Accessibility links

„ყაზტრანსგაზის“ მაგივრად - „თბილისი ენერჯი“


დღეიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“„თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

„კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და სხვა ელემენტების სრულად განახლებას.“ - წერია თბილისი ენერჯის 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზის“, ახლა უკვე „თბილისი ენერჯის“, გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძეა, ის „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ კომპანიის სპეციალური მმართველი იყო, მანამდე კი მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი.

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2009 წელს მრავალმილიონიანი დავალიანების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ჯერ სპეციალური მმართველი დაუნიშნა, 2018 წელს კი - გაიყიდა.

ვინ ფლობს კომპანიას?

„თბილისი ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული WALTBAY LTD-ია, ეს კომპანია საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნეს ჯგუფის – შპს „სი ბი ეს ჯგუფის“ ნაწილია. „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნდა და იგი საქართველოში სხვადასხვა კომპანიას მართავს და კონსულტაციებს უწევს.

„სი ბი ეს ჯგუფის“ მსხვილი წევრები არიან:

შპს მობიტელი (ბილაინი)

კავკასუს ონლაინი

თბილისის მიკროავტობუსი

რკინიგზის ტელეკომი

„სი ბი ეს“-ის დამფუძნებელი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

მისი ბიზნესების მცირე ჩამონათვალი ასეთია:

შპს რუსული რესტორანი - 100 % წილი

შპს ბლექ სი ჰოტელს გრუპ - 55 % წილი

შპს ბათუმი ინტურისტი - 50 % წილი

შპს თბილისი მოლი - 26 % წილი

შპს თბილისი პარკინგ - 20 % წილი

ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილება მიღებულია გაზგამანაწილებელი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელებთან დაკავშირებით, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე კომპანიის დამფუძნებლის შესახებ ისაუბრა: „თუ „ყაზტრანსგაზში“ ხვიჩა მაქაცარია გამოჩნდება, იცოდეთ, კომპანია კალაძის საკუთრებაშია“, - თქვა მან .

პოლიტიკოსის ამ განცხადების შეფასება დღეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსს ნათია მიქიაშვილს ვთხოვეთ, რაზეც მან რადიო თავისუფლებას უპასუხა: „შემდეგი შეკითხვა“.

რა შეიცვლება ბრენდინგის გარდა მართვაში

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ყოველწლიურად იგეგემება საშუალოდ 30-მილიონიანი ინვესტიცია.

კითხვაზე, მასშტაბური ინვესტიციების ფონზე შესაძლებელია თუ არა კომპანიამ გაზის საფასური გააძვიროს, „სი ბი ეს“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ნათია მიქიაშვილი განგვიცხადა, რომ ეს შეკითხვა მათ არ ეკუთვნით:

„ამას ჩვენ როგორ შევცვლით? რეგულირებადი სფეროა და სემეკს უნდა მიმართოთ.“

"ყაზტრანსგაზის" დირექტორის ყოფილი მოადგილის, ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის თქმით, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ კომპანიის მიერ განხორციელებული დიდი ინვესტიციები გამოიწვევს ტარიფების ზრდას და ეს პროცესი გარდაუვალია:

„როდესაც კომპანია ახორციელებს დიდ ინვესტიციებს და სამუშაო სრულდება, რა თქმა უნდა, ტარიფი გაიზრდება. რეგულაციები და წესები ძალიან კარგად ვიცი და ისიც ვიცი, როგორ ხდება წარდგენა ამ პროექტების სემეკში, მანდ საეჭვო არაფერია, ჩემი კომპეტენციის გამო შემიძლია ვთქვა, რომ გაძვირება გარდაუვალია. კომპანია წარადგენს პროექტს, სემეკი კი ამ ხარჯების მიხედვით ამტკიცებს და ადგენს ტარიფს.“

„ყაზტრანსგაზი,“ რომელსაც ყაზახური კომპანია „ყაზმუნაი გაზი“ ფლობდა, თბილისს 2006 წლიდან ემსახურებოდა. ამ ხნის განმავლობაში ცალკეული შემთხვევების გარდა, გაზმომარაგების ერთიანი ქსელი დედაქალაქში არ გამოცვლილა და ექსპერტის თქმით, მას უკვე გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG