Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე ამერიკული სიმღერა


საოთხივლისოდ, ვიფიქრე ამერიკელებისთვის რამე მიგვეძღვნა. აშშ-ზე უამრავი სიმღერა დაწერილა - ზოგი მაქებარი, ზოგიც - კრიტიკული. თუმცა, ზოგი ახერხებს რომ ერთიც იყოს და მეორეც.

ბრიუს სპრინგსტინის Born In The USA, მხოლოდ მისამღერს რომ დაუკვირდე, ბანალური, დროშის მოფრიალე სიმღერაა. ვინ მოთვლის, რამდენი პოლიტიკოსის შეკრებაზე დაუკრავთ. რამდენიმე წლის წინ „კრაისლერიც“ მილიონობით დოლარს თავაზობდა სპრინგსტინს, მისამღერი რომ მისი მანქანების რეკლამაზე დაედო. ცხადია, ბრიუსმა უარი თქვა. არ არის მაგის კაცი.

არადა, ტექსტს თუ ოდნავ მაინც ყურს დაუგდებ, ძალიან ტკივილიან და კრიტიკულ სიმღერას აღმოაჩენ.

სიმღერაა პატარა ამერიკულ ქალაქში დაბადებულ ბიჭზე, რომელსაც ვიეტნამში გაუშვებენ. იქ მეგობარს მოუკლავენ, სამშობლოში დაბრუნებული კი ვერც სამსახურს შოულობს და არც სახელმწიფო ეხმარება. სიმღერის ბოლოს ეს ბიჭი თავს ციხის ჩრდილში აღმოაჩენს, ხვდება, რომ ბოლოს ალბათ იქ აღმოჩნდება. Nowhere to run ain't got nowhere to go.

ყოველი სტროფის შემდეგ კი მისამღერია - სპრინგსტინი ყოჩაღი, მხიარული ხმით გაჰყვირის „ამერიკაში დავიბადე, ამერიკაში დავიბადეო“. ცალკე აღებული მისამღერი პატრიოტული სიმღერაა. დანარჩენ ტექსტთან ერთად - ღრმად ირონიული.

თუმცა, ამ სიმღერის სიდიადე იმაშიცაა, რომ ამ ირონიულობის გვერდით გულწრფელობაც დგას. რაღაცნაირი ილუზია-ნახატები რომაა, ერთსა და იმავე გამოსახულებაში ხან რომ დოქები ჩანს და ხან - შიშველი ქალი. ესეც ეგეთი ტიპია - ერთდროულად ამერიკის კრიტიკაცაა და, ამავე დროს, ქებაც. გაბრაზებაც ჩანს საკუთარ ქვეყანაზე (სიმღერა რომ დაწერა ვიეტნამის ამბები 9 წლისდასრულებული იყო) და თან გულიანი სიყვარულიც. „მოყვარეს პირში უძრახეც“ და „ჩემო კარგო ქვეყანაც“.

ბრიუს სპრინგსტინზე ამერიკულ მუსიკას, მგონი, არავინ წერდა.

XS
SM
MD
LG