Accessibility links

შედარებით გახსნილი სოხუმი და მეტად ჩაკეტილი ცხინვალი


ცხინვალი

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა ქართულ და საერთაშორისო მხარეებთან ურთიერთობის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გზები აირჩიეს.

სოხუმმა საერთაშორისო დამკვირვებლების შუამავლობით თებერვალშივე მოითხოვა ტექნიკური შეხვედრის ჩატარება გალში. ეს შეხვედრა მთლიანად კორონავირუსის პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. სოხუმში გრძნობდნენ, რომ ვირუსი მათ გვერდს ვერ აუვლიდა და წინასწარვე დაიწყეს ზრუნვა მედპერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე. ტექნიკური შეხვედრის ჩატარებიდან მალევე, ენგურის ხიდის გავლით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. ამ ტვირთში მედპერსონალის აღჭურვილობა და სადეზინფექციო ხსნარები შედიოდა. გარდა ამისა, სოხუმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. პირველ ტვირთს მეორე მოჰყვა. ამჟამად კი გალის რაიონის მცხოვრებთა დასახმარებლად ცალკე არასამთავრობო სექტორის და ცალკე ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. გარკვეული მიზეზების გამო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ დავასახელებთ, რომლებსაც ტვირთი თითქმის ყოველდღიურად უკვე გადააქვთ ენგურის ხიდზე. აფხაზეთის ხელისუფლება ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს, ჰუმანიტარული საქმის ჩუმად კეთებას ამჯობინებენ არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

სოხუმის განრადიკალურად განსხვავებული გზა აქვს არჩეული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებას, რომელმაც დიდი ხანია საქართველოსთან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტები ჩაკეტა და საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებასმხოლოდ ერთ შემთხვევაში განიხილავს. რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ტვირთს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის გავლით, როკის გამშვები პუნქტიდან მიიღებენ. ეს პოზიცია მან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ონლაინ ვიდეოკონფერენციისას დააფიქსირა და ინფორმაცია სააგენტო „რესმა“ გაავრცელა.

დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ჰუმანიტარული დახმარებაც პოლიტიკურ საკითხად იქცა და იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ტვირთი ერგეთიდან შევა, თუ ვლადიკავკაზიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები კი არაღიარების პოლიტიკისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისადმოქმედებენ.

ცალკე თემაა გამშვებ პუნქტებზე ავადმყოფების გადმოყვანის საკითხი. ბოლო ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გაავრცელა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 22 მარტიდან დღემდე 188 მოქალაქეა გადმოყვანილი და აქედან 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს.

„იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ, იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასობრივი გავრცელება ამ ვირუსის“, - ამბობს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს ოკუპაციისა და ჩაკეტილობის (განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის მხრიდან) გამო შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში.

„ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამის კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში“, - თქვა მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი ავადმყოფების უმრავლესობა აფხაზეთიდანაა. მაგალითად, პირველივე კოვიდინფიცირებული დაუბრკოლებლად გამოატარეს ზუგდიდისკენ და ეს ამბავი წითელი ჯვრისა და კერძო კონტაქტების მეშვეობით დღემდე გრძელდება. უფრო რთულადაა საქმე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მცირედი შერბილება იქაც შეინიშნება. მაგალითად, ახალგორიდან მძიმე ავადმყოფის გადმოსაყვანად რეკომენდაციის გაცემა ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმს შეუძლია, ამის შემდეგ პაციენტის ნათესავებმა სახელისუფლებო ბიუროკრატიული ბარიერი უნდა გადალახონ და თბილისისკენ გზა იხსნება. იშვიათად, მაგრამ მაინც, გზა ერგნეთშიც იხსნება, როცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის თბილისისკენ ტრანსპორტირებას ითხოვს. ორი ასეთი შემთხვევა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გაიხსენა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად წერენ, რომ ადგილობრივი ჯანდაცვა უხარისხოა და მოსახლეობა კორონავირუსის პირობებში თავს დაუცველად გრძნობს. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა კი ბიბილოვის ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდებდა, რომ საერთაშორისო დახმარებაზე უარი არ ეთქვა. მისითქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ნაბიჯები როგორც გარედან, ისე შიგნით ცუდად გამოიყურება. ეს საკუთარი მოქალაქეებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, როცა უარს ამბობ დახმარებაზე გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის დროს:

„ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხალხი უნდა შემოეშვათ, მით უმეტეს, რომ ეს ორგანიზაცია პოლიტიკური არ არის. ეს მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, იმისთვის რომ ადამიანები კარგად იყვნენ, ცოტას ავადმყოფობდნენ და მალე ჯანმრთელდებოდნენ. მივესალმები აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ეს არის ბრძნული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად არ მესმის ჩემი მთავრობის გადაწყვეტილება მათი არშემოშვების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილების სასარგებლო არგუმენტაცია“.

დე ფაქტო ხელისუფლება ნაკლებად უსმენს ცხინვალელ აქტივისტებს, მას მხოლოდ კრემლიდან წამოსული ხმა ესმის და მზერაცმხოლოდ მოსკოვისკენ აქვს მიპყრობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG