Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთ-რუსეთის ურთიერთობის სახიფათო დეტონაცია


სპეცრაზმი იცავს ტერიტორიას პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. 2021 წლის 18 აპრილი
სპეცრაზმი იცავს ტერიტორიას პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. 2021 წლის 18 აპრილი

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და დროებით საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, რომელიც მომავალ კვირაში მოსკოვში წასვლას აპირებდა Sputnik V-ის ვაქცინაზე იქაურ მოხელეებთან მოსალაპარაკებლად, შაბათს ისეთი ამბები დაატრიალა, რომ, როგორც ჩეხურ სოციალური ქსელებში წერენ, შესაძლოა, მოსკოვმა „შავ სიაშიც“ კი შეიყვანოს.

17 აპრილს იან ჰამაჩეკმა მოულოდნელად გააუქმა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი და საგანგებო პრესკონფერენცია გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან ერთად, რომელმაც მოსახლეობას აუწყა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა, გააძევა ყველა დიპლომატი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების - სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა (ГРУ) და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ესაა 18 კაცი. მათ 48 საათი აქვთ ჩეხეთის დასატოვებლად. ჰამაჩეკმა ამის შესახებ უკვე აცნობა რუსეთს, სიტუაციის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ანდრეი ბაბიშმა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის სამართალდამცველ სტრუქტურებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ დიპლომატებს შესაძლოა, ჰქონდეთ კავშირი 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან, რომლის კვალი სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილ რუსეთის ГРУ-ს თანამშრომლებამდე, ანატოლი ჩეპიგამდე და ალექსანდრ მიშკინამდე (იგივე ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი) - მიდის.

უპრეცედენტო რაოდენობის რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას დაუყოვნებლად მოჰყვა რუსეთის მრისხანე რეაქცია. რუსეთის საგარეო უწყებამ ჩეხეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯს ბოლო წლებში დაწყებული „ანტირუსული აქციების სერიის“ გაგრძელება უწოდა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

რა კავშირი აქვს გრუ-ს 7 წლის წინანდელ აფეთქებასთან?

ჩეხურ ჟურნალ „რესპექტის“ ცნობით, პეტროვსა და ბაშიროვს შესაძლოა, ჰქონდეთ კავშირი ჩეხურ სოფელ ვრბეტიცეში (ზლინის მხარე) მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. ეს აფეთქება ჩეხეთში დღესაც ახსოვთ, რადგან მისი შედეგების ლიკვიდაცია გასულ წლამდე გრძელდებოდა.

ჩეხეთის ზლინის ოლქში მდებარე სოფლებში - ვრბეტიცესა და ვახოვიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებში აფეთქება 2014 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო და იმავე წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. ჭურვების აფეთქებას შეეწირა საწყობის ორი თანამშრომელი. ხელისუფლებას მოუხდა ასობით ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია. ხოლო იმ ტერიტორიების გაწმენდა, სადაც 800 მეტრის რადიუსში ჭურვებიs ნასხვრევები იყო მიმოფანტული, 2020 წლის შემოდგომამდე გრძელდებოდა. გაწმენდითი სამუშაოები ჩეხეთის ბიუჯეტს საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა, რაც შეეხება ვერსიას, აფეთქების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად თავიდანვე სახელდებოდა საბოტაჟი და გარედან ზემოქმედება.

„ეს იყო 2014 წლის 16 ოქტომბერს და შემდეგ, უკვე ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე, აფეთქებები გრძელდებოდა, რაც ძირითადად გამოწეული იყო დეტონაციით. თავდაპირველად დეტონაცია მოხდა ჭურვების და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატების საწყობში. ამ საწყობის მფლობელი კომპანია IMEX Group-ი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ კარგად დაცულ ობიექტეზე საბრძოლო მასალის აფეთქება უნდა მომხდარიყო საბოტაჟის ან გარედან ზემოქმედების შედეგად. სამწუხაროდ, დღეს აღმოჩნდა, რომ რასაც მაშინ 7 წლის წინ ამბობდნენ, სიმართლე ყოფილა“, - ამბობს ჯიმი დაბრუნდაშვილი, ჩეხეთში მოღვაწე დამოუკიდებელი პუბლიცისტი.

რასაც მაშინ არ ამბობდნენ და რაც ასევე მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს არის, 7 წლის წინანდელ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი ოდიოზური თანამშრომლის - „რუსლან ბაშიროვისა“ და „ალექსანდრ პეტროვის“ შესაძლო კავშირი.

რუსლან ბაშიროვის და ალექსანდრ პეტროვის სახელებს იყენებდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებმაც 2018 წლის მარტში დიდ ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს.

როგორც ამტკიცებენ ჩეხეთის სპეცსამსახურები და პოლიცია, 7 წლის წინ „პეტროვი“ და „ბაშიროვი“ იმყოფებოდნენ კომპანია Imex Group-ის საწყობებში. და ერთ-ერთი საწყობი სწორედ იმ დღეს აფეთქებულა, როდესაც ამ დუეტმა ჩეხეთი დატოვა.

ჩეხური გამოცემა „რესპექტი“, პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „პეტროვისა“ და „ბაშიროვის“ ჩანაფიქრით, პირველი აფეთქება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, იმ დროს, როდესაც დაიწყებოდა სამხედრო ტვირთვის ტრანსპორტირება სხვა ქვეყანაში.

ჩეხური მედიის თანახმად, ეს ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო ან უკრაინა, ან სირია, ამ უკანასკნელის შემთხვევაში საბრძოლო მასალის ადრესატი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო სირიის შეიარაღებული ოპოზიცია.

...და რა შუაშია ბულგარელი ბიზნესმენი ემელიან გერბევი?

ჩეხური მედია 7 წლის წინანდელი აფეთქების შედეგად განადგურებული საბრძოლო იარაღის მყიდველად ასახელებს ბულგარელ ბიზნესმენ ემელიან გერბევს, რომელიც 2015 წელს სამხედრო დანიშნულების რუსული შხამით, „ნოვიჩოკით“, მოწამლეს, როგორც მოგვიანებით ბრიტანეთში მყოფი სერგეი და იული სკრიპალები.

კვირას, 18 აპრილს საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის წამყვანმა გამომძიებელმა ხრისტო გროზევმა ტვიტერში დაწერა, რომ მას ანონიმმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს ის, რასაც ჩეხური მედია წერს. კერძოდ, ის, რომ „იარაღით მოვაჭრე ბულგარელი“, - ვისთვისაც იყო განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომელიც 7 წლის წინ მომხდარი აფეთქების პირველ დღეს განადგურდა, - სწორედ ემელიან გერბევია.

ხრისტო გროზევის თანახმად, მან და მისმა კოლეგებმა მოახერხეს ასევე რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) რამდენიმე ოფიცრის იდენტიფიცირება, რომლებიც 2014 წლის 11-16 ოქტომბრის პერიოდში ჩავიდნენ ჩეხეთში. ამ პირთა შესახებ გამოძიების გამოქვეყნებას Bellingcat-ი აპირებს მომდევნო კვირაში.

გროზევი წერს, თუ მანამდე იგი ფიქრობდა, რომ ანატოლი ჩეპიგამ და ალექსანდრ მიშკინმა „რუსეთის გმირის“ წოდება ყირიმის ანექსიის მოვლენებში შეტანილი წვლილისათვის მიიღეს, ახლა იგი ემხრობა მოსაზრებას, რომ, სავარაუდოდ, მათი ეს აღიარება კრემლის მიერ ჩეხეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ზემოხსენებულ ოპერაციას უნდა უკავშირდებოდეს.

რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩეხეთის მიერ ერთბაშად 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას მოკლე, მაგრამ საკმაოდ მუქარანარევი განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსეთის საგარეო უწყება „აბსურდულს“ უწოდებს 2014 წლის აფეთქებასთან კავშირში რუსული სპეცსამსახურების დადანაშაულებას და ხაზს უსვამს, რომ თავის დროზე ჩეხეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა სწორედ ზემოხსენებული საწყობის მფლობელ ფირმას დააკისრა.

„ეს მტრული ნაბიჯი წარმოადგენს ჩეხეთის მიერ ბოლო წლებში ანტირუსული ქმედებების სერიის გაგრძელებას, რომელშიც არ შეიძლება, არ დავინახოთ ასევე ამერიკის კვალი. იმის სურვილით, რომ ასიამოვნოს აშშ-ს რუსეთის მიმართ ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციების ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ ამ ნაწილში თავის ოკეანისგაღმელ პატრონებსაც კი გადააჭარბა“, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო დროს ჩეხეთმა, რომლის ცენტრალური ხელისუფლების ნაწილი, განსაკუთრებით პრეზიდენტი მილოშ ზემანი, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულად ითვლება, რამდენჯერმე დაიკავა პრინციპული პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ.

  • 2020 წლის 3 აპრილს, პარასკევ დილით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აიღეს საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი, რომლის არსებობაც მრავალი წლის განმავლობაში იწვევდა პრაღის მოსახლეობის პროტესტს.
  • რუსეთის პროტესტს მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ პრაღაში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს კრემლის მოკლული კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის, სახელი დაარქვეს; საელჩოს შენობის უკან გამავალი ხეივანი კი ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის გახდა.

  • ეს ნაბიჯი პრაღის მესვეურებს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ: 2020 წლის მაისში ჩეხეთის სპეცსამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალი „რესპექტი“ იუწყებოდა, რომ ინკოგნიტო რუსმა დიპლომატმა ქვეყანაში შემოიტანა მომწამვლელი ნივთიერება რიცინი პრაღის მუნიციპალიტეტის იმ ხელმძღვანელ პირებთან სავარაუდო ანგარიშსწორების მიზნით, რომლებმაც მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟითა და გენერალ ვლასოვის მებრძოლთა მემორიალური დაფის აღმართვით მოსკოვის განრისხება გამოიწვიეს.
  • ჩეხურმა მედიამ ქვეყანაში რიცინის სავარაუდო შემომტან პირად დაასახელა ანდრეი კონჩაკოვი, პრაღაში რუსეთის ფედერალური სააგენტო Россотрудничество-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

ჩეხეთის ამბივალენტურობის საგარეო პოლიტიკის დასასრულის დასაწყისი?

რამდენიმე ასეთი სკანდალის ფონზეც ჩეხეთის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობდა, არ დაეწვა ხიდები რუსეთთან ურთიერთობაში. ამის ნათელი დემონსტრირება გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ამასწინანდელი გადაწყვეტილება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრჟიჩეკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მხრიდან შესაბამისი წინადადების მიღების შემდეგ, პეტრჟიჩეკი 12 აპრილს გაათავისუფლა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელიც რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო კავშირებს უჭერს მხარს. ცნობილია, რომ მილოშ ზემანს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი მკვეთრად პროდასავლელ პეტრჟიჩეკთან, რომელიც ხშირად გამოდიოდა გაფრთხილებით რუსეთის და ჩინეთის მხრიდან შექმნილი საფრთხეების შესახებ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დროებით იკავებს ვიცე-პრემიერი და სოციალისტური პარტიის ლიდერი იან ჰამაჩეკი, რომელიც კვირის დასაწყისში გამოვიდა წინადადებით, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტს პრაღამ უმასპინძლოს.

მომდევნო კვირას კი ჰამაჩეკი, როგორც ზემოთ ითქვა, მოსკოვში აპირებდა წასვლას 300 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინის შეძენის თაობაზე მოლაპარაკების გასამართად.

რუსეთთან ურთიერთობაში ასეთი ამბივალენტურობა, ჩეხეთის ისტებლიშმენტში პოლიტიკური პრაგმატიზმით აიხსნება.

„ეს ამბივალენტურობა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ახასიათებს ჩეხეთის პოლიტიკურ წრეებს, გამომდინარეობს იქიდან, რომ აქ, ჩეხეთის საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი სტერეოტიპი, რომ მარტო დასავლეთის იმედზე არ უნდა იყვნენ, არამედ უნდა არსებობდეს სხვა გამოსავალი. ანუ უნდა არსებობდეს პრაგმატული ურთიერთობა სხვა მოკავშირეებთან, თუნდაც ეს იყოს ისეთი საეჭვო მოკავშირე, როგორიცაა დღევანდელი რუსეთი და ჩინეთი. მიაჩნიათ, რომ არც ერთ ქვეყანასთან არ უნდა გააფუჭონ ურთიერთობა, რადგან ხვალ შეიძლება საერთაშორისო ვითარება შეიცვალოს და დასავლეთმა აღარ გაამახვილოს იმდენი ყურადღება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე. ევროკავშირში ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ეს ეხება ეკონომიკურ პროგრამებს, შეიძლება მათთან (ჩინეთსა და რუსეთთან) თანამშრომლობა. ძალიან ახლოს არ უნდა მოვუშვათ, მაგრამ არც ძალიან უნდა ვაწყენინოთ - აი, ასეთია ჩეხეთის ამბივალენტური საგარეო პოლიტიკის არსი“, - ამბობს ჯიმი დაბრუნდაშვილი.

18 რუსი დიპლომატის ჩეხეთიდან გაძევების შემდეგ ეს ჩვეული ამბივალენტური დიპლომატია მოსკოვთან, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება. ჩეხეთში ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, პროევროპულ-ლიბერალურ პარტიებს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას, რაც თავის გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზეც, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაზეც მოახდენს.

რუსეთის მუქარას ჩეხეთის ხელისუფლება ამჯერად ერთსულოვნებით პასუხობს. პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, ცნობილმა თავისი პრორუსული გამოთქმებით, გავრცელებული ცნობით, მხარი დაუჭირა მთავრობის მოქმედებას. თუმცა კომენტარი შექმნილ სიტუაციაზე ჩეხეთის პრეზიდენტს ჯერ არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობაში რუსეთს მიახვედრეს, რომ კომპანია „როსატომს“ აღარ უნდა ჰქონდეს ატომურ ელექტროსადგურ „დუკოვანის“ აშენების გასაგრძელებლად კონტრაქტის მიღების იმედი.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, კარელ ჰავლიჩეკის თანახმად, რუსული კომპანიის მონაწილეობა ტენდერში უკვე პრაქტიკულად გამოირიცხა. რუსული კომპანია „როსატომის“ გარდა, „დუკოვანის“ მშენებლობის დასრულებაზე პრეტენზია აქვს კიდევ რამდენიმე კომპანიას. მათ შორის ტენდერში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ ამერიკულ Westinghouse-ს, ფრანგულ EDF-სა და სამხრეთკორეულ Korea Hydro & Nuclear Power-ს.

სიტყვიერად რუსეთიც ემზადება ჩეხეთის მიმართ გადამჭრელი ნაბიჯებისთვის 18 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ.

მორიგი „ანტირუსული აქტის“ გამო, რუსეთი ჩეხეთს ჰპირდება ისეთი ზომების მიღებას, რომელიც აიძულებს „ამ პროვოკაციის ავტორებს“, რომ „გაიაზრონ მთელი პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების საფუძვლების ნგრევისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

48 საათი, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ 18 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად მისცა, კვირას საღამოს ამოიწურა.

ჩეხეთმა ასევე განაცხადა, რომ რუსი აგენტების დივერსიის საკითხს განსახილველად გამოიტანს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება. ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, მხარი დაუჭირეს პრაღის მოქმედებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG