Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ყველაზე პოპულარული ექსპონატი მესტიის მუზეუმში


საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოგვაწოდა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატების აღწერილობა და ფოტომასალა.

დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ) მონეტა - დრამა. ვერცხლი. დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტები ქართული ფულის ერთ-ერთი გამორჩეული და იშვიათი ჯგუფია. მონეტებზე წარწერა ქართული ასომთავრულითაა შესრულებული. დავით IV მოხსენიებულია ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით ,,სევასტოსი“.

ადიშის ოთხთავი - 897 წ. ასომთავრული. ეტრატი. მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშია. შემკულია IX-X საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მხატვრული პრინციპების შესაბამისად - მახარებელთა მინიატურები, კამარები, კიბორიუმი დასაწყისშია თავმოყრილი. თავფურცელზე გამოსახულულია ტოლმკლავა ჯვარი (კვადროფოლიუმი). გადაწერილია შატბერდში მიქაელის მიერ შატბერდის მონასტრის წინამძღვრის სოფრონის დაკვეთით, შემმოსველი კი მიქაელ დიაკონია.

40 სებასტიელი მოწამის ხატი - XII ს. ხე, ტილო, ლევკასი, ფურცლოვანი ოქრო, ტემპერა. ლატალის თემი. ხატზე წარმოდგენილია 40 სებასტიელი მოწამე და მაცხოვარი, რომელიც ორივე ხელით აკურთხებს მოწამეებს. ამ ხატში ვხედავთ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდგომ ბიზანტიურ სამყაროში პოპულარული თემის ინდივიდუალურ გადაწყვეტას – ეს არის ქართული ხატწერის კლასიკური ნიმუში, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საქართველოს კავშირს ევროპულ კულტურასთან.

კიდობანი - კიდობანი, XIX ს. ხე. კიდობანი სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ფართოდ გავრცელებული სამეურნეო სათავსო იყო, რომელშიც ინახავდნენ მარცვლეულს, ფქვილს, გამომცხვარ პურს. არსებობდა საკულტო დანიშნულების კიდობნებიც, სადაც სარიტუალო კვერები და სადღესასწაულოდ განკუთვნილი ფქვილი ინახებოდა. ასეთ კიდობნებს სვანეთში წმინდას უწოდებდნენ და ეკლესიებს სწირავდნენ. მათზე უმეტესწილად გამოისახებოდა სხვადასხვა სახის ,,ჭრელები" და მაგიურ-აპოტროპული ხასიათის მოტივები. სვანური კიდობანი ხალხური ხითხუროობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

თხილამურები - XIX ს. ხე, თოკი. სვანეთში გავრცელებული იყო მრგვალი და ოვალური ფორმის სასიარულო (საბიჯებელი) თხილამურები ზამთარში ნადირობისას, დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად. მთაში სასიარულოდ გამოიყენებოდა ასევე სპეციალური ქალამნები - ბანდულები, რომელთაც ძირი თასმებით ჰქონდა გამოწნული, გამობანდული, რათა ფეხი მყარად მოკიდებულიყო თოვლზე ან ქარაფზე. სითბოსა და სიმშრალისთვის შიგ აფენდნენ ბალახს. ასეთ ქალამნებს მამაკაცები თავად კერავდნენ ღორის ან თხის ტყავისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG