Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის მოლოდინი  ინსპირაციის საფუძველი გახდა


ფოტო: მინდია ჩარქსელიანი
ფოტო: მინდია ჩარქსელიანი

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, წითელ და ჯაჭვის ხიდებს შორის მდებარე საუკუნოვანი სახლების რეკონსტრუქცია იგეგმება. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც სახლების აღსადგენად პროექტს შექმნის. მდინარის სანაპიროზე შეფენილი აივნებიანი სახლების რეკონსტრუქციის პროექტმა სახლების ამჟამინდელი იერსახის შენახვის სურვილი გაუჩინა ფოტოგრაფ მინდია ჩარქსელიანს და გადაწყვიტა თავისი იდეა განეხორციელებინა როგორც პროექტი „რიონისპირი“. ფოტოგრაფი ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე იღებდა კერძო სახლებს და ფოტოებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ათავსებდა, რასაც უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა.

„გადასაღებად საინტერესო შენობები და ადგილები აღმოვაჩინე და ვფიქრობ, მათი ფოტოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი შენობები განახლდება“, ამბობს მინდია ჩარქსელიანი. მისი თქმით, რიონისპირა სახლების ფოტოებს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ფოტო გამოფენებზეც გაიტანა. ფოტოები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქუთაისი უყვარს ან ენატრება, და იმათთვისაც, ვინც ფოტოზე გამოსახული ადგილები პირველად ნახა და ტურისტული თვალსაზრისით საინტერესოდ მიიჩნია. სხვადასხვა კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული ფოტოგრაფი ამბობს, რომ ფოტოებს ციფრული ფორმატით შეინახავს და დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს უსასყიდლოდ გადასცემს.

რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის დაწყებამდე სახლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შესანახად განხორციელდა პროექტი ქუთაისის მერიის თანადაფინანსებითაც, რომლის ფარგლებში მოეწყო 14 ფოტოსა და ამ ფოტოებით დასურათებული ღია ბარათების გამოფენა.

„’რიონისპირა სახლების ისტორიები’ ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში გამართული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ღია ბარათებზე დაიბეჭდა როგორც საქართველოს ეროვნულ არქივში მოძიებული ფოტოები, ასევე ფოტოგრაფ გიორგი ცაავას მიერ ახლახან გადაღებული ფოტოები და თითოეულ ბარათზე დატანილია ისტორია შენობა-ნაგებობისა“, ამბობს მერიის კულტურის განყოფილების ახალგაზრდული მიმართულების სპეციალისტი ლანა სვანიძე.

პროექტ „რიონისპირა სახლების ისტორიების“ ავტორის, ანა ბაქანიძის თქმით, მან გასულ წელს ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით მოამზადა წიგნი „ქუთაისი მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესაში“, რის შემდეგაც გაჩნდა იდეა პროექტისა, რომელიც რიონისპირა სახლების საარქივო მასალებთან ერთად ამ სახლების თანამედროვე ისტორიებსაც ასახავს:

„ჩავწერეთ რიონისპირელების ზეპირი ისტორიები, რამდენიმე დღე გავატარეთ მათ ლამაზ აივნებზე, ეზოებში და გვიყვებოდნენ ამბებს, რომლებიც ღია ბარათებზეა წარმოდგენილი“.

რიონისპირა სახლების ამჟამინდელი იერსახის ფოტოებზე აღბეჭდვას რეალურად არსებული სინამდვილის დანახვის საშუალებად მიიჩნევს კინომცოდნე თამთა თურმანიძე. მისი თქმით, კარგი ფოტო დროთა განმავლობაში მეტ შინაარსს იძენს.

„ფოტოზე მოჩანს არა მარტო შუქ-ჩრდილი, დეტალები და ფორმები, არამედ ის დამოკიდებულებაც, რომელიც ადამიანს აქვს თავისი გადასაღები ობიექტისადმი“ - ამბობს თამთა თურმანიძე და დასძენს, რომ „ფოტოები არის დროის კაფსულები, რომლებიც ინახავენ იმ კონკრეტული დროის მონაკვეთის შუქს, ხასიათს, ღიმილს, ხმაურს. მდუმარე ფოტოები ხმაურსაც ინახავენ. სწორედ ეს უცნაური თვისება ფოტოგრაფიას უფრო მეტ ფასს სძენს“.

„რიონისპირი ქუთაისში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია“; „ძველად რიონს სხვა ფერი ჰქონდა, უფრო სუფთა იყო, დინებაც შედარებით ნელი გახლდათ“; „სახლებს ძირითადად რიონის მხარეს ჰქონდა ეზოები. ხეებითა და ყვავილებით გაშენებულ ბაღებში დღემდე იშლება გრძელი სუფრები“; „რიონისპირის მოსახლეობას ძირითადად ქართველები შეადგენდნენ, თუმცა ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ბერძნები, სომხები და რუსები. მე-19- მე-20 საუკუნეებში იქ დასახლდნენ ვაჭართა გილდიის წევრები, სამხედრო თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები“; „ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ქალები და კაცები ხშირად ერთად ჩადიოდნენ რიონის პირზე. ადგილობრივებმა კარგად იცოდნენ მდინარეზე საბანაო ადგილები. ცურვაში ქალები ვაჟებს არ ჩამორჩებოდნენ. როცა წყალი დაბლა იწევს, მდინარეზე ჩნდება მეორე ნაპირზე გასასვლელები, ესაა მდინარეში თეთრი ქვებისგან შექმნილი ერთგვარი ბილიკი“; „დროთა განმავლობაში რიონისპირა ქუჩებმაც შეიცვალა სახე, ვიწრო ქუჩები მოკირწყლულმა ფართო გასასვლელებმა ჩაანაცვლა, ცხენები და ურმები ავტოტრანსპორტმა შეცვალა“ - ვკითხულობთ ღია ბარათებზე, რომელთა ერთ მხარეს რიონისპირა სახლების გაზაფხულზე გადაღებული ფოტოებია განთავსებული, მეორე მხარეს კი ქართულ და ინგლისურ ენებზე ამ სახლების ისტორიებია დაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG