Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი მიესალმება ვესტეროსში „დიდხნიანი სამოქალაქო ომის დასრულებას“.


გაფრთხილება: სტატიაში მოყვანილია „სატახტოთა თამაშების“ ე.წ. სპოილერები (ქართულად ზოგჯერ „წინმრყვნელად“ თარგმნიან). ვისაც სერიალის ბოლო სერია არ გინახავთ და ყურებას გეგმავთ, ნუ წაიკითხავთ.

სერიალ „სატახტოთა თამაშების“ დასრულებას, მილიონობით ადამიანთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება მიესალმება ვესტეროსში „დიდხნიანი სამოქალაქო ომის დასრულებას“.​

„ბრენდონ სტარკის არჩევას აღვიქვამთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს სამეფოს სტაბილურობის გამყარებისკენ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ხუმრობა, როგორც ჩანს, ბევრმა დააფასა. ამ წუთისთვის განცხადებას ათასზე მეტი გაზიარება და ასობით კომენტარი ახლავს. ერთ-ერთი კომენტარი ეკუთვნის ბრიტანეთის საელჩოს ჩეხეთში, რომელიც ექვსი სამეფოს ახალ ხელმწიფედ ბრენ პირველის არჩევას იწონებს.

კომენტარებში სხვები ხუმრობანარევი სერიოზულობით (ან, პირიქით სერიოზულობანარევი ხუმრობით) განიხილავენ, თუ რა მოჰყვება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით სერიალის დასასრულს. პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, მაგალითად, აღნიშნავს, რომ „ცვლილებები მმართველობის სისტემაში არასაკმარისად რევოლუციურია“, თუმცა ის მაინც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს „ომით გადაღლილი ქვეყნის ვითარებაზე“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკოსები ხუმრობით ან ნახევრად ხუმრობით ციტირებენ HBO-ს პოპულარულ სერიალს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვესტეროსის სამყაროთი შთაგონებული რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, მათ შორის ისეთი, რომელიც პარალელს ავლებდა „სატახტოთა თამაშების“ კედელსა და მექსიკის საზღვარზე ასაშენებელ კედელს შორის.

პრეზიდენტის ტვიტებს სერიალის შემქმნელი ტელეკომპანია გამოეხმაურა. HBO-ს განცხადებაში ნათქვამი იყო, გვესმის აჟიოტაჟის, რომელიც ჩვენი სერიალის ფინალურმა სეზონმა გამოიწვია, „თუმცა გვირჩევნია, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონო“.

„სატახტოთა თამაშების“ მაგალითი გამოსვლებში ქართველ პოლიტიკოსებსაც გამოუყენებიათ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა პარლამენტარმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მაგალითად, თქვა: „კოლეგებო, ტირიონ ლანისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს მთავრობა დღეს რიცხვებითო“.

„სატახტოთა თამაშებს“ პოლიტიკოსების გარდა მეცნიერებიც ხშირად ციტირებენ. სერიალს განიხილავენ ხოლმე ფემინიზმის ჭრილში ან ფსიქოლოგიური მოდელების ასახსნელად. Google scholar - აკადემიური პუბლიკაციების საძიებო სისტემა Game of Thrones-თან დაკავშირებულ 32 ათასზე მეტ შედეგს აჩვენებს.

XS
SM
MD
LG