Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ცხინვალელები და ლიახვის ხეობელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას?


საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში
საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან 9 კაცია შეყვანილი. სიას დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი ხსნიან, რომლებიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სასტიკად აწამეს და მოკლეს. გამოძიებამ ჯერ ვერ გამოკვეთა იმ პირთა წრე, რომლებიც მის წამებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.

სიის პირველი ნაწილი აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს ეხება, სიის ბოლო ნაწილში კი ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა დროს ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არიან შეყვანილი. ლევ ბიჩენოვი, გია ტუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი და ზურაბ დუდაევი საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიერ უკვე იძებნებიან. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ ვნებათაღელვა გამოიწვია ცხინვალელ და ლიახვის ხეობელ მოქალაქეებში.

რევაზ კახნიაშვილი 2006 წელს სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო და ლიახვის ხეობაში მსახურობდა. ეს სია მას არასრულყოფილიად მიაჩნია. მისი თქმით, ლიახვის ხეობელებმა უამრავი კრიმინალური შემთხვევის შესახებ იციან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი აზრით, ის არის, რომ სიაში არ მოხვდნენ ამ კრიმინალური დაჯგუფებების მეთაურები. მაგალითად, თამარაშნელებს კარგად ახსოვთ ძმებ ხაჭაპურიძეების გატაცება. დიდი ხნის შემდეგ ოჯახს მხოლოდ მათი ძვლები დაუბრუნეს. სიაში კი ძმების გამტაცებლები ნახსენები არ არიან:

„ამ სიაში არ ფიგურირებენ ის რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ხელს უწყობენ სეპარატისტებს და ახალისებენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში. ეს სია არის შერბილებული. დღევანდელმა ხელისუფლებამ თვით მარეკ დუდაევიც გაათავისუფლა სამი წლის წინ, რომლის სახელსაც უკავშირდება უამრავი დანაშაული, ქართველების მკვლელობით დაწყებული, წამებებით და გატაცებებით დამთავრებული. ეს რუსი მაღალჩინოსნები რომ არ არიან სიაში, მიუთითებს, რომ რაღაც საჩვენებლად არის. უშუალოდ შემსრულებლები, უშუალოდ დამკვეთები და უშუალოდ ის თანამდებობის პირები, ვინც ამ გენოციდს ეწეოდა, საერთოდ სიაში ვერ მოიძებნება“.

ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება ვიღაც გამოაკლდეს...
გიორგი გახარია

გია ქრისტესიაშვილი ამჟამად ოკუპირებული ერედვის საკრებულოს წევრი იყო. მისი აზრით, სიის შემდგენებს უნდა გამოეკითხათ დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ის მოსახლეობა, რომელიც წლების წინ შინაგან საქმეთ ორგანოებსა და სპეცსამსახურებში მუშაობდა. მისი თქმით, ამ ადამიანებს უამრავი ინფორმაცია აქვთ ცხინვალსა და ხეობაში ჩადენილი დანაშაულების შესახებ:

„არ ვიცი, ეს კომისიის უმეცრების ბრალი იყო, თუ გამიზნული იყო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლებოდა უფრო უკეთესად მუშაობა მაგ ყველაფერზე, შეიძლებოდა თუნდაც იმ ადამიანებთან დაკავშირება, ვისაც იქ, ადგილზე, რაღაც შეხება ჰქონდა და რაღაც ინფორმაციას ფლობდა და იმის მიხედვით ყველაფრის გაკეთება და შედგენა იმ სიის. რეალურად იმ ხალხს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ამ სიის მიხედვით პრობლემა არ შეექმნება, ჩვეულებრივად გადაადგილდებიან ნებისმიერი მიმართულებით“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ დღეს სია გააკრიტიკა და რადიო თავისუფლებას დაუსახელა იმ სამი ადამიანის გვარი, როლებიც, მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან და ამ სიაში აღმოჩნდნენ. ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა და ოთარ ტურანბა რომ დაღუპულები არიან, კაპანაძის აზრით, ინტერნეტითაც ადვილი გადასამოწმებელია. კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ სიას:

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ სიას. განავრცოს და შეიყვანოს მასში კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს. ამ უპასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინება არის ის, რომ, სამწუხაროდ, ამ სიაში ასევე არიან შეყვანილი ის ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილი“.

ატეხილი ხმაურის შემდეგ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მოვლენების განვითარების შესაბამისად, სიას ხან დაემატება ვინმე და ხანაც გამოაკლდება:

„ეს სია არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება ვიღაც გამოაკლდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ სიის პირველი განხილვა იყო და იგი პარლამენტში ჯერ არ მოხვედრილა. როცა მოხვდება პარლამენტში, იქ გავაგრძელოთ მსჯელობა“.

დავით გურწიევი, ალიკ ტაბოევი
დავით გურწიევი, ალიკ ტაბოევი

კონფლიქტოლოგი ცხინვალიდან სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ სიის ამ სახით წარდგენა არის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების სირცხვილი, რადგან თუ უცხოელი პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ სიაში გარდაცვლილები არიან შეყვანილი, ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს:

„ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობამ და მისმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ზერელედ და როცა ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როგორიც არის ტატუნაშვილ-ოთხოზორიას მტკივნეული თემა საქართველოსთვის, და ასე ზერელედ იმუშავებ და პარლამენტში წარადგენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცოცხლები არ არიან, და შენ მოკავშირეებს უნდა გადასცე სია, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგივე ევროკავშირის ქვეყნებს და სხვებს, რომ ეს ადამიანები არიან კანონდამრღვევები და ისინი რომ აღმოაჩენენ, რომ ეს ადამიანები არიან გარდაცვლილები და ტყუილად არიან შეყვანილი იგივე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში, ეს მოქმედებს საქართველოს პრესტიჟზე, ქართული სპეცსამსახურების პრესტიჟზე. თუ ასე დაუდევრად აპირებდნენ ამ სიის გაკეთებას, ჯობდა, რომ საერთოდ არ წარმოედგინათ ეს სია და ეთქვათ, რომ ძნელდება“.

„ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში აუცილებლად მოხვდება ყველა ჯალათი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, სიაში შეყვანილ ყველა ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში.

XS
SM
MD
LG