Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალელი ექიმები კატასტროფაზე საუბრობენ - კოვიდინფიცირებულები უჟანგბადობის გამო იღუპებიან


საველე ჰოსპიტალი ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 125 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 41-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში 15 სექტემბრის შემდეგ, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე, სულ 1 221 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიას რეგიონში 14 პაციენტი ემსხვერპლა.

ცხინვალის კლინიკებში, ე.წ. „წითელ ზონაში“, 188 ადამიანი მკურნალობს, 69 პაციენტი რუსეთის საველე-სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ განაცხადა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 1000-ს გადასცდა. ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა მსგავსია ჩრდილოეთ ოსეთისა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით, 20-ჯერ მეტია. არაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მედიკამენტებისა და ჟანგბადის დეფიციტია. არ ჰყოფნით სამედიცინო კადრები.

არ არის გამართული მუშაობა ჟანგბადის განუწყვეტლივ მოწოდებასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში დაიწყება მუშაობა...
ანატოლი ბიბილოვი

გამოჯანმრთელებულთა შორის არის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ამ კვირაში ბავშვთა საავადმყოფოში მოწყობილ კოვიდჰოსპიტალს ესტუმრა და „წითელ ზონაში“ შევიდა, იქიდან გამოსულმა კი ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა დაიწყო. ექიმების ნაწილს დეზერტირები უწოდა. მედიკამენტებისა და ჟანგბადის ნაკლებობა ასევე ჯანდაცვის სისტემას დააბრალა.

„არ არის გამართული მუშაობა ჟანგბადის განუწყვეტლივ მოწოდებასთან დაკავშირებით. ერთ კვირაში დაიწყება მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჟანგბადის ბალონები საავადმყოფოს სართულებზე არ ვზიდოთ. თუმცა ადამიანები ახლავე განიცდიან მის სასიცოცხლო მნიშვნელობას და არ უნდა ველოდოთ, როდის შეგროვდება 180 ბალონი, არამედ ოპერატიულად უნდა შემოვზიდოთ პატარა პარტიებით. არ არის ექიმებს შორის გრაფიკების გადანაწილებასთან დაკავშირებული სამუშაო შესრულებული. პაციენტების მომსახურება და მედიკამენტების მიწოდება პრობლემურია. მხოლოდ ერთი პლუსია, ექიმები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

თვალნათელია, რომ დეფიციტი დაკავშირებულია საზღვარზე ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემასა და საბაჟო კავშირის მიერ ტვირთების ახალი მოთხოვნებით გაფორმებასთან.
როლანდ ქელეხსაევი

ბიბილოვის ლოგიკით, სამედიცინო კლინიკებში ექიმებს უნდა უზრუნველეყოთ მედიკამენტებისა და ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება. ადგილობრივი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ მედიკამენტებისა და ჟანგბადის მიწოდება მთავრობის პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ხელისუფლებას ამისთვის რამდენიმე თვე ჰქონდა, რომ სათანადოდ მომზადებულიყო.

„ძალიან უცნაურია ექიმების დადანაშაულება ჟანგბადისა და წამლების ნაკლებობაში. თვალნათელია, რომ დეფიციტი დაკავშირებულია საზღვარზე ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემასა და საბაჟო კავშირის მიერ ტვირთების ახალი მოთხოვნებით გაფორმებასთან. ხელისუფლება მანამდე უნდა დაფიქრებულიყო, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი წამლებით მომარაგებაზე. დიდი ხნით ადრე აგორდა სკანდალი საავადმყოფოების წამლებით მომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით. მაშინვე ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და მოძებნილიყო კომპანია, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებდა. ამავე დროში შეგვეძლო აქვე დაგვეწყო ჟანგბადის წარმოება, მით უმეტეს, რომ 2008 წელს ჩვენ ჟანგბადის სადგური უკვე გვქონდა“, - აცხადებს როლანდ ქელეხსაევი პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

ადგილობრივი პოლიტიკოსების თქმით, ბიბილოვმა მთელი ზაფხული ოპოზიციასთან ბრძოლასა და ინტრიგების ხლართვას დაუთმო და სისტემა კოვიდ-19-თან საბრძოლველად სათანადოდ არ მოამზადა. ახლა კი, კორონაკრიზისის გარდა, პოლიტიკური კრიზისიც მიიღო. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მოსახლეობის 5 პროცენტი უკვე ინფიცირებულია და ეს კატასტროფაა.

ექიმი-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ „რესპუბლიკაში“ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

„ვითარება უკიდურესად მძიმეა. ყოველდღიურად 30-ზე მეტი ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ხდება. საავადმყოფოები გადატვირთულია. შემომსვლელები ბევრად მეტია, ვიდრე გაწერილები. გუშინწინ კატასტროფა იყო. არ გვყოფნიდა წამლები და ჟანგბადი. ვერ მოასწრეს, რომ დროულად მოეტანათ ჟანგბადი და 40 წუთის განმავლობაში საავადმყოფო ჟანგბადის გარეშე იყო. ამის გამო ორი მძიმე ავადმყოფი, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული, დაიღუპა. ჩემი გამოთვლით, 16 ადამიანია უკვე დაღუპული, თუ ჩავთვლით ქალს, რომელიც ვლადიკავკაზის ჰოსპიტალში დაიღუპა (ოფიციალური მონაცემებით, 14 დაღუპულია). დაღუპულთა ნახევარზე მეტი 80 წელს ზევითაა. ერთი ქალი 41 წლის იყო, მაგრამ მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და საქართველოში გარდაიცვალა“.

საველე ჰოსპიტალი ცხინვალში
საველე ჰოსპიტალი ცხინვალში

თვის დასაწყისში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო-საველე ჰოსპიტალი ჩაიტანეს, რომელიც 150 საწოლზე იყო გათვლილი, თუმცა ეს ჰოსპიტალი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ალექსანდრე პლიევი აცხადებს, რომ რუსულ ჰოსპიტალშიც ჟანგბადის ნაკლებობაა.

„ისინი ჩამოვიდნენ ჟანგბადის გარეშე და უფრთხიან ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციას. რესპუბლიკას ისინი უნდა მოემარაგებინა ჟანგბადით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი საავადმყოფოების მომარაგებაც არ შეგვიძლია. ამის შემდეგ ისინი (რუსები) შეთანხმდნენ ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ მხოლოდ მათ დააწვენდნენ, ვისაც ჟანგბადი არ სჭირდება. „წითელ ზონაში“ ერთ მედდაზე ახლა 30 პაციენტი მოდის, რაც უმძიმესი დატვირთვაა. ამიტომ მე ვთავაზობ შტატები გავზარდოთ. როცა მედდებიც ავად ხდებიან, მათი შემცვლელები სამორიგეოდ რჩებიან და დიდ დროს კომბინიზონებში ატარებენ. ეს საშინელებაა. შესაძლოა მედდა ასეთ კომბინიზონში დიდხანს ყოფნის გამო დაიღუპოს. სამწუხაროდ, ყველა საორგანიზაციო საკითხი უფრო ადრე უნდა გადაგვეჭრა, მაგრამ არავითარი ორგანიზება არ ყოფილა და ახლა ყველაზე მეტად ამის გამო ვიტანჯებით“, -ამბობს ექიმი ალექსანდრ პლიევი.

ცხინვალელი ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე შექმნილ კოვიდვითარებას კატასტროფულად აფასებენ. დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას ფინანსურ დახმარებას სთხოვს, მძიმე პაციენტები კი ცხინვალიდან როგორც ვლადიკავკაზის, ისე თბილისის კლინიკებში გადაჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG