Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირებული ვაჭრობა კახეთში, ტექნიკის მაღაზიებში


ელექტროტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია კახეთში
ელექტროტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია კახეთში

მას შემდეგ, რაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდა, კახეთში ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა მკვეთრად შეუმცირდათ. ამის გამო ზოგი მათგანი ბიზნესის დახურვის საფრთხეზეც ლაპარაკობს.

გადმოწერა

ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან. არადა, ტექნიკის მაღაზიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდული საქონლის 90 პროცენტი სწორედ განვადებაზე მოდიოდა.

ვისაც შემოსავალი აქვს სოფლის მეურნეობიდან და ეს არ ფიქსირდება ბანკში, ისინი ტექნიკის ყიდვას განვადებით ვეღარ ახერხებენ...

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის აღება გართულდა, რაც ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

მაგალითად, თუ რეგულაციების ძალაში შესვლამდე მომხმარებელს მაღაზიაში სასურველი ნივთის განვადებით ყიდვისას შემოსავლების ოფიციალურად დადასტურებას არ სთხოვდნენ, ახლა მათ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცნობას სთხოვენ იმის შეახებ, თუ რამდენია მათი ყოველთვიური შემოსავალი და რამდენად შეძლებს მსესხებელი ვალდებულების შესრულებას. ასეთი დოკუმენტის წარდგენა კი მოსახლეობის იმ ნაწილს არ შეუძლია, ვინც თვითდასაქმებულია.

ტექნიკის მაღაზია
ტექნიკის მაღაზია

კახეთში ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში კონსულტანტი გვეუბნება, რომ თუკი 2018 წლის დეკემბერში პროდუქტის განვადებით ყიდვაზე დღეში 20 განაცხადიდან 15 კმაყოფილდებოდა, ახლა დადებით პასუხს 5 იღებს. შესაბამისად, მათი გაყიდვა მკვეთრად შემცირდა.

„ვისაც შემოსავალი აქვს სოფლის მეურნეობიდან და ეს არ ფიქსირდება ბანკში, ისინი ტექნიკის ყიდვას განვადებით ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, შეგვიმცირდა გაყიდვები, რაც მაღაზიის მუშაობაზე ცუდად მოქმედებს. ნაღდი ანგარიშსწორებით ტექნიკას თითქმის არავინ ყიდულობს“, - განაცხადა კონსულტანტმა.

ტექნიკის მაღაზიების გაჩერების ამბავი ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც ბიზნესმენს ბიზნესი გაუჩერდა. მას დასაქმებული ჰყავდა იქ ადამიანები, რომლებიც ავტომატურად დარჩებიან უმუშევრები.
გიორგი კეპულაძე

ახალი საბანკო რეგულაციები განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს არ მოსწონს, ვინც დასაქმებული არ არის, თუმცა ყოველთვიური შემოსავალი აქვს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ძირითადად განვადებით ყიდულობენ, თუმცა არიან ისეთები, ვისაც ცვლილებები მოსწონს.

პრობლემის მასშტაბურობაზე ლაპარაკობენ ორგანიზაციაში "საზოგადოება და ბანკები". ამ არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდეგ უკვე დიდ მაღაზიებშიც ალაპარაკდნენ, რომ ვაჭრობა შემცირდა და ზოგი მათგანი გაკოტრების წინაშეც კი დადგა. კეპულაძის თქმით, შესაძლოა არსებული მდგომარეობის გამო თავად ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს რეგულაციების შერბილება, თუმცა, სპეციალისტის თქმით, ამისთვის გარკვეული დროა საჭრო, რომ მარეგულირებელმა პრობლემა ციფრებში დაინახოს, ანუ ის თუ რა სახის ფინანსური დანაკარგი განიცადა კერძო სექტორმა და სახელმწიფომ.

„ტექნიკის მაღაზიების გაჩერების ამბავი ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც ბიზნესმენს ბიზნესი გაუჩერდა. მას დასაქმებული ჰყავდა იქ ადამიანები, რომლებიც ავტომატურად დარჩებიან უმუშევრები. შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად იფიქროს რეგულაციების შერბილებაზე. რა მოხდა ამ რეგულაციების შემდეგ, პირველი ნათელი სურათი, ალბათ, გამოჩნდება, როცა გარკვეული დრო გავა - დაახლოებით, 1 კვარტალი ან ექვსი თვე, რომელიც გამოაჩენს ეკონომიკასა და ბიზნესზე რა ზეგავლენა მოახდინა ცვლილებებმა. თუმცა ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, არის ის, რომ განვადება და სამომხმარებლო საბანკო პროდუქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან არსებული რეგულაციების გამო ბანკები ვერ გასცემენ სესხებს ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის დასაქმებულზე“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საქართველოს მოქალაქეები ბანკიდან სესხს სხვადასხვა დანიშნულებით იღებენ. მაგალითად, გასული წლის მიწურულს ორგანიზაციამ "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 40% კომუნალურ გადასახადებს ნასესხები ფულით იხდის. 50 % კი სესხს საკვებისთვის იღებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევა ეფუძნება საქსტატის სამსახურის მონაცემებს. ეკონომისტების ნაწილი აბობს, რომ მთავრობას ჭარბვალიანობისგან თავის დასაღწევად საბანკო რეგულაციების გამკაცრების ნაცვლად უნდა ეზრუნა უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონიმიკასაც გააძლიერებდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG