Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი ახალი პრეზიდენტის მოლოდინში


ანდრეი ბაბიში (მარცხნივ) და პეტრ პაველი
ანდრეი ბაბიში (მარცხნივ) და პეტრ პაველი

ჩეხეთში 27-28 იანვარს იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ ვინ დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ხუთი წლის ვადით - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი პარლამენტარი ანდრეი ბაბიში თუ პენსიაში მყოფი ნატოს გენერალი, პეტრ პაველი.

ორი კვირის წინ, 14 იანვარს გამართული არჩევნების პირველ ტურში, პეტრ პაველი მცირედი უპირატესობით - ხმათა 36.02 პროცენტით - პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მის მეტოქეს, ანდრეი ბაბიშს ხმათა 34.38% ერგო.

მეორე ტურში გამარჯვებისათვის კანდიდატს 50%-ზე ერთით მეტი ხმაც კი ჰყოფნის. შესაბამისად, 28 იანვრის საღამოს უკვე ცნობილი გახდება ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მანამდე კი გთავაზობთ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორი მთავარი კანდიდატის წინასაარჩევნო პორტრეტს.

გენერალი პეტრ პაველი

გენერალი პეტრ პაველი, რომელიც მეორე ტურის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლიდერობს, ჩეხეთში ცნობილია, როგორც ომის გმირი, რომელიც გატაცებულია მოტოციკლით, მოგზაურობითა და თხილამურით სრიალით.

შემთხვევითი არაა, რომ წარსულში თავისი სამხედრო მოვალეობებისა და წესდების ერთგული 61 წლის პოლიტიკოსი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ნატოსა და ევროკავშირის წევრი, 10,5-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობას სწორედ „წესრიგის აღდგენას“ ჰპირდება.

პეტრ პაველი და მისი ცოლი ევა პავლოვა
პეტრ პაველი და მისი ცოლი ევა პავლოვა

„მე არ შემიძლია იმ ფაქტის იგნორირება, რომ აქ ადამიანები სულ უფრო ხშირად განიცდიან ქაოსს, უწესრიგობასა და უიმედობას. რომ სახელმწიფომ გარკვეულად შეწყვიტა ფუნქციონირება“, - ამბობს გენერალი პეტრ პაველი თავის წინასაარჩევნო კამპანიის საიტზე და დასძენს: „ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ვითარება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ წესებით, რომელიც ყველასთვის თანაბრად იმუშავებს. ჩვენ გვჭირდება საერთო წესრიგის დამყარება“.

1961 წლის 1 ნოემბერს დაბადებული პაველი იმ დროს სწავლობდა ყოფილი ჩეხოსლოვაკიის სამხედრო გიმნაზიაში, ხოლო მოგვიანებით - სამხედრო უნივერსიტეტში, როდესაც უნიტარულ სახელმწიფოს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კომუნისტები ედგნენ სათავეში.

კომუნისტურ პარტიაში შემდეგ პაველიც გაწევრიანდა, რამაც ხელი შეუწყო არმიის კარიერის კიბეზე მის სწრაფ აღმასვლას.

კრიტიკოსები პეტრ პაველს ადანაშაულებენ იმის გამო, რომ სამხედრო სასწავლებლის დასრულებიდან მალევე მან კომუნისტურ სამხედრო დაზვერვაში განაგრძო მუშაობა.

„მე დავიბადე ოჯახში, სადაც პარტიის წევრობა ნორმალურად ითვლებოდა. მე არ მქონდა საკმარისი ინფორმაცია და გამოცდილება, რათა შემეფასებინა რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათი. ახლა ვაცნობიერებ, რომ ეს იყო შეცდომა“, - აცხადებს პეტრ პაველი თავის საიტზე.

1989 წელს, როდესაც კომუნისტური რეჟიმი დაემხო, პაველმა უარი თქვა პარტიის მანდატზე, მაგრამ განაგრძო დაზვერვაში სამსახური.

ელიტური სადესანტო რაზმის ოფიცერმა პეტრ პაველმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1993 წელს, როდესაც ფრანგულ სამხედრო ქვედანაყოფს სერბებსა და ხორვატებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ზონიდან გამოსვლაში დაეხმარა.

„ძალა ერთობაშია“

მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკა 1999 წელს ნატოში გაწევრიანდა, პაველმა სამი წელი დაჰყო ნიდერლანდში მდებარე, ალიანსის რეგიონულ სარდლობაში.

მოგვიანებით, ვიდრე ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის პოსტა დაიკავებდა, პეტრ პაველმა ლონდონის კინგს კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

2015 წელს გენერალი პაველი ნატოს უმაღლესი ოფიციალური პირი, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

აშშ-ის საპატიო ორდენისა და საფრანგეთის სამხედრო ჯვრის კავალერი პეტრ პაველი 2018 წელს სამხედრო სამსახურიდან პენსიაში გავიდა და საზოგადოებრივ საქმიანობას მიჰყო ხელი.

კორონავირუსის პანდემიის დროს პეტრ პაველის ინიციატივით შეიქმნა პროექტი „ძალა ერთობაშია“, რომელიც ვირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევას და დაზარალებულთა და გასაჭირში ჩავარდნილთა დახმარებას ისახავდა მიზნად.

პეტრ პაველის ცოლი, ევაც, სამხედროა. პენსიონერ გენერალს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი და მეორიდან კი გერი ჰყავს.

პეტრ პაველი თავისუფალ დროს თხილამურებზე სრიალს, ფოტოგრაფიასა და კითხვას უთმობს, თუმცა მისი ნამდვილი გატაცება მაინც მოტოციკლეტის ტარებაა.

„33 წლის მანძილზე მე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და პროდასავლურ კურსს ვემსახურები“, - ამბობს გენერალი პეტრ პაველი თავის საიტზე გავრცელებულ მიმართვაში.

მილიარდერი პარლამენტარი და მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი

მილიარდერი დეპუტატი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში, რომელიც გამოკითხვის შედეგებით 27-28 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჩამორჩება თავის მეტოქეს, ხშირად არის კრიტიკის საგანი კომუნისტური წარსულისა და სადავო ბიზნესგარიგებების გამო.

მას განსაკუთრებული კრიტიკა დაატყდა თავს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული იმ განცხადების გამო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ გაგზავნის ჯარს ნატოელი მოკავშირეების პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების დასაცავად.

მოგვიანებით, ბაბიშმა ეს სიტყვები უარყო, თუმცა ოთხივე ქვეყანასა და ჩეხ ამომრჩევლებში მის მიმართ ბრაზი არ ნელდება.

ამომრჩევლებს ახსოვთ ის სიტყვებიც, რაც სლოვაკეთში დაბადებულმა ბაბიშმა თქვა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ: „ეს სამუშაო არ მომწონსო“.

ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

ბიზნესმენმა ანდრეი ბაბიშმა, რომელიც „ფორბსის“ თანახმად ყველაზე მდიდარ ჩეხთა ხუთეულში შედის, თავისი ქონება დააგროვა, როგორც მზარდ კონსორციუმ „აგროფერტის“ მფლობელმა, კონსორციუმისა, რომელიც აგრარულ, სასურსათო და ქიმიურ საწარმოებსა და მედიაჰოლდინგს აერთიანებს.

ჩეხეთის პოლიტიკაში ანდრეი ბაბიშმა თავისი კარიერა დაიწყო 2013 წელს, როდესაც მის მიერვე შექმნილი მოძრაობა „ანო“ („დიახ“) ჩეხეთის პარლამენტში უმრავლესობით მოხვდა;

ითავსებს რა პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის როლებს, მას შემდეგ ჩეხეთშიც და ევროკავშირშიც ანდრეი ბაბიშს გამუდმებით ადანაშაულებენ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევის გამო;

მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ჩეხეთის სასამართლომ საბოლოოდ მხოლოდ ამა წლის 9 იანვარს გამოიტანა ანდრეი ბაბიშის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ევროკავშირის სუბსიდიებთან, 2 მილიონ ევროსთან დაკავშირებულ თაღლითობის საქმეზე;

ანდრეი ბაბიში ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებას, რომელსაც იგი „ცილისმწამებლური კამპანიის“ ნაწილად მიიჩნევდა.

ის ასევე იყო გახლართული სასამართლო პროცესებში 1980-იან წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო პოლიციასთან (STB) სავარაუდო აგენტურული თანამშრომლობის გამო;

ბაბიში დაჟინებით უარყოფს იმ გავრცელებულ ბრალდებას, თითქოს STB-ს საიდუმლო დოკუმენტებზე გავრცელებულ ფსევდონიმ „ბურესის“ ქვემოთ მისი ხელმოწერები უნდა იყოს.

ფინანსთა მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრობამდე

2014-17 წლებში ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, მაგრამ იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც გაჟონილმა ფარულმა ჩანაწერებმა ცხადყო, თუ როგორ ახდენდა იგი გავლენას მის კუთვნილ გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტებზე.

მაგრამ მოგვიანებით იგი მთავრობაში დაბრუნდა როგორც პრემიერ-მინისტრი და ეს თანამდებობა ეკავა 2021 წლამდე, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ანო“ მცირე განსხვავებით დამარცხდა კოალიციასთან „ერთად“. მას შემდეგ ბაბიში ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრია.

ყოფილი კომუნისტი, რომელიც ერთ დროს ამომრჩევლების გულის მოსაგებად ქუჩაში ღვეზელებსაც კი ჰყიდდა, ჟურნალ „ფორბსის“ თანახმად, 2022 წელს 4,3 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა;

მამის წყალობით, რომელიც ანდრეი ბაბიშის თქმით, „სლოვაკეთის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო“, კომუნისტების სათავეში ყოფნის დროსაც მან შეძლო ესწავლა პარიზისა და ჟენევის საშუალო სკოლებში;

ბაბიში ამტკიცებს, რომ სწორედ ადრეულ ასაკში გამოიმუშავა სამუშაო ეთიკა და ფულის შოვნის უნარი.

„მე 15 წლის ასაკიდან ვმუშაობდი, დამქონდა რძე, ამანათებს ვტვირთავდი რკინიგზის სადგურზე, ვაკეთებდი ფასადების დიზაინს და ვაშენებდი სააგარაკო სახლებს მხოლოდ იმისთვის, რომ ფული მეშოვნა“, - თქვა ერთხელ ანდრეი ბაბიშმა.

ეკონომისტის დიპლომის მიღების შემდეგ, ბაბიშმა მამის გზა აირჩია და მაროკოში სავაჭრო წარმომადგენლად დაიწყო მუშაობა;

როდესაც 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოხდა, სამშობლოში დაბრუნებულმა ანდრეი ბაბიშმა აღმოაჩინა, რომ ის უმუშევარი დარჩა, ხოლო ქვეყანა ორად არის გაყოფილი;

მან მშობლიური სლოვაკეთის მოქალაქეობას, ჩეხეთისა ამჯობინა და ბიზნესს მიჰყო ხელი.

საუკუნეთა გზაგასაყარზე ანდრეი ბაბიშმა, კრიტიკოსების თქმით, საეჭვო გარიგებით, მისი მტკიცებით კი - სარფიანად შეიძინა კომპანია „აგროფერტი“;

1954 წლის 2 ოქტომბერს, ბრატისლავაში დაბადებულ ანდრეი ბაბიშს ჰყავს მეუღლე მონიკა და ორი შვილი. მას კიდევ ორი შვილი ჰყავს ყოფილი ცოლისგან;

ადრე ანდრეი ბაბიში თამაშობდა ჩოგბურთსა და ფრენბურთს, მაგრამ შემდგომში მისმა სპორტულმა გატაცებამ იკლო.

„როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ ვიყო ოჯახთან, მძინავს ან არაფერს ვაკეთებ“, - ამბობს ანდრეი ბაბიში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG