Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტად პეტრ პაველის არჩევა - "უმაღლეს დონეზე საერთაშორისო იზოლაციის" დასრულება


პეტრ პაველი
პეტრ პაველი

ჩეხეთის რესპუბლიკამ თავის ახალ პრეზიდენტად აირჩია პროდასავლელი, ყოფილი ნატოელი მეთაური და უარი უთხრა მილიარდერ ოლიგარქსა და პოლიტიკურ ვეტერანს, ანდრეი ბაბიშს, რომელიც კრიტიკული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიმართ და ეჭვქვეშ აყენებდა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რას შეიძლება ნიშნავდეს ჩეხების არჩევანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის?

პეტრ პაველმა, არმიის გადამდგარმა გენერალმა, 28 იანვარს, მეორე ტურში დაამარცხა პოპულისტი მილიარდერი, ანდრეი ბაბიში და ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი გახდა. 61 წლის პაველი სადავო და პირდაპირი მილოშ ზემანის ადგილს დაიკავებს დიდწილად ცერემონიულ, მაგრამ პრესტიჟულ პოსტზე.

პაველი, რომელიც კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ადრე იყო ნატოს სამხედრო კომიტეტის, ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს, მეთაური.

იგი მტკიცედ უჭერს მხარს ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. მისთვის მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის ევროპის კავშირსა და ნატოში წევრობა.

პრეზიდენტმა ზემანმა, მალე ყოფილმა, მხარი დაუჭირა ბაბიშს, ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს. ზემანი და ბაბიში ევროსკეპტიკურ შეხედულებებს იზიარებენ და ხშირად მიმართავენ ანტიმიგრანტულ რიტორიკას.

პაველ ჰავლიჩეკმა, პრაღის ანალიტიკური ცენტრის - საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის ანალიტიკოსმა, განუმარტა რადიო თავისუფლებას, რატომ შეძლო პაველმა უფრო მეტი ჩეხი ამომრჩევლის მიმხრობა, ვიდრე ბაბიშმა. ჰავლიჩეკის სიტყვებით: მისი არჩევა ჩეხეთის რესპუბლიკის "უმაღლეს დონეზე იზოლაციის" დასასრულს ნიშნავს და თვლის, რომ ზემანი ტოვებს "არალიბერალიზმის" გავრცელების მემკვიდრეობას.

რადიო თავისუფლება: ისევე, როგორც ყველგან, ჩეხური საზოგადოებაც გაყოფილია ქალაქისა და სოფლის რაიონებად, რასაც დიდწილად ალბათ სოციალური მედიაც განაპირობებს. როგორ მოახერხა პაველმა ამ განხეთქილების გადალახვა და როგორ მიაწვდინა ხმა როგორც კონსერვატორ, ისე ლიბერალ ამომრჩეველს? რით იყო ის განსხვავებული თვითონ და, მით უფრო, ჩეხეთის საზოგადოება?

პაველ ჰავლიჩეკი: პოლარიზაციის ეს განცდა [საზოგადოებაში] თვალსაჩინოა ცენტრიდან პერიფერიამდე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების განსხვავებული დონეების შესაბამისად. ... ეს არის მთავარი გამყოფი ხაზები. აქ, ცხადია, ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა. და თუ ის პირველ რიგში ეწვევა რამდენიმე რეგიონს, განსაკუთრებით იმ რეგიონებს, სადაც ხალხმა მას მხარი არ დაუჭირა, ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი, პრიორიტეტად დაესახა ასეთი დღის წესრიგი.

რადიო თავისუფლება: ბაბიშმა, როგორც ჩანს, გადმოიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საარჩევნო კამპანიის, სხვათა შორის, შიშის გაღვივების ტაქტიკა.

ჩეხეთის ლიბერალურ საზოგადოებას ცოტა აქვს საერთო უნგრეთსა და მის არალიბერალურ ტენდენციებთან...
პაველ ჰავლიჩეკი

ბაბიშმა საკუთარი თავი მშვიდობის კანდიდატად გამოაცხადა და პაველი "ომის კანდიდატად" შერაცხა, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამო რუსეთთან კონფლიქტში.

ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უნგრეთში ორბანისთვის, მაგრამ არა ბაბიშისთვის აქ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რატომ?

პაველ ჰავლიჩეკი: იმიტომ, რომ აქ, გარემო აშკარად ძალიან განსხვავებულია. არა მხოლოდ მედია, უფრო ზოგადად, თავისუფლების სივრცეა განსხვავებული ამ ორ ქვეყანას შორის. ამას გარდა, ჩეხეთში საზოგადოების, მთავრობის და მთელი სახელმწიფოს პოზიცია განსხვავებულია უნგრეთისაგან: ის უკრაინას და უკრაინელ ლტოლვილებს ემხრობა ახლა და ომის შემდეგ ეტაპებზეც.

თუ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების ტენდენციას ამჩნევთ, ის მაინც ძლიერია საზოგადოებაში. ასე რომ, აქ, მსგავსი გზავნილით წარმატების ძალიან მცირე შანსი ჰქონდა კამპანიას, რომელიც მიმართული იყო გენერალ პეტრ პაველის წინააღმდეგ.

გამარჯვების მოპოვებისთვის მას ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოზიციის გადალახვა მოუწევდა ჩეხეთში. ჩეხეთის ლიბერალურ საზოგადოებას ცოტა აქვს საერთო უნგრეთსა და მის არალიბერალურ ტენდენციებთან.

რადიო თავისუფლება: ჩეხეთში პრეზიდენტის თანამდებობა უფრო ცერემონიული პოსტია. რა მნიშვნელობა ექნება პაველის გამარჯვებას ჩეხეთის საგარეო პოლიტიკისთვის? „ჰოსპოდარსკე ნოვინიში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ პაველი, სავარაუდოდ, უფრო აქტიური იქნება საერთაშორისო არენაზე. ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა, შეუერთდეს ზუზანა ჩაპუტოვას, სლოვაკეთის პრეზიდენტს, რომლის არჩევნებმა 2019 წლის მარტში ასევე დაარღვია ევროპაში ტენდენცია, როცა ევროპის კავშირის მოწინააღმდეგე, პოპულისტმა პოლიტიკოსებმა წარმატებას მიაღწიეს მთელ კონტინენტზე. ჩაპუტოვა პრაღაშიც კი ჩავიდა და არჩევნების ღამეს იქ იმყოფებოდა, როცა პაველმა გაიმარჯვა.

ის იქნება ძალიან პროევროპული - და ნატოს მომხრე. მისი ყურადღება მიმართული იქნება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. მას მტკიცე პოზიცია ექნება ამ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ...
პაველ ჰავლიჩეკი

პაველ ჰავლიჩეკი: ვფიქრობ, ეს დიდწილად ასეა. მისი პირველი კონტაქტი სლოვაკეთის პრეზიდენტთან, ჩაპუტოვასთან, - მის სამომავლო გეგმებთან ერთად, ამის ნაწილია [ჩაპუტოვასთან] ერთობლივი ვიზიტი უკრაინაში, - კარგად აჩვენებს, რომ ჩეხეთი და სლოვაკეთი მიჰყვებიან მეზობელი უნგრეთისგან ძალიან განსხვავებულ კურსს. ის განსხვავებულია ჩეხეთის ახლანდელი პრეზიდენტის, მილოშ ზემანის წინა ორი საპრეზიდენტო ვადისგან. ეს ასევე მოასწავებს, რომ სრულდება ჩეხეთის საერთაშორისო იზოლაცია უმაღლეს დონეზე.

ერთი მხრივ, თქვენ მართალი ხართ, რომ პრეზიდენტის როლი ჩეხეთში დიდწილად ცერემონიულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ პოსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის წარდგენა საერთაშორისო არენაზე.

და ვფიქრობ, რომ მისი პირველი კონტაქტი (სატელეფონო საუბრისას 29 იანვარს) ჯერ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც მიესალმა მის არჩევას, და აგრეთვე, მაგალითად, ტაივანის პრეზიდენტთან [ცაი ინგ-ვენ], ძალიან ძლიერი და სიმბოლური ჟესტებია, რომლებიც აჩვენებს იმ მიმართულებას, რომელსაც [მომავალი] პრეზიდენტი აირჩევს და ასევე, მის მომავალ ნაბიჯებსა და მომავალ კურსს.

ასე რომ, ის იქნება ძალიან პროევროპული - და ნატოს მომხრე. მისი ყურადღება მიმართული იქნება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. მას მტკიცე პოზიცია ექნება ამ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ, ისევე როგორც მსოფლიო დიქტატურების [წინააღმდეგ], როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი ან კომუნისტური ჩინეთი.

რა თქმა უნდა, ეს შვებაა, რადგან ბაბიში რომ აერჩიათ, კიდევ უფრო მეტი კონფლიქტი იქნებოდა მოსალოდნელი არა მხოლოდ მასა და [ჩეხეთის] მთავრობას შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც...
პაველ ჰავლიჩეკი

ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალებია და მსურს ასევე დავამატო, რომ პრეზიდენტის კიდევ ერთი დიდი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია საშინაო პოლიტიკურ სისტემასთან. ამ მხრივ პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს და გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მათ შორის, სასამართლოებსა და ჩეხეთის ეროვნულ ბანკში დანიშვნებზე. ასე რომ, ეს პოსტი არ არის მხოლოდ ცერემონიული.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს არჩევნებში პაველის გამარჯვება ევროკავშირისთვის? ბრიუსელში შვებით ამოისუნთქეს? პრაღის სასამართლომ 9 იანვარს ბაბიში გაამართლა. მას თაღლითობა ბრალდებოდა ევროკავშირის, 2 მილიონი დოლარის ოდენობის სუბსიდიების საქმეში. ბაბიში ბრალს არ აღიარებს და არაერთხელ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მაგრამ მას თავი სირთულეებისთვის არ დაუღწევია. 19 იანვარს საფრანგეთმა განაცხადა, რომ იძიებენ საქმეს, რომელიც ბაბიშის მიერ ფულის შესაძლო გათეთრებას, ასევე გადასახადებისთვის თავის არიდებას უკავშირდება.

პაველ ჰავლიჩეკი: რა თქმა უნდა, ეს შვებაა, რადგან ბაბიში რომ აერჩიათ, კიდევ უფრო მეტი კონფლიქტი იქნებოდა მოსალოდნელი არა მხოლოდ მასა და [ჩეხეთის] მთავრობას შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც... ცნობილია, მაგალითად, მისი მრავალი კონფლიქტის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტებთან პრემიერობის პერიოდში. ასევე ვიცით მის ყოფილ ინტერესთა კონფლიქტზე, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერი იყო, ევროპის ინსტიტუტებთან, რომლებიც საქმეებს იძიებენ ჩეხეთში და მის გარეთაც. მაგალითად, საფრანგეთსა და სლოვაკეთში, სადაც მას ბიზნესი აქვს. როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების სქემის გარშემო.

ჩეხეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მათთვისაც, ვინც ხმა ბაბიშს მისცა, ზემანის პრეზიდენტობიდან წასვლა დიდი შვება იქნება მთელი ქვეყნისთვის...
პაველ ჰავლიჩეკი

ასე რომ, ბაბიშსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ახალი კონფლიქტების ნაცვლად, ახლა შეგვიძლია ველოდოთ [პრეზიდენტ პაველის] განსხვავებულ კურსს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა [ურზულა ფონ დერ ლაიენმა], მიულოცა პაველს გამარჯვება. ვფიქრობ, სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც მოჰგვარა ალბათ შვება პაველის უფრო თანამშრომლურმა ტონმა, ევროინტეგრაციისადმი დამოკიდებულებამ. ბაბიში რომ ყოფილიყო მის ადგილას, უფრო დაძაბულობა და დაპირისპირება იქნებოდა.

რადიო თავისუფლება: მილოშ ზემანი პრეზიდენტის თანამდებობაზე ორი ხუთწლიანი ვადით იყო არჩეული, ორივეჯერ პირდაპირი სახალხო კენჭისყრის შედეგად. ის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი იყო 1998 წლიდან 2002 წლამდე. რა მემკვიდრეობა დატოვა ზემანმა?

პაველ ჰავლიჩეკი: ეს არის მემკვიდრეობა ადამიანისა, რომელიც, მისივე შეფასებით, დაიბნა და შეცდომაში შეიყვანეს, მაგალითად, ძლიერი პრორუსული დღის წესრიგის გატარებით. მისი პროჩინური კურსი არ შეცვლილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ახალი ტალღის დაწყების შემდეგაც, რასაც ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი ჩუმად უჭერს მხარს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, საინფორმაციო და სხვა სფეროებში. არ გამიგია, რომ ზემანს გადაეხედოს თავისი პოზიციისთვის კომუნისტური ჩინეთის მიმართ, რომელთანაც ის ყოველთვის ინარჩუნებდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობას.

გარდა ამისა, ამ ქვეყანაში პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების მიუხედავად, ზემანი ხელს უწყობდა არალიბერალურ ტენდენციებს. ის ძირს უთხრიდა უსაფრთხოების წესრიგს ქვეყნის შიგნით ჩეხეთის უშიშროების საინფორმაციო სამსახურის (BIS) მუშაობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და გაყო ჩეხეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე საზოგადოება და ფაქტობრივად მოიტანა ქაოსი თავისი კონფრონტაციული პოლიტიკითა და პოზიციით ბევრ საკითხში. მან ხელი შეუწყო ჩეხეთის რესპუბლიკაში არალიბერალიზმის განვითარებას. ჩეხეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მათთვისაც, ვინც ხმა ბაბიშს მისცა, ზემანის პრეზიდენტობიდან წასვლა დიდი შვება იქნება მთელი ქვეყნისთვის. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

XS
SM
MD
LG