Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვიძლის გადანერგვა პირდაპირ ეთერში


28 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ინიცატივით კლინიკა “ინოვაში” ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც საოპერაციოდან უნივერსტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მოხდება. ოპერაციის ტრანსლაციის იდეა პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ეკუთვნის, რომელიც თვლის, რომ ტრანსპლანტაციებისადმი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების და ექიმების ინტერესს ასეთი შემთხვევები ზრდის, მოქალაქეების ცნობიერებას კი ამაღლებს.

პირდაპირ ეთერში გადასაცემი ოპერაციისას ღვიძლი გადაენერგება 54 წლის მამაკაცს ციროზის დიაგნოზით, რომლის დონორიც 49 წლის ქალია. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაკეთდეს, აუცილებელია დონორი და რეციპიენტი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

ზოგადად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციად ითვლება და მასში ექიმების დიდი გუნდი იღებს მონაწილეობას მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. ერთი ღვიძლის გადანერგვისთვის პარალელურად ორი პროცესი მიმდინარეობს - დონორის გაკვეთა და მისი ღვიძლის ნაწილის ამოღება და რეციპიენტის მომზადება ოპერაციისთვის და მისი დაზიანებული ღვიძლის ამოკვეთა. ოპერაციისას დონორის ღვიძლი შესაბამისი ხსნარებით უნდა დამუშავდეს, სანამ რეციპიენტს გადაენერგება, გადანერგვა კი გულისხმობს გარდა უცხო ორგანიზმში ღვიძლის განთავსებისა, მისისრულყოფილად ფუნქციონირებისთვის რიგ მანიპულაციებს: მაგალითად, სისხლძარღვების მიერთებას და ა.შ.

ვინ ჩაატარებს ოპერაციას?

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა.ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით. საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის ჩატარებული აქვს 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია - ყველა წარმატებული.

ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ზოგადად, ეს გუნდი მუშაობს იმაზეც, რომ საქართველოში ნელ-ნელა დაინერგოს გვამური დონაციაც, რაც ნაკლებ სარისკოა.

სად შეიძლება ოპერაციის პირდაპირ ეთერში ყურება?

დაინტერესებულ პირებს და პირველ რიგში სტუდენტებს, საოპერაციოში მიმდინარე ტრანსპლანტაციის ყურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში დილის 9:00 საათიდან შეეძლებათ. თვითონ ოპერაცია ტრანსლაციამდე ერთი საათით ადრე, 8 საათზე დაიწყება და ტრანსლირების შემდეგ კიდევ გაგრძელდება. ოპერაციის დაწყებიდან ტრანსლაციის დაწყებამდე არსებული ერთი საათი დონორისა და რეციპიენტის მომზადებას მოხმარდება. ოპერაციის მსვლელობისას პროფესორი კვანგ ვუნგ ლი გეგმავს აუდიტორიაში შეკრებილსტუდენტებთან მისვლას, მათთვის ლექციას წაიკითხავს ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ და შემდეგ კვლავ საოპერაციოში პაციენტებთან დაბრუნებას.

ვინ არის პროფესორი ლი?

მედიცინის დოქტორს, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი.

ამჟამად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია.

პროფესორი ლი არის აღიარებული მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, მათ შორის 150-ზე მეტი კორეის გარეთ.

პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია, გენების გადაცემა, კიბოს ღეროვანი უჯრედები, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა, სანაღვლე გზების იშემია, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG