Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ზღვის უნივერსიტეტის კრიზისი - ფინანსური თუ პოლიტიკური სარჩულით?


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რომლის წინაშეც დგას შავი ზღვის უნივერსიტეტი და რამაც, შესაძლოა, სასაწავლო პროცესს სერიოზული რისკები შეუქმნას. ცენტრისავე განცხადებით, „უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, 700 ათასი ლარის ოდენობით, ასევე, დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა“. მიუხედავად შეზღუდული უფლებისა, ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლით მიანიჭა და სწორედ ამიტომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ და ალოგიკურად მიიჩნევენ შავი ზღვის უნივერსიტეტში.

საბჭოს გადაწყვეტილება 21 აგვისტოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გააპროტესტეს. შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ უნივერსიტეტმა აპრილში წარმატებით გაიარა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, რომელიც ჩაატარა ექსპერტთა ჯგუფმა, ბრიტანელი სპეციალისტის, ენდი გიბსის, ხელმძღვანელობით. შემდეგ, აგვისტოში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს ექვსი წლით ავტორიზაცია მიანიჭა, თუმცა, „ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დასკვნა ... ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა", - ვკითხულობთ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ამ ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა დაადეს, თუმცა შემოსავლების სამსახურმა შემდგომში ეს ყადაღა გააუქმა, რაც საბჭოს არ გაუთვალისწინებია. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში უნივერსიტეტი მზადაა დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ის საბჭოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიიჩნევს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა.

"800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში", - წერს ადმინისტრაცია და დასძენს: "ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23-წლიანი წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება".

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტში პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებენ, მაინც ამბობენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენთან დაკავშირებული „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ სასწავლებლებს შორის ერთერთია. ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დემირელის სახელობის სკოლასა და რამდენიმე საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს. დემირელის სკოლას ავტორიზაცია ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის აგვისტოში შეუჩერეს. მაშინ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად ორგანიზაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევები დაასახელა. თუმცა, სკოლის დახურვის ფაქტმა მაშინვე გააჩინა ეჭვები, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობდა, რომ უბრალო დამთხვევა არ იყო საქართველოში ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიჩნეული იმ რამდენიმე დაწესებულების დახურვა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხული, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის – ფეტულა გიულენის სახელთან ასოცირდებოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად არჩეული აქვთ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უნდა შეცვალონ არჩევანი არაუგვიანეს 2018 წლის 27 აგვისტოს 18 საათისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG