Accessibility links

"შუახევიჰესი" ამუშავდა, წყალი ჟონავს, "ქარავანი მიდის"


"შუახევიჰესი" ამუშავდა.

ეს ის ჰესია, რომლის გვირაბიც, 2017 წელს, თავდაპირველი ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შუახევის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.

აი, მაგალითად, ეს არის სოფელი გოლხანაური. მიწიდან დიდი რაოდენობით გამოსულ წყალს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართულება მისცა.

ცნობა იმის თაობაზე, რომ "შუახევიჰესმა" კომერციული წარმოების პროცესი დაიწყო, პროექტის მეწილემ, მსხვილმა ინდურმა ენერგოკომპანია „ტატა ფაუერმა“ 30 მარტს საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

როგორც „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ჩანაწერების მიხედვით ჩანს, რომ ჰესი მარტში უკვე ფუნქციონირებდა და სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა სოფლებთან, დასახლებული ადგილებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, გაურკვეველი წყაროებიდან წყლის გაჟონვის ამბავიც.

შუახევის ჰესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და რასაც თავის დროზე აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობაც, სამოქალაქო საზოგადოებაც (187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო, დასრულებულად სამი წლის წინ გამოცხადდა).

აი, რა ცნობას ინახავს რადიო თავისუფლების არქივი ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ:

ვწერდით იმაზეც, თუ რატომ არ მუშაობდა ჰესი ბოლო ორი წლის განმავლობაში:

გარემოსდამცველი არასამთავრობოები თავიდანვე შიშობდნენ, რომ 400 მილიონიანი პროექტის დასაწყებად ჩატარებული კვლევების ნაკლებობა მომავალში არაერთ საფრთხეს შექმნიდა.

სხვათა შორის, იგივე არასამთავრობოები დღესაც ვარაუდობენ, რომ ასეთივე რისკის ქვეშ დადგება ონის ჰესიც, თუ ის აშენდება.

გოლხანაურში მცხოვრებ ხალხს ეშინია, რომ ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში ამ ჩამონადენმა წყლებმა კიდევ უფრო არ გაართულოს ვითარება და როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მადონა თავდგირიძემ უთხრა „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლებს, „მიწა ფეხქვეშ არ გამოეცალოთ და ერთ დღეს მთელი სოფელი მეწყერმა მდინარეში არ ჩაიტანოს“.

იგივე მადონა თავდგირიძე ლაპარაკობს თავის დაკვირვებაზე, რომ სანამ ჰესი გვირაბის ჩამოშლის გამო გაჩერებული იყო, წყალი არ ჟონავდა და მოსახლეობაც ნაკლებად ღელავდა.

ერთი თვის წინ გვირაბის გასწვრივ ნიადაგიდან გამოსული წყალი კი, მათი ვარაუდით, შესაძლოა, „შუახევიჰესის“ გვირაბების არასწორად ფუნქციონირებას უკავშირდებოდეს.

გოლხანაურის თავზე გადის სწორედ „შუახევიჰესის“ სამიდან ერთ-ერთი, 17.8 კმ-იანი გვირაბი. რამდენიმე წლის წინ, როცა მის გათხრაზე მუშაობა დაიწყეს, სოფელი გოლხანაური წყლის გარეშე დარჩა – იქ წყაროები სრულიად გაქრა, - წერს „მწვანე ალტერნატივა“.

ფაქტია ისიც, რომ წყალმა გამოჟონა სოფელ მახალაკიძეებშიც. ეს სოფელიც წლებია რაც საყოფაცხოვრებო და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი და სადაც, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან ქვების ცვენა ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ამ სოფლის მცხოვრებთაც მეწყრის შიში აქვთ.

„მწვანე ალტერნატივა" აცხადებს, რომ 2018 წლიდან სოფელი მახალაკიძეები მედიაციის პროგრამაში ჩაერთო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო ბანკები ცდილობენ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავა გადაწყვიტონ და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პროექტის შედეგად მიყენებული ზიანი აღირიცხოს. მედიაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მანანა ქოჩალაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც ჰიდროელექტროსადგურმა მარცხი განიცადა 2017 წელს, "კომპანიამ უამრავი ფული დახარჯა მის შეკეთებაზე, თუმცა ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობას კომპანიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შიში ისევ გაჩნდება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას კი, ისევე როგორც 3 წლის წინ, გვირაბების ჩამოშლაზე, არავინ იღებს“, - აცხადებს მანანა ქოჩლაძე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2017 წელს ჩამოშლილი გვირაბები, მოგვიანებით, პროექტის მმართველმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესებს“ დააბრალა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, დღეისათვის, როცა ჰესმა მუშაობა განაახლა, მისი მმართველი კომპანიის ვებგვერდზე არ იძებნება განახლებული გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაასაბუთებს, რომ ამჯერად ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

„შუახევიჰესს“ სამი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტი აფინანსებს:

  • აზიის განვითარების ბანკი,
  • ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და
  • საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

ეს უკანასკნელი კი პროექტის მეწილეც არის, „ტატა ფაუერთან“ და ნორვეგიულ „ქლინ ენერჯი ინვესტთან“ ერთად.

„მწვანე ალტერნატივაში“ მიიჩნევენ, რომ შუახევიჰესს ჯერ არ დაუსაბუთებია, არის თუ არა მისი მუშაობა უსაფრთხო.

„10-წლიანი ხმაურიანი ისტორიის შემდეგ და მასში სამი საერთაშორისო ბანკის ჩართულობის მიუხედავად, შუახევი მაინც რჩება პროექტად, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ მიყენებული ზიანისა და მუდმივი შიშის ფონზე განაგრძობს ცხოვრებას და სადაც მათ ჯერ არ იციან პასუხი კითხვაზე: ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?" - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG