშეკრულებით.

„პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს“, - აცხადებდნენ სუსში.

მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ენგურჰესის საქმე“

2026 წლის 23 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (შპს "ენგურჰესის") შვილობილი კომპანიის, შპს „კოდორიჰესების“ (ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე) დეპარტამენტის უფროსი. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სუსის ცნობით, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და „აღიარა დანაშაული“.

მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხაშურის საკრებულოს ყოფილი მოადგილის, ლევან გამრეკელის საქმე

2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი. მას და მასთან კავშირში მყოფ ორ პირს (პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი) ედავებიან „დიდი ოდენობით ქურდობას“.

გამოძიების მიხედვით, ლევან გამრეკელმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. „ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა“.

მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სუსმა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით სხვადასხვა დროს პასუხისგებაში მისცა 60-ზე მეტი ადამიანი. მათ შესახებ უწყებაში ბრიფინგი სხვადასხვა დროს გაიმართა (30 ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, 21 საქმე, 11 საქმე).

ფორუმი

XS
SM
MD
LG